04.მაისი.2016 11:37
ეკონომიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა: სარეზერვო ფონდებიდან ხარჯვა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება

საერთაშორისო გამჭვირვალობა: სარეზერვო ფონდებიდან ხარჯვა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება
„საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად“, - კვლევას სარეზერვო ფონდებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.
 
ამ ფონდებიდან ხარჯვის მიმართულებებს შესაბამისად მთავრობა და პრეზიდენტი განსაზღვრავენ. როგორც არასამთავრობოს აღნიშნავს, შემაშფოთებელია, რომ სარეზერვო ფონდებიდან უკონტროლო ხარჯვა, რაც წინა ხელისუფლების პირობებში საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, კვლავ გრძელდება.

2015 წლის ნოემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებებით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარიდან 85 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ხაზინის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 168 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება ბიუჯეტით გათვალისწინებულს.

"ბიუჯეტის შედგენისას საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების სწორად და წინდახედულად დაგეგმვის შემთხვევაში მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების სარეზერვო ფონდებიდან შევსების მოთხოვნების მოცულობა შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს. ამდენად, სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების დიდი ნაწილის პროგნოზირება ბიუჯეტის დაგეგმვის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში სრულიად შესაძლებელია.

წინა ხელისუფლების პირობებში პრობლემას წარმოადგენდა როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის სარეზერვო ფონდები. ამჟამად კი, პრობლემას მთავრობის სარეზერვო ფონდი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯვა არ სცილდება ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ზედა ჭერს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი მნიშვნელოვნად სცილდება.

1. სარეზერვო ფონდები: პრობლემები

1.1. სარეზერვო ფონდების თანხების გადახარჯვა: გამოწვეულია იმით, რომ მხარჯავი დაწესებულებები სათანადოდ ვერ გეგმავენ საკუთარ ბიუჯეტს, რის გამოც, უხდებათ დაუგეგმავი ხარჯების გაწევა. ეს დაუგეგმავი ხარჯები კი შემდეგ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

მხარჯავი დაწესებულებები კი საკუთარი ბიუჯეტის კარგად ვერ გეგმავენ იმ მიზეზის გამო, რომ ელექტრონული საბიუჯეტო განაცხადი, რაც ბიუჯეტის დასაგეგმად გამოიყენება, ვერ უზრუნველყოფს მიზნების მისაღწევად ყველა ღონისძიების დაგეგმვის და ხარჯების მოკლე და საშუალო ვადიან შედეგებთან დაკავშირების საშუალებას. თუ დაწესებულება წინა წელს, როცა ბიუჯეტიდან ფულს ითხოვს, სრულად ვერ განსაზღვრავს მომდევნო წელს რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს, ბიუჯეტში, შესაბამისად, ვერც ხარჯებს გაითვალისწინებს, ხოლო როცა გაახსენდება, რომ რაღაც გასაკეთებელი აქვს, ცხადია საკუთარ ბიუჯეტში იმ ფულს, რაც არ მოუთხოვია, ვერ აღმოაჩენს, რის შემდეგაც იძულებულია ეს ფული სარეზერვო ფონდიდან მოითხოვოს.

1.2. სარეზერვო ფონდების შევსების გაუმჭვირვალე მექანიზმი: დღეს სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად კვლავ მათი შევსების და ხარჯვის გაუმჭვირვალე მექანიზმი რჩება. როგორც ადრე, ისე ახლა, ხშირად, სარეზერვო ფონდები თითქმის მთლიანად პირველ და მეორე კვარტალში იხარჯება და მომდევნო პერიოდში კი კვლავ ივსება.

