მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აფინანსებს საქართველო მომავალ უმუშევრებს?

5aa4dfa2acefc
ISET
11.03.18 13:00
2606
თუ საშუალო განათლებამიღებული ადამიანების რაოდენობით ვიმსჯელებთ, საქართველოში განათლების დონე მაღალია, ბევრი სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მსგავსად. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი გარემოება (ყოველ შემთხვევაში, 2013 წლიდან) არის „არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა“. არა დანაშაული, კორუფცია, წვდომა ფინანსებზე ან მოშლილი ინფრასტრუქტურა, არამედ არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა.

ეს იმიტომ, რომ პრობლემა განათლებაზე წვდომა კი არ არის, არამედ სწორ განათლებაზე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებაზე. სწორედ ამ პრობლემასთან არის მჭიდრო კავშირში ახალგაზრდების უმუშევრობა, რაც განსაკუთრებით მაღალია 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (დაახლოებით 30% 2016 წელს).

მაშ, რა უნდა ვქნათ პრობლემის გადასაჭრელად?

ერთი გზა არის პროფესიული განათლების რევოლუციური გარდაქმნა და ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არ უნდათ განათლების მიღება იმ სფეროში, რომელიც დაბალ შემოსავლებსა და ფიზიკურ შრომასთან ასოცირდება. როგორც ერთმა დამსაქმებელმა თქვა ერთ-ერთ საჯარო ფორუმზე, „ყველა ქართველს უნდა, ეკონომისტი იყოს და ქვეყნის მშპ-ს ითვლიდეს. არავის არ უნდა, რეალურად იმუშაოს და თავად შექმნას მშპ“.

ჭკვიან ტექნიკოსებს და ფიზიკური უნარების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ბევრი ფული გამოიმუშავონ, საქართველოშიც კი. ჩვენი გამოწვევა ის არის, რომ ბევრ ქართველ ბიჭს (და გოგოს) არ უნდა პროფესიული განათლების მიღება იმ მიზეზით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მათ მომავალ პროფესიასა და ხელფასთან. პირველი, პრობლემაა სოციალური სტატუსი. მეორე, ქართველი ახალგაზრდა ბიჭები ყველაფერს იზამენ, რომ სამხედრო სამსახურს თავი დააღწიონ, რაც, მოქმედი ქართული კანონმდებლობით, მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი. მესამე, უნივერსიტეტები უკეთეს პროფესიულ კავშირებსა და ქორწინების ბაზარს სთავაზობს მათ. „როგორ უნდა გახდე გენერლის ცოლი?“ კითხულობს ლუდმილა 1980 წელს გადაღებულ ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. პასუხი მარტივია: „ცოლად მიყვები ახალგაზრდა ლეიტენანტს“.

ზედმეტი განათლება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ის სათავეს „განათლების ინფლაციის“ ჭეშმარიტად გლობალური ფენომენიდან იღებს, როდესაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი ცდილობს, უნივერსიტეტის ხარისხი (ნებისმიერი) მიიღოს. ლოგიკა ძალიან მარტივია. როცა ყველას, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული აკადემიური შესაძლებლობების მქონე ადამიანს, აქვს უნივერსიტეტის განათლება, არქონას თან ახლავს სტიგმა.

2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ადამიანებმა დაიწყეს უძრავი ქონების ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კრედიტის გადახდის საშუალება არც კი ჰქონდა. დღეს ბევრი ამერიკელი მთელ ცხოვრებას აგირავებს, ოღონდ კი საუნივერსიტეტო განათლება მიიღოს, რომლის ერთადერთი მიზანიც სოციალური სტიგმისგან თავის დაღწევაა. ბევრ ეკონომისტს სჯერა, რომ სწრაფად მზარდი სტუდენტური სესხები იქნება შემდეგი დიდი ფინანსური „ბუშტი“.

