მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

5b547492ad43b
BM.GE
22.07.18 16:15
690

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 28 კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს უკვე შეუძლიათ გადაადგილება.

 
სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე  მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში  კი გაიჭრა 6 მ.  სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა,  დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.
ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე   უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. 

,,ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, აქ გზა არასდროს არ გადიოდა და ეს იქნება გზა რომელიც დააკავშირებს როშკას არხოტთან. რამდენიმე კვირის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა გზის მშენებლობაზე.  სამწუხაროდ, იმ დროისთვის გზა არ იყო დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, გასაწმენდი და დასასრულებელი იყო გარკვეული მონაკვეთები. ჩვენ შევპირით მოსახლეობას, რომ ათენგენობას მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეძლებდნენ გადაადგილებას და ეს პირობა შევასრულეთ. ამ ეტაპზე ათი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, ვფიქრობთ რომ დიდი ნაწილი სამუშაოების შესრულდება, თუმცა ახლანდელი მონიტორინგის შედეგად გვრჩება შთაბეჭდილება რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო სამუშაოების დათქმულ ვადებში მოსასწრებად“  - აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.   სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს  რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.