1.3. მთავრობის სარეზერვო ხარჯები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბიუჯეტიდან ჩანს: საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი (280 მილიონი ლარი) სარეზერვო ფონდების კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა ყველა ნიშნით სარეზერვო ფონდია, რადგან ამ ფონდიდან ხარჯვა წინასწარ არ იგეგმება, იშვიათი გამონაკლისების გარდა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სარეზერვო ფონდებისგან ერთადერთი ფორმალური განმასხვავებელი არის ის, რომ საბიუჯეტო კოდექსი ფორმალურად არ უშვებს ამ ფონდიდან გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევას. საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სარეზერვო ფონდად რომ იწოდებოდეს, ამ შეზღუდვას ისიც უნდა დაემატოს, რა შემთხვევაშიც სარეზერვო ხარჯვა საგრძნობლად გადააჭარბებს კოდექსით დადგენილ 2%-იან ზღვარს. ამჟამად პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. ეს ორი ფონდი 2%-ს არ სცილდება, თუმცა ვინაიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც არსებითად სარეზერვო ფონდია, მთავრობის სარეზერვო ხარჯვა მნიშვნელოვნად აჭარბებს დადგენილ ლიმიტს – მთლიანი საბიუჯეტო ასიგნებების 2%-ს.

1.4. სარეზერვო ფონდებზე „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ გავრცელება: სარეზერვო ფონდებზე დღეს არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები, რაც ამ ფონდებს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის და მათი თვითნებური ხარჯვის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. საქართველო ნამდვილად არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სარეზერვო ფონდებზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა არა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების, არამედ ფორს-მაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

1.5. სარეზერვო ფონდიდან ხარჯვის კანონთან შესაბამისობა: აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის 26% (დაახლოებით 44 მილიონი ლარი) მოდის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მთავრობის 23 სხვადასხვა აქტით გადაცემულ ტიპის ტრანსფერებზე, რომელთა ერთი ნაწილი სრულიად გაურკვეველია.

ამ ტრანსფერების დიდი ნაწილი არ არის არც გათანაბრებითი, არც მიზნობრივი, არც სპეციალური და არც კაპიტალური (სხვა ტრანსფერს კი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი არ ცნობს), ვინაიდან:

კაპიტალური ტრანსფერი უნდა იწვევდეს ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდას, მაშინ როცა ამ ტრანსფერების ნაწილით დაფინანსებული ღონისძიებები ნამდვილად ვერ გამოიწვევს ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდას;

სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების(ზიანის) სალიკვიდაციოდ, მაშინ როცა ამ ტრანსფერების უმეტესობა არ გამოყოფილა ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის;

არცერთი გაცემული ტრანსფერი არ არის გათანაბრებითი, რადგან გათანაბრებითი ტრანსფერი სპეციალური ფორმულით ითვლება და გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით;

მიზნობრივი ტრანსფერის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინებას აქვთ თავისი წესი, რაც არცერთი ამ ტრანსფერის შემთხვევაში არ არის დაცული.

ამგვარი დაუგეგმავი ხარჯვა საფუძველს აცლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გათანაბრების, მათ შორის, მათთვის საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების გათანაბრების დეკლარირებულ პოლიტიკას (საბიუჯეტო კოდექსის 71-ე მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტები).

2. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

სარეზერვო ფონდების (contingency funds) ხარჯვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესასწავლად ჩვენმა კონსულტაციებმა სლოვენიის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ესტონეთის და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროებთან გვაჩვენა, რომ ამ ქვეყნებში:

სარეზერვო სახსრები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება", - ნათქვამია კვლევაში. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ აუცილებელია საბიუჯეტო კოდექსით დადგინდეს სარეზერვო ფონდებიდან ხარჯვის ძირითადი სამი პრინციპი, კერძოდ ხარჯები სარეზერვო ფონდებიდან გაწეულ იქნეს მხოლოდ:

1. ფორს-მაჟორული მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად და არა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. გაუთვალისწინებელი ხარჯი იმდენად ზოგადი ცნებაა, რომ აქ შეიძლება მოაზრებულ იქნეს ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ამა თუ იმ მხარჯავმა დაწესებულებამ თავისი წინდაუხედაობის და ბიუჯეტის ცუდად დაგეგმვის გამო არ გაითვალისწინა;

2. გადაუდებელი აუცილებლობის, ანუ იმ ვითარების შემთხვევაში, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან ქონებას;

3. ისეთი ხარჯების დასაფარად, რომელთა პროგნოზირება ნამდვილად შეუძლებელია, მაგალითად, მთავრობის გარანტიით აღებული სესხის გადაუხდელობა.



14.დეკემბერი.2018 19:53
215

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 19:25
214

"დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს - საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
145

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:00
157

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
147

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
98

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად