მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვაქციოთ ჰობი შემოსავლიან საქმედ, - ნასესხები ფულით დაწყებული ბიზნესის წარმატების ისტორია

5979d9a25357d
ელენე გოგბერაშვილი
27.07.17 16:14
2091
მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტი, ველოტურები და თავგადასავლები - ეს აქტივობები ბევრი ადამიანისთვის დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა ბექა ირემაშვილისთვის მოგზაურობისა და ველოსიპედის სიყვარული ბიზნესის დაწყების მთავარი ინსპირაცია გახდა. 2012 წელს მან კომპანია Georgian Extreme Ways სწორედ იმ ადამიანებისთვის შექმნა, ვისთვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი რეკრეაციასთან, ადრენალინთან და სპორტთან არის დაკავშირებული. კომპანია მომხმარებელს ველოტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

"2007 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. მოხდა ისე, რომ ამ პერიოდში გამათავისუფლეს სამსახურიდან. ამან მიბიძგა საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე მეფიქრა. ზოგადად მოგზაურობა, ბუნება და თავგადასავლები ძალიან მიზიდავს, განსაკუთრებით ველოსიპედით მოგზაურობა. იდეაც მალევე გამიჩნდა, რომლის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო და ფინანსები დასჭირდა’’, - ამბობს ბექა ირემაშვილი.

სანამ იდეას ბიზნესად აქცევდა გახსნა ცეკვის სტუდია, რამაც შანსი მისცა გაეკეთებინა მცირე დანაზოგი. 2012 წელს აღებული ვალით, დანაზოგით და იმ დროისთვის მოძიებული პარტნიორის დახმარებით, შეისყიდა ველოსიპედები და საქმიანობა 5 წლის შემდეგ დაიწყო.

როგორც ბექა ამბობს, საქმემ გაამართლა და დღეს Georgian Extreme Ways-ს კარგად იცნობს მოგზაურობის მოყვარული საზოგადოება.

"მომხმარებელს ვთავაზობთ მთის ,,mtb cross country’’-ს ტიპის ველოტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე, გვაქვს კორპორატიული შეთავაზებები. ჯერჯერობით მხოლოდ ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ ველოტურებს, მაგრამ აქტიურად ვემზადებით, რომ განსხვავებული მთის ველოტურები შევთავაზოთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც’’-განუცხადა ბექა ირემაშვილმა "საქმის კურსს’’.

შეიძლება ითქვას, უკვე შემდგარი ბიზნესმენი დაინტერესებულია ველოტურები, როგორც შიდა ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება, მეტად განავითაროს და გაცილებით მეტი ადგილობრივი მომხმარებელი აზიაროს იმ ბედნიერებას, რასაც ველოსიპედით მოგზაურობა ჰქვია.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში, დაინტერესება არსებობს. გვყავს კონკურენტებიც, თუმცა ჩვენი უპირატესობაა საკუთარი ინვენტარი, რომლის გაფართოვებასაც ყოველ წელს ვცდილობთ", - ამბობს "Georgian Extreme Ways"-ის დამფუძნებელი.

"Georgian Extreme Ways’’ წელს "თიბისი ბანკისა’’ და "ჯეოსელის’’ პროექტ "ბიზნესდაჯილდოება 2017’’-ის "წლის ტურისტული ბიზნესის" ნომინაციის ერთ-ერთი მონაწილეა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ყვება, პროექტში მონაწილეობა მათთვის დიდი სტიმულია და სურს, თავისი წარმატების ისტორია სხვებისთვის ახალი საქმის წამოწყების ინსპირაცია გახდეს.

"გულის სიღრმეში გამარჯვების მოლოდინი მაქვს. შრომის ფასი ნამდვილად ვიცი. პროექტში მონაწილეობა დიდი სტიმულია ჩვენისთანა დამწყები ბიზნესისთვის. ყველას წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს Georgian Extreme Ways-ის დამფუძნებელი, ბექა ირემაშვილი.