მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის დანაშაულები გაიზარდა? - პრემიერის განმარტება

5c94b2f8c8434
თელარა გელანტია
22.03.19 14:03
701
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ პოლიციისადმი მიმართვიანობა გაზარდა“.

ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

„დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად სწორედ ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად, ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს: კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება − თითქმის 18%-ით.

სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული.

ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე. ანუ სწორედ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება.
მინდა მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ხოლო დანაშაულის ჩამდენმა კანონით დადგენილი წესით ადეკვატური პასუხი მიიღოს.

მინდა შეგახსენოთ და დარწმუნებული ვარ, ყველას არგად გახსოვთ, რომ წარსულში პოლიციის მიერ ნაკლებად ხდებოდა ისეთი დანაშაულების აღრიცხვა, რომელთა გახსნის პერსპექტივაც იყო დაბალი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განცხადებებიც კი არ რეგისტრირდებოდა.

ეს იყო მავნე პრაქტიკა, ეს იყო თავის მოტყუება, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. თუ დააკვირდებით დანაშაულის ტიპოლოგიურ სტრუქტურას, კარგად ჩანს, რომ, მაგალითად, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62 პროცენტი მოდის სწორედ იმ დანაშაულებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება.

ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების თვითმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებლები, მაგალითად, ადევნების მაჩვენებლები გაზრდილია რამდენჯერმე, რომელიც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ განვმარტე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.