მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გამჭირვალობა: "გაზპრომთან" მოლაპარაკებები კითხვებს ბადებს

564c32d52d90f
BM.GE
18.11.15 12:03
1663
"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველომ" ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე ენერგეტიკის სამინისტროს წერილით მიმართა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის მოხმარებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 120 დოლარს, ხოლო თბოსადგურებისათვის კი 143 დოლარს შეადგენს (მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები, სხვა მომხმარებლებისაგან განსხვავებით, შედარებით იაფ გაზს მოიხმარენ. შესაბამისად, მომხმარებელთა ეს ორი ჯგუფი ე. წ. "სოციალურ სეგმენტს" წარმოადგენს). რაც შეეხება ე.წ. "კომერციული გაზის" საფასურს, ამ შემთხვევაში საერთო, უნივერსალური ტარიფი დადგენილი არ არის და კერძო კომპანიები სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, მომწოდებელთან ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე თანხმდებიან ბუნებრივი აირის ღირებულებასა და მოცულობაზე.

როგორც არასამთავრობოში განმარტავენ, 2014 წელს საქართველოს ბაზარზე გაზის ჯამურმა მიწოდებამ 2.193 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, საიდანაც 2.183 მლრდ კუბური მეტრი იმპორტირებული იყო.

მათივე ინფორმაციით, რუსეთიდან სომხეთში განხორციელებული ტრანზიტიდან საქართველომ წლიური 10 პროცენტის სახით 2014 წელს 267.77 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღო, აზერბაიჯანიდან სამხრეთ კავკასიური მილსადენის მეშვეობით - საერთო ჯამში 686.02 მლნ მოცულობის ბუნებრივი აირი, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიიდან (კომერციული) კი - 1.211 მლრდ მოცულობის ბუნებრივი აირი. 2014 წელს საქართველომ ბუნებრივი აირი მცირე მოცულოით სომხეთისგანაც მიიღო - "ერევანსკაია ტეც"-დან 18.13 მლნ კუბური მეტრის მოცულობით - ხოლო 10 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირი ადგილობრივი წარმოებიდან იქნა მოპოვებული. ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნის 87% აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირი ავსებს, ხოლო დანარჩენილი 13% რუსეთიდან სომხეთში განხორციელებული ტრანზიტიდან, ადგილობრივი წარმოებიდან და სომხეთიდანა არის მიღებული.

"აღსანიშნავია რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე მოთხოვნა იზრდება. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მოთხოვნამ დაახლოებით 265 მლნ კუბური მეტრით მეტი შეადგინა, ხოლო 2015 წლის პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით, მოხმარება 266 მლნ კუბური მეტრითაა გაზრდილი. მოთხოვნის ზრდის ფონზე, ყოვეწლიურად იზრდება აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობაც - საშუალოდ 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით. მაგალითად, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს აზერბაიჯანმა დაახლოებით 175 მლნ კუბური მეტრით მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდა საქართველოს, ხოლო 2015 წელს იმპორტი დაახლოებით 272 მლნ კუბური მეტრით გაიზარდა. გაზრდილი მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს საქართველო ზემოხსენებული წყაროებიდან ავსებს.

სწორედ ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნის კონტექსტში საინტერესოა Socar Georgia-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადება. მან საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების, მათ შორის კახა კალაძის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს პრემიერის მოულოდნელი და დაუგეგმავი ვიზიტი პრეზიდენტ ალიევთან. საგულისხმოა საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადებაც: „აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვები აქვს. 100 წლის შემდეგაც შეუძლია გაზით, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მეზობლები და ევროპაც მოამარაგოს.” ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის შეფასებით, ილჰამ ალიევი თავის განცხადებაში კომერციულ გაზსს არ გულისხმობდა. ვიცე-პრემიერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ვერ უზრუნველყოფს კომერციულ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას და რომ საქართველოს ხელისუფლება გაზპრომს სწორედ ამიტომ დაუკავშირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ბუნებრივია, მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს ან უარყოს, მართლაც აქვს თუ არა აზერბაიჯანს საქართველოს ბაზრის მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აზერბაიჯანულ მხარეს საჯაროდ არასდროს უთქვამს, რომ მათ საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლოთ. უფრო მეტიც, „სოკარი” საპირისპირო შინაარსის შემცველ განცხადებებს აკეთებდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ სცადა საქართველოს ენერეგეტიკის სამინისტრომ გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ აზერბაიჯანულ მხარესთან (რომლიც ამავე დროს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია) დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებაზე მოლაპარაკებების დაწყება; განსაკუთრებით, იმ გარემობის გათვალისწინებით, რომ მინისტრი ამჯერად არა დივერსიფიკაციაზე, არამედ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე აკეთებს აქცენტს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ამ საკითხის განსახილველად შეხვედრა არ გამართულა.

საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო დამატებით ბუნებრივ აირს „შაჰდენიზი 2”-ის ამოქმედების შემდეგაც მიიღებს. 2013 წლის 17 დეკემბერს კახა კალაძემ განაცხადა: „მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ დამატებით ბუნებრივ აირს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”. არსებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც, გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. თუმცა,, „„შაჰდენიზ 2-ის” პროექტი 2017 წლიდან ამოქმედდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის ანგარიშის (გვ.73) მიხედვით, გასულ წელს მთლიან მოხმარებაში არაკომერციული გაზის წილმა (საყოფაცხოვრებო და თბოსადგურები) დაახლოებით 57% შეადგინა. დანარჩენი 43% კი კომერციულ მოხმარებაზე მოდის, რომელსაც ინდივიდუალური სუბიექტები ბუნებრივი აირის იმპორტიორებისგან ინდივიდუალური შესყიდვის საფუძველზე ახორციელებენ.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის N69 ბრძანების საფუძველზე გაზის ბაზარი საქართველოში პირობითან ორ ნაწილად იყოფა. რეგულირებადი ნაწილი (ე.წ „სოციალური გაზი”) და დერეგულირებული სფერო (ე.წ „კომერციული გაზი”). როგორც ვხედავთ, კომერციული გაზის შესყიდვის საკითხი დერეგულირებად სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, კერძო სუბიექტებს გაზის მომწოდებელ ნებისმიერ კომპანიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების საფუძველზე შეუძლიათ შეიძინონ გაზი. სოციალურ გაზზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანიზიტიდან მიღებულ 10 პროცენტის გარდა, საქართველო ყოველწლიურად იღებდა რუსეთისგან დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს 2013 წლის გამოკლებით. შესაბამისად, თუკი საქართველოსა და „გაზპრომს” შორის ტრანიზიტიდან დამატებითი ბუნებრივი გაზის მიღებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ მიღებული დამატებითი მოცულობა „სოციალურ გაზს”” მოხმარდება.

საქართველოს შიდა ბაზარზე ბუნებრივ გაზზე გაზრდილ მოთხოვნას, ცხადია, დაკმაყოფილება სჭირდება. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ „გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები და წინააღმდეგობები ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს.

მაგალითად, თუკი კომერციულ ბაზარზე გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, რატომ არ მიმართეს თავად კომერციულმა სუბიექტებმა სხვადახვა მომწოდებლებს ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოცულობის შესყიდვის მიზნით და რატომ ჩაერთო ამ პროცესში ხელისუფლება? იმ შემთხვევაში კი, თუ მოლაპარაკებები მაგისტრალური გაზსადენიდან ტრანიზიტის სანაცვლოდ მიღებული გაზის მოცულობის გაზრდაზე მიმდინარეობს, მოსალოდნელია, რომ მიღებული დამატებითი მოცულობა „სოციალურ გაზს” მოხმარდება და არა კომერციულ სეგმენტს, რადგან ამჟამად ტრანიზიტიდან მიღებული 10% სწორედ „სოციალურ გაზზე” მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხმარდება. ამდენად, გაუგებარია, რატომ ხდება ამ მიმართულებიდან გაზის დამატებითი მოცულობის წამოღების შემთხვევაში მისი კომერციულ სეგმენტთან დაკავშირება?

აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებულმა ბოლო წერილმა, რომლის თანახმად:

"გაზპრომთან“ ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებების ძირითადი საგანი „გაზპრომექსპორტთან“ არსებული სატრანზიტო ხელშეკრულების ვადა და სხვა ტექნიკური პირობებია (და არა კომერციული კომპანიებისათვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის შეძენა);

კომპანია „გაზპრომიდან“ სახელმწიფო ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგანაც სოციალური სექტორის გაზმომარაგება უზრუნველყოფილია მოქმედი გრძელვადიანი ხელშეკრულებებით. სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდა კი დამოკიდებულია რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის გაზრდაზე;

სამინისტრომ დაგვიდასტურა, რომ კომერციულ სუბიექტებს აქვთ სრული თავისუფლება თავად შეარჩიონ ვისგან და რა ფასად შეიძენენ ბუნებრივ აირს. მათ შორის, კომპანია "გაზპრომის" შემთხვევაშიც.

კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს მონაწილეობა "გაზპრომსა" და ადგილობრივ კომერციულ სუბიექტებს შორის მოლაპარაკებებში საჭირო არ არის, რადგან მათ, საკუთარი კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, შეუძლიათ მოლაპარაკებების გამართვაც და მისაღები პირობების შემთხვევაში, ხელშეკრულებების გაფორმებაც. ენერგეტიკის სამინისტროსთვის უცნობია თავად კომერციული კომპანიები აწარმოებენ თუ არა „გაზპრომთან” მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის შესყივდის თაობაზე.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს „გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საზოგადოების სრული ინფორმირება და პროცესის გამჭვირვალობა, ხოლო არსებულ შეკითხვებს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი გასცეს", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცია, "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში".