მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შესრულდა სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა?

5c1cbcc41c7d4
ელენე ჩომახიძე
21.12.18 15:23
776
მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმის სამი ტალღისა და რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, სასამართლო სისტემაში რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოწვევები, რაც სისტემური და ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს და სასამართლოს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და ინსტიტუციური ხარვეზები დროულ და ეფექტიან გადაწყვეტას მოითხოვს.

ამის შესახებ სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, EMC-მმა და IDFI-მ მოამზადა.

ანგარიშში ვკითხულობთ, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების 24% შესრულებულია, 33% ნაწილობრივ არის შესრულებული, ხოლო 43% შეუსრულებელია.

„გამჭვირვალობის საკითხთან ბმაში არსებული აქტივობებიდან შესრულებულია მხოლოდ ხუთი. მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხები, შეიძლება ითქვას, სათანადო ყურადღების მიღმა არის დარჩენილი. შესაბამისად, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდისა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, პასუხისმგებელმა უწყებებმა საქმიანობა შემდგომი მიმართულებით წარმართონ:

• კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, დანერგვა და მონიტორინგი;
• სტატისტიკის ერთგვაროვანი წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა ვებგვერდებზე და კომუნიკაციის სხვა არხებში;
• სასამართლო გადაწყვეტილებათა ავტომატური გამოქვეყნების პროგრამის შემუშავება და გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემის დანერგვა და სხვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საყურადღებო გამოწვევებად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე მუშაობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების არასაკმარისი ჩართულობა, სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაბალი ხარისხი, სასამართლოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობისათვის მოქნილი და გამოყენებადი პლატფორმის არარსებობა დასახელდა.