მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეამცირებს მედიკამენტების ფასს მთავრობა?

5b0513c243d55
BM.GE
23.05.18 11:06
2009
ჯანდაცვის სამინისტრომ დაანონსებული ააიპ-ი დააფუძნა. "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" - ამ სახელწოდებით იფუნქციონირებს პროგრამა, რომელმაც პენსიონირებისთვის და შშმ პირებისთვის გარკვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების ხელმისაწვდომობა („შესაძლო ფასების განახევრება“) უნდა უზრუნველყოს.

"სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს, სადაც ყველა კომპანიას ექნება მონაწილეობის მიღების უფლება. მედიკამენტები, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით შეირჩევა, თუმცა აქცენტი ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებების მკურნალობისთვის აუცილებელ ესენციალურ მედიკამენტებზე გაკეთდება", -აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი, რომელიც "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" გამგეობის თამჯდომარეა.

მისივე თქმით, ააიპ 2 დღის წინ დარეგისტრირდა და მის დამფუძნებლებს შორის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია და ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია ჯი -ემ -პია.

"ჩვენ ფასების მოკვლევაც დავიწყეთ, ამაზე საუბარი სულ მიმდინარეობს და არც პოლიპრაგმაზიის(ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნა) პრობლემაა ვინმესთვის უცხო და აუცილებელია, ამ საკითხების უფრო საფუძვლიანი ანალიზი,“-აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, ააიპ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და მისი ბიუჯეტი ამ ეტაპზე ასოციაციისა და ჯი-ემ-პის შენატანებით განისაზღვრება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე ახალი ორგნიზაციის შექმნა დაანონსა რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვყომობას უზრუნველყოფდა.