მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შეიძლება შეგხვდეთ ტექნობასი?

5c0c3a95d96be
ელენე კვანჭილაშვილი
09.12.18 11:13
995
"დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ - ეს არის სულ ახალი ტექნობასის იდეა. ტექნობასი ნამდვილი ბრენდირებული ავტობუსია, რომელსაც სტარტ-აპერები ქირაობენ იმისთვის, რომ რეგიონებში იარონ და ინტერაქტიური პრეზენტაციების და თამაშების გზით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაუჩინონ და გაუღვივონ.

ინიციატივის ერთ-ერთი მოთავე ვატო ველიაშვილია, რომელსაც BMG-ის მკითხველი და განსაკუთრებით, საქმიანი დილის მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. ვატო ველიაშვილი, რომელიც დღეს უკვე წარმატებულ სტარტ-აპს - ინგლისური ენის შემსწავლელ პლატფორმას Lingwing-ს ფლობს და მართავს, ტექნობასის პროექტის ერთ-ერთი მენეჯერიცაა.

"დაემგზავრე ტექნოლოგიებს" მხოლოდ ფრთიანი ფრაზა არ არის. როგორც ვატო ველიაშვილი გვიყვება, ზოგჯერ წარმატებულ სტარტაპერებთან შეხვედრები რეგიონის ყველაზე მსხვილ სკოლაში იმართება, სხვა სკოლებიდან მოსწავლეები კი სწორედ ტექნობასს მოჰყავს.

"ვცდილობთ რაც შეიძლება დიდი სკოლები და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე მოვიცვათ, რადგან 21-ე საუკუნეში ყველაფერი ტექნოლოგიებზე კონცენტრირებულია“, - ამბობს ვატო ველიაშვილი, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად, დღეში სულ მცირე რეგიონის სამ სკოლას სტუმრობს და უშუალო ინტერაქცია აქვს ძირითადად მეშვიდე-მეთერთმეტე კლასის საშუალოდ 500-600 მოსწავლესთან.

უახლესი ასეთი ინოვაციურ-შემეცნებითი მოგზაურობა იმერეთში ჰქონდა. ტექნობასმა ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, თერჯოლის და ზესტაფონის სკოლები მოიარა, ჯამში 750 კილომეტრი გაიარა და ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციური ხედვები 2000-ზე მეტ მოსწავლეს გაუზიარა.

ვატო ველიაშვილის შეფასებით, მოსწავლეები შეხვედრების დროს აქტიურობენ, პრეზენტაციებზე დეტალურ კითხვებს სვამენ და სრულიად კონკრეტულ უნარებსაც იძენენ. „ვცდილობთ, ადრევე დაიწყონ ონლაინ-სწავლა. იცოდნენ ონლაინ-დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენი წარმატების საზომი მათი აქტიურობა და ჩართულობაა“, - ამბობს ვატო ველიაშვილი, რომელიც კვიპროსში ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბანაკის - TechCamp-ის მონაწილეა.

ინტერაქტიურ შეხვედრებზე ძირითადი სპიკერები სტარტაპერები არიან - ცოცხალი მაგალითები იმისა, რომ ინოვაცია შეიძლება წარმატებულ ბიზნესად აქციო. უკვე ნახსენები Lingwing-ის გარდა, ახალგაზრდების ინოვაციურ სამყაროში უკეთ ორიენტირებაზე ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები- Wizard Quests და Step Academy-ც ზრუნავენ.
პროექტს 60 ათასი ლარით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA აფინანსებს. სამომავლო გეგმებში სპიკერების დამატება და ავტობუსის ქირაობის ნაცვლად, საკუთარის შეძენაც შედის . ვატო ველიაშვილი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ღია ცის ქვეშ გამართული ინტერაქტიური და ინტენსიური შეხვედრები მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და ინფორმაციული იქნება. თუმცა მანამდე - ტექნობასის რიგში კახეთი დგას.