მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის

5c49742c54644
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.19 12:25
4217
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის მექანიზმის შემოღების მომხრეა.

როგორც დეპუტატმა დღეს განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან უკვე ჰქონდა.

დეპუტატის თქმით, საწყის ეტაპზე შესაძლოა, კომპენსაცია არ იყოს დიდი მოცულობის, თუმცა ასეთი მექანიზმის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია.

“უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგავს სამსახურს, მის მიმართ გვქონდეს პასუხი - რა ვუთხრათ “საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არ გვაქვს?” მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია, რომელიც შეკრავს ლოგიკას. თუ ჩვენი ღია, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიმე კომპანია დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და მისი პროდუქტი აღარ იქნება ბაზრისთვის მიმზიდველი, იქ დასაქმებულთა მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი.

უმუშევრობა როდესაც დგება სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი, ეს უნდა იყოს კომპენსაცია და სწავლებები, რათა ადამიანი ახალ უნარებს დაეუფლოს, რაც მას შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგება.

ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა. თუ მომავალში გაჩნდება ეს შესაძლებლობა, მე ამას მივესალმები. ჩემი აზრით, არის ბიუჯეტში მრავალი ხარჯი, რომლის შემცირებაც არის შესაძლებელი. მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტრომაც იცის ჩემი პოზიცია, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სამსახურებიც გაუქმდება იმის გამო, რომ მათმა დამსაქმებლებმა ვერ შეძლეს კონკურენციაში შესვლა უცხოურ საწარმოებთან, მათთვის ჩვენ პასუხი უნდა გვქონდეს. მაგალითად, რა პასუხი უნდა გვქონდეს აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულებთან, რომლებიც სახლში წავიდნენ? შესაძლოა, პირველ ეტაპზე კომპენსაცია არ იყოს იმ ოდენობის, რაც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება,”- ამბობს კაკულია.