მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭისა და წყალტუბოს განვითარების კონცეფციების მომზადება 226 000 დოლარი დაჯდა

59786324e87da
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.17 12:24
1847
რაჭისა და წყალტუბოს განვითარების კონცეფციების მომზადება 226,790 დოლარი დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაცია "საქმის კურსს" საპარტნიორო ფონდში მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, მათ მიერ დაკვეთილი ორივე კვლევის შეთხვევაში საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა ფასთა გამოკითხვა, შეირჩა რაჭის შემთხვევაში კომპანია BDO (კვლევის ღირებულება 66. 790 $) ხოლო წყალტუბოს შემთხვევაში Kohl and Partners (კვლევის ღირებულება 160.000$).

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ რაჭისა და წყალტუბოს პროექტებით ამ დროისთვის დაინტერესებულია ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებთანაც ფონდისა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"საპარტნიორო ფონდის მხრიდან ბიზნეს წრეებსა და პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში კაპიტალდაბანდებით ხდება პროექტის პრეზენტირება. ასევე, წყალტუბოს შესახებ პრეზენტაციები კეთდება სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე (მათ შორის, ფონდის მხრიდან მოხდა წყალტუბოს პროექტის წარდგენა MIPIM 2015-ზე).

აღნიშნული კვლევები წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტს რათა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება კონკრეტული პროექტებით და მათთვის პირველადი დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდება",- აცხადებენ ფონდში.

წყალტუბო: კვლევის შედეგად დაიდო წყალტუბოს კურორტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა, რომელიც აერთიანებს შემდეგ დოკუმენტებს:

• ბაზრის კვლევა
• წყალტუბოს განვითარების კონცეფცია და ეკონომიკური დასაბუთება
• სახელმწიფოს ბალანსზე არსებული (ყოფილი სანატორიუმების) ტექნიკური შეფასება და დეტალური ინვენტარიზაცია (არსებული მდგომარეობა, რუკები, ინფრასტრუქტურა და ა.შ.)
• თითოეული სანატორიუმის შესახებ ტექნიკური რეპორტი
• წყალტუბოს კურორტის სავარაუდო ფინანსური შედეგები/მოდელი, ინვესტიციის შეფასება და ფინანსური გათვლები.
• რეკომენდაციები კურორტის განვითარებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ

რაჭა: რეგიონის ტურისტული განვითარების ზოგადი კონცეფცია, სადაც იდენტიფიცირებული იყო სამი პოტენციურად ყველაზე საინტერესო კურორტი: შოვი, შაორი, უწერა.

• პირველადი ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება ( რეაბილიტაცია)
• სამი კურორტის ზოგადი რეკომენდირებული კონცეფცია
• პირველადი ფინანსური გათვლები და ინვესტიციის შეფასება