მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იყოს საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა ანუ რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარებს

5c0a48b3b0f58
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.18 18:00
3751
სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი არის ის სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური კრიზისების, საგარეო ან საშინაო შოკების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას იცავს და მისთვის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია - თუ მისი მოცულობა ადეკვატურია, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგსა და ინვესტორთა ნდობასთან.

მეტიც, ის მოლოდინების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. თუ საფინანსო სექტორი ხედავს, რომ რეზერვების მოცულობა მცირეა, ან სახელმწიფო მის ადეკვატურად გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ იმის ალბათობა, რომ თუნდაც მცირე კრიზისი გამწვავდეს და ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს, მაღალია.

რამდენია სავალუტო რეზერვების მოცულობა დღეს და რატომ არ არის ის ადეკვატური ზომის?


დღეს საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა $3,088,515,900-ს შეადგენს - ეს დაახლოებით, იმდენივეა, რამდენიც 2013 წლის ბოლოს, ანუ ზუსტად 5 წლის წინ იყო. შესაბამისად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის ზომის ზრდის მიუხედავად, რეზერვების დონე არ გაზრდილა. მეტიც, რეზერვების დონე მკვეთრად შემცირდა. შედარებისთვის: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა ნომინალურად 29 მილიარდი ლარი იყო, 2019 წლისთვის კი, მისი ზომა ნომინალურად 44.9 მილიარდი იქნება.

სავალუტო რეზერვების ზომის ყველაზე დიდი ვარდნა 2014-2015 წლებში მოხდა, როდესაც საქართველოში დაწყებული სავალუტო კრიზისის შესარბილებად ეროვნულმა ბანკმა რეზერვების გაყიდვა დაიწყო.

ინტერვენციების შედეგად, 2015 წლის მაისში რეზერვები კრიტიკულად დაბალ მაჩვენებლამდე - $2,4 მილიარდამდე შემცირდა. 2016 წლიდან სებ-მა რეზერვების შესავსებად საპირისპირო ინტერვენციების განხორციელება დაიწყო. ჯამში, 2016 წელს ეროვნულმა ბანკმა $280 მილიონი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა. შესყიდვის ტალღა 2017 წელსაც გაგრძელდა, ამ დროს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა. 2018 წელს რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა გაგრძელდა, ეროვნულმა ბანკმა ჯამში, 13 ინტერვენციით $137 მილიონი შეისყიდა.

რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი რეზერვებს?


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის სავალუტო რეზერვებს მრავალი კრიტერიუმის ჯამით აფასებს. მათ შორისაა ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის დეტალური ანალიზი, ეკონომიკის რისკების შეფასება, საგარეო ვალის მომსახურების განრიგი და სხვა ეკონიმიკური გარემოებები. მეთოდოლოგიას, რომლითაც ეს შეფასება ხდება ARA 2015 (Assessing Reserve Adequacy) ეწოდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ამ კრიტერიუმთა ჯამის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას შესაბამის კოეფიციენტს ანიჭებს, რომლის მიხედვითაც 1-1.5 ქულა რეზერვების ადეკვატურ ზომად ითვლება. თუ რეზერვები ამაზე ნაკლებია, ის არაადეკვატურ ზომად ითვლება, 1.5-ზე მეტი კი ნიშნავს, რომ ქვეყანას იმაზე დიდი ეკონომიკური ბუფერი აქვს, ვიდრე მის ეკონომიკას ესაჭიროება.

IMF-ის მონაცემებით, საქართველოს ქულა დღეს 0.9-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რეზერვების ზომა არაადეკვატურია და მას შევსება ესაჭიროება. შედარებისთვის, სომხეთის ქულა 1.13, ხოლო რუსეთის 3.01-ია. სავალუტო ფონდი რეზერვების შევსების რეკომენდაციას ასევე აძლევს თურქეთს (0.77 ქულა) და უკრაინას (0.81 ქულა).

საქართველოს ქულა - 0.9 ნიშნავს, რომ რეზრევების მოცულობა იმისთვის, რათა ის ადეკვატურად ჩაითვალოს, მინიმუმ 10%-ით უნდა გაიზარდოს და $3.45 მილიარდი გახდეს.

საიდან მოვიდა ეს ციფრი? - IMF-ის მეთოდოლოგიით რეზერვის ადეკვატური დონე უნდა იყოს მინიმუმ - ქვეყნის ბოლო სამი თვის იმპორტს დამატებული მომდევნი სამი თვის განმავლობაში მთლიანი საგარეო ვალის სახით გადასახდელი თანხა. საქართველოს შემთხევვაში გასული სამი თვის (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) იმპორტის მაჩვენებელი $2.355 მილიარდი იყო, ხოლო წლის მეოთხე კვარტალში საგარეო ვალის მომსახურების ღირებულება კი $1.1 მილიარდია, რისი ჯამიც $3.45 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის ადეკვატური სავალუტო რეზერვების ზომა მინიმუმ $3.45 მილიარდია.

პრობლემა, რომელთანაც რეზერვების შევსება არის დაკავშირებული


ბოლო სამი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ამ გაუფასურების ფონზე ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს რეზერვების შევსებულის პოლიტიკას. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციები მოხდება ისე, რომ კურსის მიმართულება არ შეიცვალოს. შესაბამისად, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის გაუფასურება არ მოჰყოლია. თუმცა, საზოგადოების ნაწილისთვის გაუფასურების ფონზე დამატებითი ინტერვენციების განხორციელება გაურკვეველ სიგნალს წარმოადგენს, რის გამოც, ბიზნეს სექტორი სებ-ს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას სთხოვს.