მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გადახედავს სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს?

5baa0a12bca1a
დავით ჯალაღონია
25.09.18 14:21
1283
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, თუ ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკმა შესაძლოა, ტარიფები მიმდინარე წელს ისევ დაითვალოს.

როგორც სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, როდესაც 2017 წელს კომისია ელექტრონერგეტიკის სექტორში სამომხმარებლო ტარიფებს ითვლიდა, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან გარკვეული რაოდენობის მომხმარებლების ბაზარზე გავიდოდნენ, შესაბამისად ახალი ტარიფები სემეკმა ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაიანგარიშა.

„შემდეგ ამ კანონპროექტის ერთგვარი ცვლილება მოხდა და ამ მომხმარებლების ბაზარზე გასვლა შეჩერდა, რის შედეგადაც ბაზარზე უფრო ნაკლები კომპანია გავიდა, ვიდრე ეს ჩვენ გავითვალისწინეთ ტარიფების გაანგარიშებისას. როგორც ახლა გაჟღერდა ინიციატივა, ბაზრის გახსნა გაგრძელდება და შემდეგი ტალღა განხორციელდება გარკვეული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლის მიმართულებით. ამ ეტაპზე საუბარია, წელიწადში 5 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების მქონე საწარმოებზე. ასეთია დაახლოებით, ათამდე საწარმო“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ თუ ეს პროცესი არ გაგრძელდება, შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა საჭირო გახდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ საჭირო გახდეს სამომხმარებლო ტარიფის კიდევ ერთხელ გადახედვა, ვინაიდან ის მოცემულობა, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ მაშინ ტარიფები დავთვალეთ, აშკარად შეიცვალა და შესაბამისად, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ტარიფების გადახედვა მოგვიწევს“, - აღნიშნა მან.
ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები სემეკს სამი წლის ვადით აქვს დადგენილი.

შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ელექტროენერგიას სამი უმსხვილესი მომხმარებელი თავისუფალი ბაზრის პრინციპით ყიდულობს. ბაზარზე გავიდნენ ის კომპანიები, რომლებმა 2018 წლის პირველ სამ თვეში საშუალოდ, 15 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგია მოიხმარეს.