მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ჯვრის მონასტრის ტერიტორია გარემოვაჭრეებისთვის უალტერნატივო? - მერის განმარტება

5c3f127c56780
დათო ჯალაღონია
16.01.19 15:21
1014
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძეს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება ამ ეტაპზე არ შეუძლია.

ასე გამოეხმაურა გიორგი კაპანაძე BM.GE-თან საუბრისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს იმ ადგილს, სადაც გარემოვაჭრეებს გადაიყვანენ.

„სხვა, ალტერნატიულ ფართს ჯერ-ჯეობით ვერ შევთავაზებ, გარდა იმისა, სადაც დგანან. შემიძლია, ის ადგილი მოვუწესრგო და ის დახლები დავდგა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტს აქვს შეძენილი და ფული აქვს დახარჯული. შემიძლია, ეს დახლები ხვალვე ავიტანო. მთავარია, ეს მამა კონსტანტინეს და საპატრიარქოს ნება-სურვილი იყოს. ველოდები მათ გადაწყვეტილებას. სხვა, ალტერნატიული ფართი იქ არ არის და ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მცხეთაში მორატორიუმია გამოცხადებული და ზუსტად მორატორიუმის ფარგლებშია ის ტერიტორიაც, რომელიც ჯვრის მონასტრის მიმდებარედ არის“, - განმარტა გიორგი კაპანაძემ.

რაც შეეხება სავაჭრო დახლებს, გიორგი კაპანაძის განცხადებით, 20 მოვაჭრეზე გათვლილი დახლები მცხეთის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ მანამდე შეიძინა, ვიდრე იგი მერი გახდებოდა.

„დახლები ზუსტად იმ ზომებისაა, რაც არაჩვეულებრივად ჩაჯდება იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს მათთვის სავაჭრო ადგილია გამოყოფილი. იქ გარემოვაჭრეები დღეს და გუშინ არ დამდგარან. წლების განმავლობაში იქ არიან. მათთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს - წვიმაში, თოვლში, ავდარსა და პაპანაქება სიცხეში დგანან და ვაჭრობენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ დალხენილი ცხოვრება არ აქვთ და არ შესწევთ ძალა, ოჯახები არჩინონ“, - აღნიშნა მერმა.

არსებული გარემოებების გამო, მცხეთის მერისთვის უცნობია, რატომ საუბრობს კულტურის მინისტრის მოადგილე გარემოვაჭრეებისთვის ახალი ტერიტორიის შეთავაზების შესახებ.

„არ ვიცი კულტურის სამინისტრომ რა ალტერნატიულ ფართებზე შეიძლება გააკეთოს აქცენტი, მაგრამ სავარაუდოდ, არსებული მორატორიუმიდან გამომდინარე, არა მგონია, ამ ეტაპზე სხვა რაიმე მოხერდხეს, მაგრამ მაშინ, როცა მცხეთის განაშენიანების გენერალური გეგმა შემუშავდება და მორატორიუმი მოხსნება, შემდეგ იქ არის ფართები, რომ ავტოსადგომი მოეწყოს და გარემოვაჭრეებისთვისაც ტერიტორია გამოიყოს“, - აღნიშნა მან.

მართალია, მცხეთაში მიწის გასხვისებასა და მშენებლობაზე მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე მოქმედებს, თუმცა გიორგი კაპანაძე მის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს, რადგან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე მცხეთას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ისევ არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტერი ორი დღე დაკეტილი იყო და დღეს გაიხსნა.

მონასტერი 14 იანვარს, ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა, რადგან იგი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდა. ამ საკითხს საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.