მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია სესხების გაცემაზე მოქმედი რეგულაციების გაუქმებას ვარაუდობს

5c62dbb56752c
დათო ჯალაღონია
12.02.19 19:40
4432
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების გამკაცრებული პოლიტიკა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ შერბილდება.

ასე გამოეხმაურა კაკულია BM.GE-სთან საუბრისას, სამშენებლოს სექტორის იმ წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან იპოთეკური სესხების გაცემა და შესაბამისად, ბინების გაყიდვები შემცირდა.

„როდესაც ინიციატივა შევიდა ძალაში, მაშინვე ვთქვით, რომ დღევანდელ ეკონომიკაში ვერ მოხდება ისეთი ცვლილებების შეტანა, რომ ყველა მხარე თანაბრად დარჩეს კმაყოფილი. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. ჩვენ გვქონდა მეორე პრობლემა - ახლა იმ პრობლემაზე აღარ ვსაუბრობთ და ვიწყებთ საუბარს გარკვეულ შემცირებებზე გაყიდვებში. ვინც იყენებდა ამ პროდუქტს, ხომ ვთქვით, რომ ის გაუაზრებლად იყენებდა. ვიღაცეები ამბობენ, რომ ცოდნის დონე უნდა გავზარდოთო, მაგრამ ცოდნის დონე და შემეცნება რა დონეზე შეიძლება, გაიზარდოს საქართველოში, ვინც იცის, ხვდება, რომ ეს საკმაოდ გრძელვადიანი თემაა. მე დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ეს რეგულაცია გაუქმდება და სწორედ დღევანდელი რეგულაცია გაზრდის ცოდნის დონეს და დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. მე არ ვთვლი, რომ ეს მუდმივი რეგულაციაა“, - განაცხადა კაკულიამ.

დეველოპერები BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ სესხების გაცემაზე მოქმედი შეზღუდვების გამო, ბინების გაყიდვები გასული წლის იანვართან შედარებით, რიგი კომპანიებისთვის - 30%-ის, რიგ შემთხვევაში კი, 70%-ის ფარგლებში შემცირდა.

შეგახსენებთ: 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა.