მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მივიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში?

5b23b4be1914c
ლევან თაღიაშვილი
18.06.18 21:00
2575
როგორ შეიძლება ევროპაში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება და რა არის ამისათვის საჭირო? ამის გასაგებად BM.GE საერთაშორისო ინტელექტისა და განათლების სკოლის (ISIE) ყოფილ პრეზიდენტს, მარიამ ხორავას გაესაუბრა.

-რა ტიპის გაცვლითი პროგრამა აქვს ISIE-ს?

უკვე რამდენიმე წელია ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE AIESEC-თან პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს გაცვლით პროგრამებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და მათთვის ევროპული გამოცდილების მიცემა. საერთაშორისო მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამა ევროპაში “Global Volunteer” 18-დან 29 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განვითარდნენ პიროვნულად, დახვეწონ ინგლისური ენის დონე, შეიძინონ მეგობრები საერთაშორისო ასპარეზზე და რაც მთავარია მიიღონ ევროპული გამოცდილება.

-რას მოიცავს პროგრამა?

საერთაშორისო მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამა მოიცავს "აიესაის" მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან “პიროვნული განვითარების სემინარებს” საქართველოში და AIESEC-ის ექვსკვირიან გაცვლით პროგრამას ევროპაში.

-რას გულისხმობს უშუალოდ ექვსკვირიანი გაცვლითი პროგრამა?

მონაწილეები ექვსი კვირის განმავლობაში შერჩეული პროგრამის ფარგლებში ჩაატარებენ სემინარებს/პრეზენტაციებს/ვორკშოპებს განსაზღვრულ მიზნობროვ აუდიტორიასთან (მოსწავლეები, სტუდენტები), რაც დამოკიდებულია მონაწილის მიერ წინასწარ შერჩეულ პროგრამაზე. შეხვედრების თემატიკაც მონაწილის მიერ შერჩეულ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ძირითადად თემების ჩამონათვალი შემდეგია: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი. მოხალისეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ აისეკის ლოკალურ ღონისძიებებში, აქტივობებში. ეს კი მათ სურვილზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, “Global Volunteer” უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც გამოწვევებისათვის მუდამ მზადაა და უყვარს აღმოჩენები. პროგრამა მართლაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების პიროვნულ ზრდასა და განვითარებას, ასევე საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ უამრავი ახალი, უცხოელი თუ ქართველი მეგობარი. პროგრამის დასრულების ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა.

- არის მთავარი კრიტერიუმი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა ასაკობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველ ახალგაზრდას, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არა მხოლოდ სტუდენტს, 18-დან 29 წლის ჩათვლით. მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე. მოგეხსენებათ, პროგრამა მთლიანად ინგლისურენოვანია, ამიტომ საჭიროა მოხალისემ იცოდეს ენა მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე.

-როგორ ხდება პროგრამაზე დარეგისტრირება?

პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება მარტივად - ელექტრონულად. საჭიროა მხოლოდ ძირითადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელ-ფოსტა და ინგლისურის დონე) მითითება და რეგისტრაციაც გავლილია.

-რას მოიცავს შესარჩევი ეტაპები?

შესარჩევი ეტაპი შედგება მცირე გასაუბრებისგან, რომელსაც გაცვლითი პროგრამის წარმომადგენლები წარუძღვებიან. გასაუბრებაზე შემოწმდება, თუ რა დონეზე ფლობს ენას აპლიკანტი. გასაუბრებას გაივლის ყველა დარეგისტრირებული აპლიკატი. დაკავშირება მოხდება რეგისტრაციისას მათ მიერ მითითებულ ნომერზე.

-რა არის პროგრამაში მონაწილეობის საფასური და რა არის გათვალისწინებული ღირებულებაში?

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 720 ლარს, რომელშიც 240 ლარი “პიროვნული განვითარების სემინარების” ღირებულებაა, ხოლო 480 - გაცვლითი პროგრამის. საფასური ითვალისწინებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას (მასპინძელ ოჯახში ან საერთო საცხოვრებელში). რამდენადაც პროგრამები განსხვავდება, განახვავებულია კვებასთან დაკავშირებული პირობებიც. ზოგ შემთხვევაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, ზოგ პროგრამაში კი არა.

-საფასურში გათვალისწინებულია თუ არა მგზავრობის ხარჯები?

ბილეთის საფასურს საქართველო-ქვეყანა-საქართველო იხდის მონაწილე ინდივიდუალურად. პროგრამის საფასურში მგზავრობის ხარჯი გათვალისწინებული არ არის.



რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს