მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ აიღებს ბიზნესი 200 000 ლარამდე სესხებს დოლარში - მინისტრის განმარტება

5b98ededd9db3
თელარა გელანტია
12.09.18 14:42
2172
200 ათას ლარამდე სესხების დოლარში აღება ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიულ პირებსაც აეკრძალებათ.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე 200 000 ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემის რეგულაციაში იურიდიული პირების მოქცევასათან დაკავშირებით BM.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მათ ჩათვალეს, რომ ამ კატეგორიის ბიზნესებს სავალუტო რისკების დათვლის „ისეთი კომპეტენცია“ არ აქვთ.

კერძოდ, bm.ge-ის კითხვაზე - რატომ თვლის მთავრობა, რომ ხელისუფლებამ ბიზნესზე უკეთ იცის, რომელ ვალუტაში სჯობს სესხის აღება, მაჭავარიანმა ამ გადაწყვეტილების ლოგიკა ასე ახსნა:

„გეტყვით ლოგიკას. ჩვენ წავედით შემდეგი დაშვებით - რომ ვნახეთ სტატისტიკა, თუ რა ტიპის კომპანიები და ინდმეწარმეები იღებდნენ ზუსტად ამ ოდენობის სესხებს, აღმოჩნდა, რომ ეს არის საცხობები, საკონდიტროები და მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, რომელთაც ჰეჯირების და სავალუტო რისკების დათვლის ისეთი კომპტენცია არ აქვთ. ამიტომ ფილოსოფიურად გავუთანაბრეთ ფიზიკურ პირებზე დაწესებულ ზღვარს და შევეცადეთ, რომ ისინიც დაგვეზღვია ამ რისკისგან. ზუსტად ეს არის ლოგიკა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობამ ჩათვალა, რომ იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც უკვე 200 000 ლარს ზევით სესხებს იღებენ, თავად დათვლიან რისკებს.

„მიგვაჩნია, რომ აქ უკვე სახელმწიფოს როლი უკან უნდა იყოს ჩაწეული“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი „გრძელი ლარი“, ივანე მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ლარის დეფიციტი არ იქნება.

„გრძელი ლარი გვაქვს დღესაც და თუ საჭირო იქნა, გვექნება. მოკლედ, ლარის დეფიციტი არ იქნება”, - აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსში მორიგი ცვლილებები შედის და 200 000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ლარში ნაცვლად 100 000 ლარიანი ზღვრისა. ამასთან რეგულაცია გავრცელდება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზე.