მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დააჯარიმა შემოსავლების სამსახურმა ქუცნაშვილის ძმის კომპანია მილიონი ლარით

5a781a021f372
თელარა გელანტია
05.02.18 12:44
2936
კომპანია "ბაზალტი ფაიბერს"-ის გენერალური დირექტორი ივერი ქუცნაშვილი საგადასახადო მიმართულებით და შესყიდვების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც BM.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, 2017 წლის დეკემბერში შემოსვალების სამსახურმა, შემოწმებისას, "რეალურად 5 ლარის ღირებულების პროდუქტი 12 000 ლარის პროდუქტად ჩაუთვალა“ და დააჯარიმა.

"მოგეხსენებათ, ჩვენ ბაზალტის ქვისგან ვაწარმოებთ ბაზალტის ძაფს და სხვა პროდუქციებს. შემოსავლების სამსახურის შემოწმების დროს, საგადასახადო ოფიცერმა, ქვა, რომლისგანაც ვაწარმოებთ პროდუქციას და რომელიც იმტვრევა და ნახევარი გამოდგება ხოლმე, ნახევარი - არა, მთელი მოცულობა, რომელიც არ გამოდგებოდა, საბოლოო პროდუქტად გვიქცია, ეს პროდუქტი გაყიდულად ჩათვალა და იქიდან დაგვბეგრა. რეალურად, ბაზალტის ტონა ქვა ღირს ხუთი ლარი, საბოლოო პროდუქტი კი - 1 ტონა ღირს 12 000 ლარი ანუ 5 ლარის ღირებულების პროდუქტი გვიქციეს 12 000 ლარის პროდუქტად; ჩათვალეს რომ გავყიდეთ ეს პროდუქტი, მივიღეთ შემოსავალი, რომელიც დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო და ა.შ. ასეთია შუალედური აქტი და დაგვაჯარიმეს", - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე დავა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გრძელდება.

მისივე თქმით, აღნიშნული დავის გარდა, კომპანია „ბაზალტი ფაიბერს“-სს შემოსავლების სამსახურთან კიდევ ერთი დავა აქვს და ჯამში, საუბარია, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ჯარიმაზე.

"ჩვენ ტექნოლოგია გავიტანეთ გერმანიაში, სადაც ავაშენეთ ქარხანა, რომელიც ქართველი ბიზნესმენის პაატა გოგოლაძის მფლობელობაშია; განა ბევრია ქართველების მიერ ევროპაში აშენებული ქარხანა?! რაც შეეხება დავის საგანს - წარმოიდგინეთ, ქუთაისში რომ ქართველ მუშებს აეშენებინათ ქარხანა, კომპანია ხომ გამოუწერდა მათ სამივლინებოებს?! ანალოგიურად მოხდა ამ შემთხვევაშიც - მუშებს/თანამშრომლებს გერმანიაში საქმიანი მივლინებისთვისაც გამოუწერეს სამივლინებო თანხები და ასევე, კომპანია ცალკე უხდიდა მუშებს ხელფასს, რადგან შეთანხმების თანახმად, ქარხნის ინსტალაციაზეც ქართველ სპეციალისტებს უნდა ეზრუნათ. შემოსავლების სამსახურმა კი სამივლინებოც ჩათვალა ხელფასად და მათზეც უნდა გადაგეხადათ საშემოსავლო გადასახადიო. დავა ახალია - ახალი წლის წინ „გაგვიკეთეს ეს საჩუქარი“. ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გვაქვს გასაჩივრებული. ვნახოთ რა იქნება. იმედია, არ გაჯიუტდებიან. ეს აბსურდული დავაა", - განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა, რომელიც „ბაზალტი ფაიბერს“-ის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორია და პირადად მისი წილი კომპანიაში 2.5%-ია.

აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, BM.ge შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდება და მათ განმარტებებსაც შემოგთავაზებთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ქუცნაშვილი საუბრობს, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ ხარვეზებს შეეხება.

"სახელმწიფო შესყიდვები არასწორად ითვლის ქვეყნისთვის სარგებელს. მაგალითად, ჩვენი მასალებით აშენებული გზა 3-4 ჯერ დიდხანს შეიძლება მოემსახუროს სახელმწიფოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროდუქტი მოხვდეს თუნდაც სახელმწიფო შესყიდვებში, უნდა არსებობდეს შესაბამისი სტანდარტები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კი ძველი სტანდარტებით მუშაობს დღესაც; მეორე პრობლემაა ისიც, რომ არასწორად ხდება დათვლა ანუ შესყიდვების სისტემას აინტერესებს ტენდერში რა ფასები დაფიქსირდა - ცალკე სამშენებლო, ცალკე საპროექტო და ცალკე ექსპლუატაციის ნაწილში. საბოლოო ჯამში, ეს სახელმწიფოს უჯდება ძალიან ძვირი, რადგან დამპროექტებელი მაინცდამაინც არაა იმით დაინტერესებული, რომ მშენებლობა-ექსპლუატაცია იაფი დაჯდეს. მშენებელსაც თავის მხრივ, აინტერესებს როგორმე მშენებლობა დაამთავროს და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი არაა ინტეგრირებული. ეს საკითხი დავაყენეთ ინფრასტრექტურის მშენებელთა ასოციაციაში, ასევე სხვანაგანც და იმედია გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით", - განმარტა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის: კომპანია "ბაზალტი ფაიბერს" რუსთავში საკუთარ ქარხანაში ბაზალტის ქვისგან აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში და ექსპორტში გადის როგორც ევროპის, ისე აფრიკის ქვეყნებში.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ამჟამად, 55-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და 25 წლის განმავლობაში $10 მლნ-მდე აქვთ ინვესტირებული.
მისი ინფორმაციით, გასულ კვირას "ბაზალტი ფაიბერს"-მა ხელი მოაწერა ექსპორტის 2-წლიან ხელშეკრულებას და საიზოლაციო ქეჩის ექსპორტს დიდ ბრიტანეთში განახორციელებს.