მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

5c6af649e397c
მარიამ ადამია
19.02.19 00:32
1649
ბოლო პერიოდში იზრდება იმის შანსი, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტს, Brexit-ის შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.

ეს ფაქტი კი, ყველაზე ნეგატიურად, შრომის ბაზარზე აისახება და შეაფერხებს, არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, არამედ - ევროკავშირსაც.

Brexit-ის ეფექტის შესაფასებლად, კვლევა Halle Institute for Economic Research-ის ექსპერტებმა ჩაატარეს. მათ 43 ქვეყანაში 56 ინდუსტრიული სექტორი გააანალიზეს და დაითვალეს, თუ რა შედეგს მივიღებთ, თუ ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტი 25%-ით შემცირდება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ევროკავშირში ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, გერმანიამ, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია ევროპაში, შესაძლოა, 103 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგოს. ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა, რომლის მრეწველობის ძირითადი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, ავტომობილებისა და გემების წარმოება და ქვეყანა, რომელიც მზა პროდუქციით ამარაგებს მსოფლიოს უმეტეს ბაზრებს, რისკის ქვეშ დგას.

მსგავსად გერმანიისა ბრექსითის შედეგად იზარალებს ამერიკის შეერთებული შტატებიც; მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, 15 ათას 900 სამუშაო ადგილის დაკარგვაზეა საუბარი.

58, 800 - ეს ჩინეთში იმ სამუშაო ადგილების რაოდენობაა, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ დგას. აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ბრექსითი მნიშვნელოვნად დააზარალებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ფლობს ნავთობის, გოგირდის, სპილენძისა და სხვადასხვა სახის მარილების უდიდეს მარაგს; სადაც მოიპოვება თითქმის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული, რომელიც მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და პირველია ჰიდრორესურსების მარაგით.

ბრექსითის მოსალოდნელ შედეგებს ითვლიან საფრანგეთშიც, სადაც 49 ათას 800 სამუშაო ადგილია რისკის ქვეშ. საფრანგეთი, გერმანიის შემდეგ ევროკავშირში ეკონომიკური მაჩვენებლებით მეორე ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ქვეყნების ათეულშიც სტაბილურად სახელდება. ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა კი, მომსახურების სექტორშია გადანაწილებული, სადაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 76,7% იყრის თავს. ხოლო მის სავაჭრო პარტნიორებს შორის ისეთი ქვეყნები სახელდება, როგორებიცაა: გერმანია, ბელგია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.

სავარაუდოდ, 46 ათას 500 ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს ბრექსითის შედეგად პოლონეთში. მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ევროპის მასშტაბით სიდიდით მეექვსეა და საშუალო წლური 6%-იანი ეკონომიკური ზრდით, ცენტრალურ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდიც. დღეს პოლონეთი გარკვეულ ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის. მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემის მიმართულებით. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები კი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ჩეხეთია.

ანალიტიკოსების აზრით, ვერც იტალია გადაიტანს ბრექსითს უმტკივნეულოდ, რადგან დაკარგული სამუშაო ადგილების სავარაუდო რიცხვი 46 ათას 200 უტოლდება. ქვეყანას, რომელიც ძლიერი სახელმწიფო სექტორით ევროკავშირის რიგით მესამე ეკონომიკაა და რომლის ძირითადი პოტენციალი თავს „სამრეწველო სამკუთხედში“ მილანი - ტურინი-გენუაში იყრის, ბრექსითი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.

ზარალი, სავარაუდოდ, არც ინდოეთს ასცდება. ქვეყანა, რომელშიც განვითარებულია აგრომრეწველობა და რომელსაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, ბოლო წლებში ეკონომიკაში დიდ მიღწევები აქვს, 33 ათას 300 სამუშაო ადგილს დაკარგავს.

გარდა ჩამოთვლილი ქვეყნებისა, ანალიტიკოსები ბრექსითის გამო მნიშვნელოვან დანაკარგებზე მიანიშნებენ ესპანეთში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში, ბელგიასა და ჩეხეთშიც.