მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა პური? - მწარმოებლების პასუხი

5c0e89c77a1b9
ლევან თაღიაშვილი
10.12.18 22:00
3470
BM.GE პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, მწარმოებლებს ესაუბრა. მათი თქმით, ხორბალი საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა, რასაც ლოგიკურად გავლენა აქვს საქართველოში პურის ფასის ზრდაზე. განსხვავავებით მთავრობისგან კერძო სექტორის ნაწილი ბაზარზე არასამართლიან და არაკონკურენტულ პირობებზე აქცენტს არ აკეთებენ.
მიუხედავად ამისა, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მოწოდების შემდეგ, კონკურენციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის - ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს.


“საერთაშორისო ბაზარი არ ვიცი როგორ გამოიყურება, მაგრამ ჩვენ ბაზარზე რომ ფქვილი, გაზი, შესაფუთი მასალა და საწვავი გვაქვს გაძვირებული, სწორედ ამან გამოიწვია პურის ფასის ზრდა. შესაფუთი მასალა ევროზეა მიბმული და შესაბამისად, ისინიც გვიძვირებენ დოლარის და ევროს ცვლილებაზე, ამიტომ იძულებული გავხდით და 10-თეთრიანი „ბიჯი“ გავაკეთეთ", - აცხადებს შპს „იფქლი 1“-ის დირექტორი დათო ვასაძე. 


„რეალურად პურის ფასი აქამდე უნდა გაზრდილი იყო, იმიტომ რომ ფქვილის ფასის ზრდა გაზაფხულიდან დაიწყო, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია აგვისტოში. ამ რეკორდს "აუმჯობესებს" ყოველთვე და ყოველი შესყიდვა არის უფრო და უფრო მაღალი ფასი. ხორბლის მოსავალი არ არის, შესაბამისად, შეიქმნა დეფიციტი, ნედლეული არ იშოვება, ვისაც აქვს და მიიღო პროდუქტი, ფასი იყო კატასტროფული" - ამბობს bm.ge-თან პს „ლიტვური საცხობის დირექტორი თინათინ ხუციშვილი.


„მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა, შესაბამისად გაძვირდა ფქვილი, დაახლოებით, 30-35%-ით, გაძვირდა პურიც. 6 თვის წინ ფქვილი ღირდა 34-35 ლარი, დღეს ღირს 48-49 ლარი, ნახეთ რამხელა სხვაობაა. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, სხვადასხვა ვერსიებია, ზუსტად ვერ გეტყვით, არის ასეთი მოსაზრება, რომ ჩინეთმა დაიწყო დიდი რაოდენობით ხორბლის გატანა“,  - აცხადებს შპს „იფქლი დიღომის“ დირექტორი ნიკო იუსუფოვი.