მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორი განახლებულ მთავრობასთან კონსულტაციებს გეგმავს

5b27bfcbe61b0
მაია ბიწაძე
18.06.18 18:39
602
სადაზღვევო კომპანია "უნისონის" დირექტორის ვასილ ახრახაძის განცხადებით, სადაზღვევო სექტორი სამომავლოდ მთავრობასთან აქტიურ კონსულტაციებს გეგმავს. მათ იმ საგადასახადო საკითხების განხილვა სურთ, რის წინაშეც ეს სექტორი აღმოჩნდა. ამის შესახებ მან "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა. საუბარია მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო სექტორს ამ ეტაპზე არ შეეხო და 2023 წლამდე გადავადდა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ფინასთა სამნისტროსთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან უფრო აქტიური იყო ეკონომიკის სამნისტრო, ვიდრე ფინანსთა სამინისტრო. მაშინ, როდესაც ჩვენ ფინანსური სექტორი ვართ და უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან გვქონოდა. ჩემი სუბიექტური აზრით, ამან გამოიწვია არათანხვედრი ნაბიჯები და სადაზღვეო სექტორს არ შეეხო ესტონური მოდელი, რაც არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ვაპირებთ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პირველი იანვრიდან არათანაბარზომიერი მოსაკრებელი დაგვიწესდა, ეს არის ჩვენი ბრუნვის 1%, ე.წ საზედამხედველო გადასახადი, რაც ჩვენი მოგების 20-25%-ს შეადგენს. ამას თუ დავამატებთ კიდევ იმ ფაქტორს, რაც გამოწვეულია ესტონური მოდელის არ შეხებით, საკმაოდ მაღალ საგადასახადო მარჟებზე გავდივართ, რის გამოც ეს სექტორი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველობას კარგავს" - განაცხადა ვასილ ახრახაძემ და დასძინა, რომ მზად არის მჭიდროდ ჩაერთოს მთავრობასთან კონსულტაციებში, რადგან მიაჩნია, რომ სადაზღვევო მექანიზმების აქტიურად გამოყენების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ვერ მოხდება.

"საჭიროა მთავრობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია, საერთაშორისო გამოცდილებისა და კონსულტანტების მეტი ჩართულობა", - განაცხადა მან.