მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას პასუხობს მერს კომპანია, რომელიც დღეს კალაძის კრიტიკის ობიექტი გახდა?

5c3f36420ca20
თამუნა დემეტრაშვილი
16.01.19 18:15
1491
კომპანიაში, რომელმაც „ვარკეთილის ხიდების“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, აცხადებენ, რომ ქალაქის მერი კახი კალაძე შეცდომაშია შეყვანილი.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, სამუშაოები მაინც დროულად დაასრულეს.

ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ,,პასაჟი-საქართველოს“ კონტრაქტორი კომპანია ,,კა ემ პე“ ახორციელებდა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოდარ ბულბულაშვილმა bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართონ.

,,კონტრაქტი შეგვიწყვიტეს, რის გამოც 160 ათასი ლარის საჯარიმო სანქციები დაგვეკისრა; ამხელა ფული კომპანიამ უნდა იზარალოს, რისი მიზეზით? მერიას უკვე მივმართეთ და ავუხსენით გარემოებები. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, იძულებული გავხდებით სასამართლოს მივმართოთ, რომ თანხა დავუბრუნოთ. არ მგონია, კახი კალაძე ყველაფრის საქმის კურსში იყოს, მიწოდებული აქვს რაღაც არასწორი ინფორმაცია, რომელსაც 6 თვის მანძილზე ამეორებინებენ“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, 1 თვისა და 20 დღის განმავლობაში სამუშაოების იძულებით შეჩერება მოუწიათ.

,,ხიდის მიმდებარე დამხმარე გზა დაკეტილი იყო, წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ეს ჩვენს სამუშაოებთან კავშირში არ იყო, მაგრამ ამის გამო ხიდის დემონტაჟი ვერ დავიწყეთ. ვიყავით გაჩერებულები და ველოდებოდით. მიუხედავად ამისა, პროექტი მაინც დროულად დავასრულეთ“, - განაცხადა ბულბულაშვილმა.
მისი თქმით, ხიდებზე სამუშაოები 2018 წლის 6 ივნისს დაიწყო და 31 დეკემბერს გზა გაიხსნა.

„ხიდები არა - 50, როგორც კალაძემ განაცხადა, არამედ ჯამში, 200 მეტრი სიგრძისაა, სამუშაოებისთვის კი, სატენდერო პირობებით, 200 დღე გვქონდა, რაც თითქმის 7 თვეა და მიუხედავად იძულებითი შეჩერებისა, მაინც ჩავეტიეთ დროში“, - დასძინა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, დარჩენილია მცირე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რისი საშუალებაც მერიამ მათ აღარ მისცა და კონტრაქტი შეუწყვიტა.

,,დარჩენილია ბურჯების მოპირკეთების სამუშაოები და მიწაყრილების მოწესრიგება, ფილებიც უკვე მიტანილი გვქონდა“, - აღნიშნა ბულბულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია დღეს თბილისის მერის კრიტიკის ობიექტი გახდა.

,,7 თვის განმავლობაში ხდებოდა 50 მეტრი მონაკვეთის რეაბილიტაცია. არ ვიცი, კატასტროფაა. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება და ესეთი უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მერმა, იმ კომპანიების სანქცირება მოითხოვა, რომლებიც ტენდერით ნაკისრი ვალდებულებს არ ასრულებენ და მერიის პროექტებს აფერხებენ.