მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა მედიკამენტები?

5c4190e635301
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 13:00
683

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასები გაზრდილია. ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად ფარმაცევტული კომპანიების ნაწილიც. ისინი ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ 5%-ის ფარგლებში დაკორექტირდა, რაც ძირითადად ლარის კურსის ცვლილებით არის განპირობებული.

„მედიკამენტების ფასები ზოგადად ცვალებადია და დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. მათ შორის დიდ როლს თამაშობს ვალუტის კურსი. ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც არის მაგალითად მომწოდებლებთან მოლაპარაკებები, მოწოდების ფასები და ა.შ 

ზოგადად მედიკამენტებზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გადაფასება. ეს დამოკიდებულია ვალუტის კურსზე და მიმდინარე საბაზრო მდგომარეობაზე.  რიგ მედიკამენტებზე დაახლოებით 5%-ის ფარგლებში მოხდა შემცირებაც და გაზრდაც“- აცხადებს bm.ge-თან „პსპ-ს“ოპერაციების დირექტორი, მამუკა ბრეგვაძე.

მედიკამენტებზე ფასების მატებას ადასტურებს „სახალხო აფთიაქის“ აღმასრულებელი დირექტორიც. ხათუნა დალაქიშვილის განმარტებით, ფასები მათ ქსელშიც 5-10%-ის ფარგლებში დაკორექტირდა.

„სამწუხაროდ, ჩვენც ფასების დაკორექტირებას ვახდენთ მედიკამენტის თვითღირებულებიდან გამომდინარე. ესეც მიბმულია იმ პრობლემებზე, რაც ზოგადად არსებობს ქვეყანაში. ჩვენთანაც ფასები დაკორექტირდა ისე, როგორც ფარმაცევტულ ბაზარზე. ძირითადად ლარის კურსის გამო მოხდა ფასების ცვლილება, სხვა ფაქტორს არ უმოქმედია ამ ეტაპზე“-აცხადებს დალაქიშვილი.

ის, რომ ქვეყანაში სამედიცინო პროდუქცია და მომსახურება გაძვირდა, ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფში შემავალი პროდუქციასა და მომსახურებაზე. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 2,9%-ით.  სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა გაძვირდა 4%-ით , ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3,4%-ით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურება 1,1%-ით.