მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აღმოჩნდა სოფლის მეურნეობაში EIB-ის €100 მლნ-ის კრედიტი წარუმატებელი - ბანკების ასოციაციის მოსაზრება

5c6fe44ddc660
BM.GE
22.02.19 15:50
1563
ცალკეულ შემთხვევებში საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი დაფინანსება დასახულ შედეგს ვერ აღწევს - ასეთ პროექტთა შორისაა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იყო გამიზნული.

2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს უფლება მიეცა ევროპის საინვესტიციო ბანკიდან აეღო 100 მილიონი ევროს კრედიტი, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

ამ ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხი კერძო სექტორის დაფინანსებას ისახავდა მიზნად. პროექტის ბენეფიციარი არა მთავრობა, არამედ სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეები უნდა ყოფილიყვნენ. დაფინანსების მათთან მიტანისთვის კი შუამავალი რგოლის ფუნქცია ბანკებს უნდა შეესრულებინათ. ფერმერებისთვის განკუთვნილი სესხები ევროში უნდა ყოფილიყო ნომინირებული.

პროექტის გამოცხადებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, საზოგადოებამ შეიტყო, რომ აღნიშნული საკრედიტო ხაზი პრაქტიკულად აუთვისებელი დარჩა, რის გამოც მთავრობა სესხზე უარს ამბობს და EIB-ის მისი დანიშნულების შეცვლას სთხოვს.

BMG ევროპის საინვესტიციო ბანკთან სასესხო ხელშეკრულების შესახებ მეტი დეტალით დაინტერესდა და სწორედ ამ მიზნით, ბანკების ასოციაციას და ფინანსთა სამინსტროს წარმომადგენლებს ესაუბრა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მისი შეფასებით, პროექტის წარუმატებლობა პირველ რიგში ამ საკრედიტო რესურსის სიძვირემ გამოიწვია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ასახელებს, ამ პროექტის ფარგლებში გაცემული ევროს სესხების განაკვეთი 8-9%-ის ფარგლებში მერყეობდა.

“ფიზიკურად ვერ განთავსდებოდა ეს რესურსი ქართულ საკრედიტო ბაზარზე, მასზე ინტერესი არ იყო მაღალი სწორედ საპროცენტო განაკვეთის გამო. იმდენად ძვირი იყო აღნიშნული სესხები, რომ ევროში თქვენ ბანკიდანაც შეგეძლოთ იგივე განაკვეთში სესხება, რა პროცენტიც იყო აღნიშნული რესურსის განაკვეთი. არავინ არ აიღო, არავინ არ დაინტერესდა. გამიჭირდება ეს ლარიზაციის პოლიტიკას დავუკავშირო. ძვირად რომ შემოგთავაზონ თქვენც სესხი აიღებთ?”- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროს სესხების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, რამაც ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ დაფინანსებას მიმზიდველობა კიდევ უფრო დაუკარგა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ევროს საკრედიტო რესურსი იაფდება. 2016 წლის იანვარში საშუალო განაკვეთი 9,6% იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, განაკვეთი 5.9%-მდე არის შემცირებული. 

ფინანსთა მინისტრ ნიკოლოზ გაგუას თქმით, არსებობდა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს სავალუტო რისკი საკუთარ თავზე აეღო და ბანკებისთვის აღნიშნული ფინანსური რესურსი არა ევროში, არამედ ლარში მიეწოდებინა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვალუტის მერყეობის რისკი სახელმწიფოს საკუთარ თავზე არ უნდა აეღო და ის ისევე ფერმერებს გადააბარა.

„ჩვენ, ბუნებრივია, ეს თემა განვიხილეთ; მათ შორის კონსულტაციები გავიარეთ სავალუტო ფონდთანაც. ეს (ბანკებისთვის ლარში გადასესხება) მთავრობის მიერ საკრედიტო რისკების აღებას ნიშნავდა, რაც შეიძლება გაუმართლებელი ხარჯი ყოფილიყო, რომლის გაწევაც ჩვენ - გადასახადის გადამხდელებს მოგვიწევდა და ვთვლით, რომ ეს რისკები გადასახადის გადამხდელებზე არ უნდა გადასულიყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

რა ბედი ელის ამ 100 მილიონს?

მთავრობა EIB-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მისი დანიშნულება შეცვალოს. საუბარია იმაზე, რომ 100 მილიონი ევრო მელიორაციის სისტემის განვითარებაზე მიიმართოს.

„ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების გამო, ირიგაციის საჭიროებები კიდევ უფრო გამძაფრდა, ამიტომ ძალიან კრიტიკულად დგება ირიგაციის სისტემების განვითარების და გაძლიერების საჭიროება. ამ მიმართულებით, ჩვენ მარტო ევროპის საინვესტიციო ბანკთან არ ვსაუბრობთ; გვქონდა საუბარი მსოფლიო ბანკთანაც, როგორ მოვახდინოთ დონორების კონცენტრაცია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ თითქმის მიღწეულია შეთანხმება EIB-თან, რომ 100 მლნ ლარი, სწორედ ირიგაციის მიმართულებით იქნას ათვისებული.