საქართველოში ზედმეტი განათლების პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ წვდომა უმაღლეს (უსარგებლო) განათლებაზე ძალიან მარტივია. ქართული უნივერსიტეტების შემოსავლები დამოკიდებულია მხოლოდ ერთ ფაქტორზე: ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე. არა კვლევით პროდუქტიულობაზე, სწავლების ხარისხზე, სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე ან მათი დასაქმების შესაძლებლობებზე, არამედ მხოლოდ იმ სტუდენტების რაოდენობაზე, რომლებიც სწავლის საფასურს იხდიან. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ უნივერსიტეტები მიღების ძალიან დაბალ სტანდარტს აწესებენ და სწავლის პროცესშიც ძალიან სუსტი გაცხრილვის სისტემა აქვთ. უნივერსიტეტები და სტუდენტები წარმატებით აფორმებენ გარიგებას: უნივერსიტეტი ვითომ ასწავლის, სტუდენტები ვითომ სწავლობენ.

მეტიც, უნივერსიტეტის დიპლომის მიღება არამხოლოდ მარტივი, არამედ იაფიცაა. ქართული უნივერსიტეტების სწავლის საფასური (დაახლოებით 900 აშშ დოლარი წელიწადში) შეიძლება ბევრი ქართველი ოჯახისთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ ოჯახს შეუძლია კერძო რეპეტიტორის დაქირავება, შესაძლებელია სახელმწიფო გრანტის მიღება. მეტიც, ვინაიდან ლექციებზე დასწრება არც სავალდებულოა და არც კონტროლდება, უნივერსიტეტის განათლების მიღების ალტერნატიული დანახარჯი ძალიან დაბალია. სტუდენტების უმეტესობა, მათ შორის დასაქმების ყველაზე მეტი შესაძლებლობის მქონენი, მუშაობას ადრე, მე-2 ან მე-3 კურსზე იწყებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „მოჩვენებითობის“ წონასწორობა ქართული განათლების ბაზარზე ძალიან სტაბილურია. დიპლომის ფაბრიკებს არავინ სჯის იმისთვის, რომ განათლებასა და უნარ-ჩვევებს არ იძლევიან. თუმცა ქართველი დამსაქმებლები უპირატესობას მაინც უმაღლესი განათლების (ნებისმიერი) მქონე კანდიდატებს ანიჭებენ. და სხვაგვარად შეუძლებელიც არის იმ გარემოში, სადაც ტაქსისტები და მაღაზიის კონსულტანტებიც კი უნივერსიტეტის დიპლომებით იწონებენ თავს.


რა აზრის ხართ, პროფესიული განათლება უფრო მიმზიდველი გავხადოთ?
საქართველოს მთავრობის მიზანი, როგორც განსაზღვრულია 4-პუნქტიან გეგმაში, არის პროფესიული განათლების გარემოს გარდაქმნა: ასაკოვანი პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების მოძველებული სწავლების მეთოდების ჩანაცვლება ე.წ. დუალური განათლების მოდელით, რომელსაც იყენებენ გერმანია, ავსტრია და შვეიცარია. დუალური განათლების კონცეფცია მოდის საუკუნოვანი შეგირდობის ტრადიციიდან, რომელმაც დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში დღემდე მოაღწია. ამ მოდელის თანახმად:

• პროფესიული კოლეჯის სტუდენტები სწავლის პროცესში შეგირდებად მუშაობენ კერძო კომპანიებში. მეტიც, მათი ჩარიცხვის წინაპირობა დასაქმებაა!

• სტუდენტები განათლების 70-80%-ს სამუშაო ადგილზე ტრენინგებით იღებენ, დარჩენილ 20-30%-ს კი – საკლასო ლექციებით.

• შეგირდობისას სტუდენტებს მოკრძალებულ ხელფასს ან სტიპენდიას უხდიან, რაც, ტრენინგის/მენტორობის ხარჯებთან ერთად, ტრენინგის საწყის ეტაპზე მათ პროდუქტიულობას აღემატება. ტრენინგის ხარჯები (კომპანიებისთვის) სრულად კომპენსირდება მოგვიანებით, როდესაც შეგირდები საკუთარი პროფესიის საბაზისო უნარ-ჩვევებს იძენენ.

