მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზარალზე გავიდა სარესტორნო ბიზნესი თამბაქოს მოწევის აკრძალვით 2018 წელს?

5c48ce219b6ad
ელენე გოგბერაშვილი
24.01.19 12:16
955
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 მაისიდან დახურულ შენობებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

შეზღუდვები განსაკუთრებით ხელშესახები სარესტორნო ბიზნესისთვის აღმოჩნდა.

მათი თქმით, თუ ზაფხულის პერიოდში მომხმარებელი ძირითადად ღია სივრცეებში სტუმრობას არჩევდა, ზამთარში არის ტენდენცია, როცა უმრავლესობა საკვების სახლში გამოძახებას არჩევს.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-თან საუბარში განმარტავს, რომ რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ 10-ზე მეტი ობიექტი დაიხურა, განსაკუთრებით -ჩილიმბარები.

ქეთი კვიჭიძის ინფორმაციით, გასული წელი სარესტორნო ბიზნესისთვის ზარალიანი იყო, რადგან გაყიდვები თითქმის განახევრდა.

„გაყიდვები 50%-ით შემცირდა. მომხმარებლისთვის არ არის კომფორტული, როცა ზამთარში მოსაწევად გარეთ გადის. არჩევენ იქ წავიდნენ, სადაც ტერასებია. გასული წელი სარესტორნო ბიზნესს მნიშვნელოვანი ზარალი ჰქონდა, თუმცა ყველგან ასე მოხდა, სადაც მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა, ბიზნესს მოუწია კრიზისის გადატანა, ჩვენთანაც ასეა“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გაყიდვების შემცირებას ადასტურებს რესტორან „ტიფლისის“ ხელმძღვანელიც. დიმიტრი მელიქიძე ამბობს, რომ 2017 წელთან შედარებით გასული წელი 40%-ით შემცირებული გაყიდვებით ხასიათდებოდა.

„ზამთარი ზოგადად პასიურია, თუმცა მომხმარებელი ცდილობს იქ წავიდეს, სადაც ვერანდაზე შეძლებს მოწევას. თამბაქოს მოწევის აკრძალვა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც გაყიდვები შემცირდა. 2017 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 40%-ია“, - აცხადებს დიმიტრი მელიქიძე.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით, მოწევა აკრძალულია კაფე-ბარებში და რესტორნებში. მოწევა ნებადართულია მხოლოდ კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარებსა და სამორინეებში.