მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უნდა ელოდოს მეწარმე 2019 წლიდან საგარანტიო ფონდისგან?

5be9a98ce87fb
დავით ჯალაღონია
12.11.18 20:25
1648
მთავრობა 2019 წელს საგარანტიო ფონდის შექმნას გეგმავს. როგორც BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს ამ ფონდის პრინციპები და საფინანსო მექანიზმები, რომლის მიხედვით, ის კომპანიები, რომლებსაც კომერციული ბანკებიდან სესხის აღება არ შეუძლიათ, რადგან უზრუნველყოფის სახით ქონებას ვერ დებენ, დახმარებას საგარანტიო ფონდიდან მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასება მოხდება ამ კომპანიების. ეს კრიტერიუმები მაგალითად იქნება ის, თუ რამდენად არის ეს კომპანიები და მათი ბიზნეს-გეგმები ეკონომიკურად ეფექტური. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას კი ამ კრიტერიუმების მიხედვით ბანკები მიიღებენ. შემდეგ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მხრიდან გადავამოწმებთ და გავაკონტროლებთ. რატომ ბანკები? - იმიტომ, რომ იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც ამ კრედიტებს გასცემენ, მათ ამ კრედიტების რისკში მონაწილეობა ექნებათ და თუ რომელიმე ბიზნესი არაგადამხდელუნარიანი იქნება, ამ შემთხვევაში დაზარალდება არა მარტო მთავრობა და მისი ფონდი, არამედ კომერციული ბანკიც, რაც მოტივაციას უქმნის ბანკებს, რომ გასცენ კრედიტები საგარანტიო ფონდის ფარგლებში მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც მაქსიმალური ალბათობაა, რომ გადაიხდიან”, - განაცხადა მინისტრმა.

საკრედიტო-საფინანსო მექანიზმის გამჭვირვალედ ფუნქციონირების მიზნით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფიქრობს, რომ საგარანტიო ფონდში სავარაუდოდ, ე.წ ბორდი შეიქმნება.

„მას შეიძლება ჰყავდეს ე.წ ბორდი, რომელშიც წარმომადგენლობა შეიძლება განვსაზღვროთ ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას და მკაფიოობას პრიორიტეტების შერჩევასთან დაკავშირებით და მის შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ აღებულ ეკონომიკურ კურსთან. ეს კავშირი ძალიან მკაფიო უნდა იყოს - თუ ჩვენ გვინდა რაიმე ტიპის იმპორტის ჩანაცვლება, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაგალითად, ტურიზმში ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქტები შემოგვაქვს და ამის პოტენციალი არსებობს ქვეყანაში, მაშინ ეს საგარანტიო ფონდი არის სწორედ ის მექანიზმი, რომელმაც ასეთი ტიპის თარგეთირება შეიძლება, გააკეთოს სხვადასხვა ტიპის მიმართულებით მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რომან კაკულიამ BM.GE-სთან საუბრისას.

რომან კაკულიასგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამ იდეას მხარს არ უჭერს და მას სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვის მორიგ საშუალებას უწოდებს.

„ბიუჯეტიდან უამრავი ფული აბსოლუტურად უსარგებლოდ იფლანგება, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, თუ სხვადასხვა სუბსიდიებსა და პროექტების პროცენტების დაფინანსებით. შეიძლება, ასი პროექტიდან ერთმა გაამართლოს და ამას გადაიღებენ და აჩვენებენ, როგორც ნიმუშს. სოფლის მეურნეობაში ხომ საერთოდ მილიარდზე მეტი დაიხარჯა და უკუგება საერთოდ არ არის“, - აღნიშნა გოცირიძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვის „მეწარმეობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.