მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იზრდებოდა პენსიები

5bc86b7fccdcd
შოთა ტყეშელაშვილი
18.10.18 15:30
13156
პენსიები საქართველოში ერთერთი ცენტრალური სოციალური და პოლიტიკური საკითხია. მეტიც, ის ასიათასობით ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ამიტომაც, მისი მოცულობა წინასაარჩევნოდ ყოველთვის საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცევა. წელსაც პენსიის ზრდა საარჩევნო პერიოდს ემთხვევა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 თვეში პენსია 20 ლარით, 200 ლარამდე იზრდება.

დღეს საქართველოში 741,000 ასაკით პენსიონერი ცხოვრობს, მათგან 526,000 ქალი, 215,000 კაცია. სქესთა შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში გადიან, ხოლო მამაკაცები კი 65 წლის ასაკში. მეტიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77.8 წელია, კაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 69 წელი. შესაბამისად საშუალოდ ქალები პენსიას მთელი 17.8 წლის განმავლობაში იღებენ, როდესაც კაცები პენსიას მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იღებენ. 


ქართული პენსიის ისტორიული ექსკურსი


უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს საპენსიო სისტემამ რეფორმირების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 1995 წელს საპენსიო სისტემის შემოღება იყო. 1995 წელს დაფუძნდა სპეციალური საპენსიო ფონდი, რომელიც გადახდილი გადასახადებიდან დგებოდა, აღნიშნული შემოსავალი პენსიონერებზე ნაწილდებოდა.

პირველი საპენსიო სისტემის შემოღებისას საქართველოს სრულიად განსხვავებული დემოგრაფიული შემადგენლობა ჰქონდა. პენსიონერთა რაოდენობა 763 ათასს აჭარბებდა, რაც მომდევნო წლებში საქართველოში არსებული უკიდურესი სიღარიბისა და ფართომასშტაბიანი მიგრაციული ტალღის გამო 2003 წლისთვის 573 ათასამდე შემცირდა. პენსიონერთა რაოდენობა მინიმუმამდე 2005 წელს შემცირდა და 549 ათასს გაუტოლდა. მას შემდეგ პენსიონერთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 3%-ით იზრდება.

მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება, რადგანაც დღეისთვის ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები - 50-55 წლის ადამიანები, ანუ ე.წ. “ბეიბი ბუმერები” პენსიაზე გასვლას დაიწყებენ.

საქართველოში საპენსიო სისტემის რეფორმირების მთავარი ტალღა 2004 წელს დაიწყო. 2004 წლამდე სახელმწიფო პენსია ფინანსდებოდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ, რომლის საშემოსავლო რესურსი ემყარებოდა დამქირავებლისა და დაქირავებულის საგადახადო შენატანებს. 2004 წლიდან მოყოლებული სოციალური პროგრამები ფინანსდება საერთო საბიუჯეტო შემოსავლიდან. სწორედ 2004 წლის შემდგომ იწყება ტალღა, რომლის შედეგადაც საბაზო პენსიის მოცულობა 13-ჯერ გაიზარდა.

2007 წლიდან 2012 წლის აგვისტომდე, პენსიის ოდენობა მოიცავდა სტანდარტულ პენსიას და დანამატს სამუშაო სტაჟის მიხედვით. რაც ამ ერიოდში მოქმედ სისტემას უფრო ახლოს ამყოფებდა რეალურ პენსიებთან, რაც თავისი არსით ნიშნავს არამხოლოდ სოციალური უზრუნველყოფის ინსტრუმენტს, არამედ დასაქმებულისთვის საკუთარი სამუშაო სტაჟის მიხედვით უზრუნველი სიბერის მიცემას. თუმცა ქართული ეკონომიკისა და ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე აღნიშნული დანამატები მნიშვნელოვანი არ იყო.

იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ნამუშევარი ჰქონდათ 25 ან მეტი წელი, დანამატი შეადგენდა თვეში 10 ლარს და, ის იყო მაქსიმალური დანამატი. (5 წლამდე სტაჟისთვის დანამატი შეადგენდა 2 ლარს; 5-15 წლამდე - 4 ლარს და 15-25 წლამდე - 7ლარს). პენსიონერთა 87% იღებდა სამუშაო სტაჟის დანამატს, მათგან ნახევარზე მეტი კი მაქსიმალურ დანამატს.

2012 წლის აგვისტოსთვის, მაღალი ალბათობით წინასაარჩევნოდ, დანამატის მაქსიმალური ოდენობა გაერთიანდა ძირითად საპენსიო თანხაში და პენსიამ 150 ლარს მიაღწია.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენსიები პირველად 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა, და მან 160 ლარს მიაღწია, ხოლო შემდეგ კი 2016 წელს ის 180 ლარამდე გაიზარდა.

რატომ არის რეალური პენსია 2013 წლიდან უცვლელი და რა არის 2004 წელს არსებული 14-ლარიანი პენსიის მსყიდველუნარიანობა დღეს?