პროფესიული განათლების ამ მოდელს უშვებს და აძლიერებს საქართველოს ახალი კანონი პროფესიული განათლებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობების შესახებ. მაგრამ რამდენად განხორციელებადია ეს არსებულ ქართულ კონტექსტში?

უაღრესად მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ გერმანული და შვეიცარიული კომპანიები მზად არიან, გაიღონ ტრენინგის ხარჯები, რადგან სტუდენტები შუა შეგირდობის დროს არ მიდიან კონკურენტ კომპანიებში (ფორმალური კვალიფიკაციის მიღების გარეშე). სტუდენტები კი იმიტომ არ მიდიან, რომ ყველა კომპანია ან ახალგაზრდა შეგირდებს ქირაობს ან ფორმალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრებს.

თუმცა საქართველო არ არის შვეიცარია. ქართული ბიზნესები ჯერ ახალგაზრდაა და ქართული ბიზნესსაზოგადოებაც არ არის კარგად ორგანიზებული. რბილად რომ ვთქვათ, ქართულ ბიზნესებს არ აქვთ ძლიერი მოტივაცია, ჩაერთონ ძვირადღირებულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ პროფესიული განათლების სისტემაში. მით უმეტეს, რომ ჩვენთან გერმანული ყაიდის კოორდინაციაც არ არსებობს.

არსებული სიტუაცია ძალიან კარგად დაახასიათა ნიკორას აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა: „უნარ-ჩვევები ნამდვილად პრობლემაა ჩვენთვის, – განაცხადა ბოქოლიშვილმა ISET-ის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, – ვცადეთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმება, მაგრამ ხორცი ცხოვრებაში არ უნახავთ. თან ბიზნესები არ არის „ტრენინგ-ცენტრები“. თუ მე გადავამზადებ ადამიანს, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემთან დარჩება? კარგ სპეციალისტს მარტივად შეუძლია სხვაგან იშოვოს სამსახური“.


ნება მოგვეცით, ორი პრაქტიკული წინადადება შემოგთავაზოთ.

პირველი, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შეიტანა, რათა საშუალება მისცეს კერძო სექტორის კომპანიებს, შეიმუშაონ და განავითარონ დუალური განათლების პროგრამები. თუმცა, საჭიროებისდა მიუხედავად, ასეთი ცვლილებები საკმარისი არ არის. შესაბამისი ტრადიციების არარსებობის ფონზე, მთავრობა მზად უნდა იყოს, შეასრულოს კოორდინატორის როლი, გააძლიეროს და, რიგ შემთხვევებში, შექმნას სექტორული ბიზნეს-ასოციაციები, რომლებიც დაადგენენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტანდარტებს, მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განათლების პროგრამების მმართველობასა და მართვაში. ამ ყველაფრის დაწყება შესაძლებელია მცირე მასშტაბებით, რამდენიმე ისეთ სექტორში პილოტირებით, რომლებშიც წამყვან მოთამაშეებს შორის კოორდინაცია ძალიან მარტივია (მშენებლობა?).

მეორე, საქართველოს შეუძლია იამაყოს 2005 წელს კორუფციისა და „უმაღლესი განათლების“ დაბალი ხარისხის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარებაში მიღწეული წარმატებით. ქვეყანამ შემოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდები და ლიცენზია შეუჩერა 100-ზე მეტ დიპლომების ფაბრიკას თუ ორღობის უნივერსიტეტს. იქნებ დროა, კიდევ უფრო წინ წავიდეთ: გავზარდოთ უნივერსიტეტში მოხვედრისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; დავაწესოთ უფრო მაღალი სწავლის საფასურის ქვედა ზღვარი, რათა კიდევ უფრო შევამციროთ მასშტაბები უმაღლეს განათლებაში; სახელმწიფო გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ქულებთან ერთად განისაზღვროს ოჯახის საჭიროების მიხედვით; უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები გავათანაბროთ, როდესაც საქმე სავალდებულო სამსახურის გადავადებას ეხება.

თუ იქნება პოლიტიკური ნება, აღნიშნული ღონისძიებები დაუყოვნებლივ მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს.