მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონული განვითარების სამინისტრო: მუნიციპალიტეტების გაყოფა მეტი ეკონომიკური აქტივობის წამახალისებლად არ გამოდგა

5921731d55ad5
BM.GE
21.05.17 16:05
1235
გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს. რა ფუნქციური სხვაობა იქნება არჩეულ მერსა და ამჟამინდელ გამგებელს შორის, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა ისაუბრა.

-ბატონო ნიკოლოზ, რატომ დადგა დღის წესრიგში გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება?

-აღნიშნული ცვლილებით გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. აქ საუბარია წმინდად სახელის, ტერმინის ცვლილებაზე. ეს არის გამგებელი მერი და დღეს მოცემული კანონმდებლობის რეგულაციის ცვლილების შედეგად ჩვენ მუნიციპალიტეტებში გვეყოლება აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი მერი და არა გამგებელი მერი. მხოლოდ ამაზე მიმდინარეობს საუბარი. აქ არანაირი გამგებლის თანამდებობის გაუქმება არ იგულისხმება.

-ამ შემთხვევაში მერს მეტი უფლებამოსილება ექნება თუ მისი ფუნქცია-მოვალეობები არ შეიცვლება?

-ეს მუნიციპალიტეტისთვის არსებითად არაფერს ცვლის. სწორედაც რომ ფუნქციურად მათ შორის - გამგებელსა და მერს შორის დღეს არანაირი სხვაობა არ არის. უბრალოდ მერი არის თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელი, ხოლო თვითმმართველი თემის ხელმძღვანელი არის გამგებელი. ფუნქციურად მათ შორის პუნქტი კი არა, ერთი სიტყვაც არ არის განსხვავება. ეს ევროპაში მიღებული პრაქტიკაა და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს ქვია მერი და შესაბამისად ამ ორ სახელწოდებას ვცლით და მერი ერქმევა.

-ბატონმა ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს მეტი საშუალება ექნებათ გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. რა ფორმით იქნება ეს შესაძლებელი, ამ მიმართულებით სტრუქტურაში რამე იცვლება?

-ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილება და წინა საკითხთან განსხვავებით, ეს უფრო არსებითი ცვლილებაა. ცვლილების პროექტის შესაბამისად მერიებში აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო იქმნება, რომელიც მერის, მისი მოადგილეებისა და დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელობის დაკომპლექტებულ ორგანოს გულისხმობს. ერთგვარი თბილისის მოდელი რომ წარმოვიდგინოთ, კაბინეტის დამტკიცება დანიშვნა მერს მხოლოდ საკრებულოს თანხმობით შეეძლება, რაც დღეს ასე არ არის. ეს კი საკრებულოს მეტ ჩართულობას განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მერიების უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას საკრებულოსადმი. სწორედ ეს იგულისხმება აღნიშნულ ჩანაწერში.

-გამოყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაც იგეგმება და პროცესი ამ ცვლილებასთან ერთად მიმდინარეობს?

-სამინისტროს მიერ პროცედურები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინა კვირას დაიწყო და საკმაოდ კომპლექსური პროცედურებია გასავლელი. აღნიშნულ 14 საკრებულოში კანონმდებლობის შესაბამისად დაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაზე იქნა მიღებული. ასევე დადგენილ ვადაში მათგან მოსაზრებებს ველოდებით, რადგან ეს ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. მათგან და სხვა ყველა დაინტერესებული პირისგან მივიღებთ მოსაზრებებს და ამ არგუმენტირებული მოსაზრებების საფუძველზე პროექტის შემუშავება მოხდება და მთავრობას წარედგინება. ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს, შემდეგ პარლამენტმა.

-ეს ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოესწრება?

-ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე მოესწრება.

-როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტების შერწყმამ რატომ არ გაამართლა, რა იყო ამის მიზეზი?