2013 წლის 1 სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე საქართველოში პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. ამ თანხის რეალური მსყიდველუნარიანობა დღეისთვის 179 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ პენსიასთან შედარებით მხოლოდ 1 ლარით ნაკლებია. ამის მიზეზია ის, რომ 2013 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19%-ით გაიზარდა, შესაბამისად 2013 წელს არსებული 1 ლარის დღევანდელი მსყიდველუნარიანობა 1 ლარსა და 19 თეთრს შეადგენს.

2013 წლის შემდგომ, ნომინალური პენსია კიდევ ორჯერ - 2015 წლის სექტემბერში 10 და 2016 წლის ივლისში, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, კიდევ 20 ლარით გაიზარდა. შედეგად პენსიამ დღეს არსებულ 180 ლარს მიაღწია. იმის გამო, რომ 2016 წლის შემდგომ პენსია არ გაზრდილა, მისი რეალური მსყიდველუნარიანობა ყოველწლიურად მცირდება.

რაც შეეხება 2004 წელს არსებულ 14 ლარიან პენსიას. დღეს ამ პენსიის რეალური ღირებულება 28 ლარს შეადგენს, რადგანაც 2004 წლის შემდგომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზუსტად 2-ჯერ არის გაზრდილი.



პენსია, როგორც სოციალური დაცვის მექანიზმი


საქართველოში პენსიაზე უფლების წარმოშობის მიზეზს მხოლოდ ასაკი წარმოადგენს, არ არის დაწესებული არავითარი მოთხოვა ადამიანის სამუშაო სტაჟზე. საერთო გადასახადებიდან დაფინანსებული პენსია ხანდაზმულებს უზრუნველყოფს რეგულარული შემოსავლით და მის მთავარ მიზანს სიღარიბისაგან დაცვა წარმოადგენს. მოქმედი საპენსიო სისტემა თავისი არსით სოციალური დახმარების ინსტრუმენტია.

180 ლარი დღეს საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის 18%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ მას “ჩანაცვლების კოეფიციენტი” ჰქვია და ის ასახავს დასაქმებულის პენსიაზე გასვლის შემდეგ ყოველთვიური შემოსავლების რა ნაწილი ჩაუნაცვლდება პენსიით. საპენსიო სისტემის რეფორმირების შედეგად ჩანაცვლების კოეფიციენტიც გაორმაგდა. მაგალითად, 2004 წელს საშუალო ხელფასი მხოლოდ და მხოლოდ 156 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 14-ლარიანი პენსია ხელფასის მხოლოდ 9%-იან “ჩანაცვლებას” წარმოადგენდა.

თუ 18%-იან ჩანაცვლების კოეფიციენტს საერთაშორისო გამოცდილებას შევადარებთ, ვნახავთ, რომ დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩანაცვლების კოეფიციენტი, ანუ საშუალო ხელფასის შეფარდება ქვეყანაში გაცემულ საშუალო პენსიაზე გაცილებით მაღალია. მსოფლიო ბანკის ანგარიშის Inverting Pyramid-ის მიხედვით, მაგალითად იტალიაში ჩანაცვლების კოეფიციენტი 80%-ია, ლუქსემბურგში 78%, ესპანეთში 72%, საბერძნეთში 59%. ჩანაცვლების კოეფიციენტი გერმანიაში 41%-ია, ირლანდიაში კი 36%. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რუსეთში ის 40%-ია, ბელორუსში 49%, ყაზახეთში 21%, აზერბაიჯანში კი 36%.


პენსიები და საარჩევნო ციკლები


ბოლო 15 წლის განმავლობაში პენსიების ზრდა საკმაოდ ხშირად ემთხვეოდა საარჩევნო ციკლებს:

2006 წლის 5 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე - 1 სექტემბერს პენსია 38 ლარამდე გაიზარდა;
2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 1 დეკემბერს საბაზო პენსია 55 ლარამდე გაიზარდა;
2008 წლის 21 მაისს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 1 აპრილიდან საბაზო პენსია 70 ლარამდე გაიზარდა;
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საბაზო პენსია 10 ლარით გაიზარდა;
2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე საბაზო პენსია 150 ლარამდე გაიზარდა;
2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 3 თვით ადრე საბაზო პენსია 180 ლარამდე გაიზარდა.


მოახლოვებული რეფორმა


2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. რეფორმის შედეგად, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. პენსიონერები დაგროვებით პენსიას საბაზო პენსიასთან ერთად მიიღებენ. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. სისტემაში თითოეული მათგანის კონტრიბუცია 2%, ანუ ჯამში 6% იქნება.
1 იანვრამდე სულ 76 დღე არის დარჩენილი, თუმცა რეფორმის შესახებ ცნობადობა დაბალია. NDI-ის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%-ს საპენსიო რეფორმის შესახებ საერთოდ არ სმენია.