მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნებს თამბაქოს მოწევის ლიცენზიას 15 000 ლარად სთავაზობენ

5af197ecb9502
ელენე გოგბერაშვილი
08.05.18 16:26
97169

 

მას შემდეგ, რაც 1-ლი მაისიდან დახურულ შენობებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, როგორც ჩანს, გარკვეულმა ჯგუფებმა  რეგულაციების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება, სარესტორნო ბიზნესის მოტყუება და კანონის გვერდის ავლით გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღება გადაწყვიტეს.  ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონი ლიცენზიების გაცემის პირობებს მხოლოდ სიგარა-ბარების შემთხვევაში ადგენს. ე. წ თაღლითური სქემით მოქმედი პირების შეთავაზება  ასე გამოიყურება: თუ რომელიმე სარესტორნო დაწესებულება, კაფე თუ ბარი 15 ათას ლარს გადაიხდის, ისინი შესაბამის ლიცენზიას მიიღებენ და მათი მომხმარებლებისთვის დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარება დასაშვები გახდება. რესტორატორთა ასოციაციის იურისტი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტორნებმა მსგავსი შეთავაზებები  მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა ცნობილი არ არის.

,,ფიქრობ, ეს არის კრიმინალური შემთხვევა, როდესაც ვიღაც ადამიანების ჯგუფი, ატყუებს რესტრონის მფლობელს თუ მენეჯერს და სთავაზობს ლიცენზირებას. ვიღაც დადის და სთავაზობს რესტორნებს გარკვეულ პირობებს მოწევის ლიცენზირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის სიცრუე, რადგან კანონი ამას არ ითვალისიწნებს’’-განმარტავს ბურჯანაძე.

პრობლემის შესახებ საქმის კურსშია შესაბამისი სამთავრობო უწყებებიც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში BM.GE -ს განუცხადეს, ლიცენზიების შეთავაზება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში მოქმედმა სარესტორნო დაწესებულებებმაც მიიღეს.

,,ძირითადად კაფე-რესტორნებიდან თბილისიდან და რეგიონებიდან მოგვმართეს შეკითხვით, ვინაიდან მათ უკავშირდებიან სხვადასხვა პირები, არ ვიცი ვინ და რა ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომლებიც ატყობინებენ, რომ თითქოსდა 15 ათას ლარად შესაძლებელია ლიცენზიის ყიდვა, რომელიც  მათ უფლებას მისცემს თამბაქოს მოხმარება ჰქონდეთ საკუთარ დაწესებულებებში,  რაც აბსოლიტურად მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. კანონი ცხადად ასახელებს, რომ არცერთი საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა არ შეიძლება იყოს თამბაქოთი, ყველა მათგანი არის თამბაქოსგან თავისუფალი და ამას ვერ ვიყიდით ვერანაირი ლიცენზიით. ერთადერთი, სადაც ლიცენზიით უფლება შეიძლება მოიპოვო არის სიგარა ბარი, სადაც შესაძლებელია მხოლოდ მოწევა და სასმელი, საკვები პროდუქტი იქ არ შეიძლება, შესაბამისად სიგარა -ბარი ვერ შეასრულებს რესტორნის ფუნქციას’’-განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი,  ლელა სტურუა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული აღნიშნული ფაქტებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდეს. როგორც ჩანს საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა, რადგან როგორც სტურუამ განგვიცხადა, რიგი სუბიექტები თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ ნიშნებს დაავდებათა კონტროლის ეორვნული ცენტრის სახელით ყიდიან, რაც რეალობაში სრულიად უფასოდ გაიცემა.