- 2014 წელს განხორციელებული რეფორმა თვითმმართველობაში ჩვენი თვითმმართველობებისთვის მართლაც საეტაპო მნიშვნელობის იყო. თვითმმართველობის კოდექსის მიღებამ საკმაოდ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა, მაგრამ ამასთან ერთად, ამ რეფორმამაც სხვა რეფორმების მსგავსად, ნეგატიური მომენტები გამოავლინა. პრობლემების აღმოფხვრის მიზნით დღეს კომპლექსური ცვლილებების განხორციელება იგეგმება და მათ შორის, არის გაერთიანების საკითხიც. გაყოფის მიზანი თავიდან მუნიციპალიტეტებში მეტი ჩართულობის, საკუთარი შემოსავლების გაზრდის და მეტი ეკონომიკური აქტივობის წახალისება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის მანძილზე ეს ნაკლებად მოხდა, რადგან თუ ვიტყვით, რომ შემოსავლები გაიზარდა, კი ბატონო, მხოლოდ ის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე გაიზარდა. მუნიციპალიტეტების გაყოფა მეტი აქტივობის წამახალისებლად არ გამოდგა. აქ ორი მნიშვნელობანი საკითხია ჩართულობა და ბიუჯეტი. გაყოფის შედეგად ჩართულობის კუთხით არანაირი ცვლილება არ ყოფილა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთ ქალაქში მჯდომი გამგებელი და მერი მივიღეთ. მაგალითად, პატარა დასახლების მაცხოვრებლისთვის არაფერი არ შეცვლილა იმ კუთხით, რადგან სერვისების მისაღებად ისევ იქ მოუწიოთ მისვლა, სადაც 2013 წელს უწევდათ. ბიუჯეტებს რაც შეეხება, მათი გაზრდა მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ ბიუჯეტის გაზრდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდა ტრანსფერების დამატებით, რადგან პლიუს ერთი მუნიციპალიტეტი და ორი მუნიციპალიტეტი გაგვიხდა. აქ საუბარია ერთად ჯამში რაც ქალაქს და თემს აქვთ. ბიუჯეტები იგივე იქნება, ანუ ფინანსური რესურსი მათ არ მოაკლდებათ და დანარჩენი უკვე კარგ მენეჯმენტზე, კარგ დაგეგმვაზე და კარგ განაწილებაზეა დამოკიდებული. 2018 წლის პირველ იანვრამდე, ანუ ამ საბიუჯეტო წელში აღნიშნული ბიუჯეტების განმკარგავი ის ერთი მუნიციპალიტეტი იქნება, რომელიც იქ შეიქმნება. ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ 2018 წლიდან ტრანსფერის ფორმულა ისე დაბალანსდეს და დარეგულირდეს, რომ არც მომდევნო საბიუჯეტო წლებიდან მათ ფინანსები არ მოაკლდეს.

-მერის ინსტიტუტი იქნება ყველგან?

-აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში პირდაპირი წესით არჩეული მერი გვეყოლება.

-აღნიშნული პროცესი როდის დასრულდება?

-ეს არ არის რთული სახის ცვლილება და ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე მოესწრება გარკვეული პაკეტი და გარკვეული ტიპის ცვლილებები, რომელიც იგეგმება ვფიქრობთ, რომ საშემოდგომო სესიებისთვის მზად უნდა იყოს.

-კიდევ რა მიმართულებებით მუშაობთ?

-მუნიციპალიტეტებში სუსტი რგოლები გამოვლენილია და ამას თვითონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც აღიარებენ. მაგალითად, ეს არის დღევანდელი გამგებლის წარმომადგენლის ინსტიტუტი, რომელიც პრაქტიკულად თვითმმართველობის კოდექსის მიღების შემდეგ უფუნქციო ინსტიტუტად იქცა. დღეს რეალურად ეს თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გამტარი და მიმტან-მომტანია. გამგებლის წარმომადგენელი აბსოლუტურად არაფრის მომგვარებელი არ არის. ჩვენი მომდევნო ცვლილებები ამ ინსტიტუტის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, რომ იქ ლოკალურად ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინოს. ფუნქციურად ეს დაახლოებით კომუნალურ-გამწვანებით სამეურნეო ტიპის გადაწყვეტილებების მიმღები იქნება, მეტი ბერკეტი ექნება. სათათბირო ადგილობრივი მოსახლეობით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც გადაწყვეტენ თავიანთ სოფელში მაგალითად, სად გაკეთდეს შადრევანი, სკვერი და ა.შ.