მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის საკოორდინაციო შტაბში კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

5b7a6f3d202b1
BM.GE
20.08.18 11:33
747
რთველის პროცესში ჩართვის მსურველ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს დღეიდან უკვე შეუძლიათ შტაბში დარეგისტრირება. 2018 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა ქალაქ თელავში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„საკოორდინაციო შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ყურძნის კრეფა უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და შემდეგ ეტაპობრივად მთელს კახეთს მოიცავს. შტაბი რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

საკოორდინაციო შტაბის ფუნქციაა რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა. ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა.

2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.