მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი მიიღო Wissol-მა 2017 წელს და რამდენია კომპანიის მოგება

5c10f26398dc6
BM.GE
12.12.18 16:02
4340
“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო დამსაქმებელია. მხოლოდ “ვისოლში” თანამშრომელთა რაოდენობა 1969-ს შეადგენს, ხოლო კომპანიის ჯგუფში დაქირავებულთა რაოდენობა 2000-ს აჭარებებს.

“ვისოლმა” 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა.

დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანია “დელოიტის” მიერ მომზადებული დასკვნით, “ვისოლისთვის” განვილი წელი ერთის მხრივ გაზრდილი შემოსავლით ხასიათდებოდა, რასაც ერთვოდა გაზრდილი ხარჯებიც - რაც საწვავის დისტრიბუციისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდამ გამოიწვია.

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” კონსოლიდირებული აუდიტის შედეგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა უწყვეტი საქმიანობიდან (ძირითადად ნავთობის რეალიზაცია) 2017 წელს 414,482,000 ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით მეტია. თავად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი, 2017 წელს 348,406,000 ლარს შეადგენდა, რაც 2016 წელთან შედარებით 25%-ით მეტი იყო.

შესაბამისად, სხვაობამ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასა და მიღებულ შემოსავალს შორის 66 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, კომპანიის გაყიდვისა და დისტრიბუციის ხარჯი - 37 მილიონ ლარს, ზოგადი ადმინისტრაციული ხარჯი კი - 38 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთანავე, კომპანიის საპროცენტო ხარჯი 10 მილიონ ლარს აღემატებოდა. შესაბამისად, “ვისოლს” უწყვეტ საქმიანობაში არა - მოგება, არამედ 10.6 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

2017 წლის 19 მაისს “ვისოლ” ჯგუფმა ძირითადი საქმიანობიდან გამოჰყო საავიაციო საწვავის ოპერაციები და დააფუძნა ახალი იურიდიული პირი, შპს “აირ ვისოლი”. 2017 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა შპს „აირ ვისოლში“ 100%-იანი წილი გაასხვისა. კომპანიამ ამ ტრანზაქციით 50.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, “ვისოლ პეტროლიუმის” მთლიანმა მოგებამ 2017 წელს 40 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ ფინანსური ლიკვიდობის გასაუმჯობესებლად, ჯგუფის აქციონერთა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2017 წელს არ მოხდა დივიდენდების განაწილება. ასევე, ვისოლმა დაიწყო თავისი არა-ძირითადი, ფულის გენერაციის არმქონე აქტივების, ძირითადად მიწის ნაკვეთების რეალიზაციის პროცესი, საიდანაც მიღებული ფული მიმართული იქნება სესხების შესამცირებლად.

2017 წლის მდგომარეობით, “ვისოლს” ყველაზე დიდი საკრედიტო ვალდებულება ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე ჰქონდა. აღნიშნული ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 47 მილიონ ლარს შეადგენდა.

“ვისოლს” ამასთანავე, ავსტრიის უნიკრედიტ ბანკისგან 30 მილიონი ლარის სესხი ჰქონდა მოზიდული. ამასთანავე, კომპანია ქართული კომერციული ბანკების დაფინანსებითაც სარგებლობდა.

“ვისოლის” მთლიანი საკრედიტო ვალდებულებები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 139 მილიონ ლარს შეადგენდა. 2016 წელთან შედარებით, კომპანიის ვალდებულება შემცირებულია.

სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” დახურული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოში 2000 წელს დაფუძნდა, როგორც შპს “კანარგო სტანდარდ ოილ პროდაქტსი”. კომპანიის მიზანს ქვეყანაში სასურსათო მაღაზიებითა და ავტოსამრეცხაო ცენტრებით აღჭურვილი ბენზინგასამართი სადგურების პრემიუმ-ქსელის შექმნა წარმოადგენს. ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მდებარე 164 ბენზინ და გაზგასამართ სადგურს, რომელთაგან 87 ბენზინის და 15 გაზის სადგურს 100%-იანი მფლობელია ჯგუფი, 57 ბენზინისა და 5 გაზის სადგური კი, იჯარით აქვს აღებული და ამუშავებს, 1 ბენზინის სადგურს კი ფლობენ საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიები. კომპანია ოპერირებს როგორც საცალო, აგრეთვე - საბითუმო სეგმენტში.

კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” მეწილეთა სია ასეთია - ლევან ფხაკაძე 35.77%; სამსონ ფხაკაძე - 30.98%; გიორგი რამიშვილი- 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი - 8.25%; ალექსი თოფურია - 7.12% და დევიდ ბორგერი - 2.38%.

“ვისოლის” ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ნავთობკომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი საერთაშორისო ბაზარზე პლატცის მარკის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების მერყეობაა. პროდუქტის შესყიდვა ხდება აშშ დოლარში, ხოლო პროდუქციის საცალო ქსელში და კორპორატიული რეალიზაცია ხდება მხოლოდ ლარში.

შესაბამისად, საბოლოო პროდუქტის ფასში, შესასყიდი საწვავის ფასი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული რისკის დაზღვევა ხდება ნაწილობრივ, პროდუქტის შემოტანების წლის მანძილზე თითქმის თანაბარი გადანაწილებით, თუმცა ეს პროცედურა ვერ უზრუნველყოფს რისკის სრულ დაზღვევას.

გარდა ამისა, სარეალიზაციო საფასო პოლიტიკა მოიცავს შესასყიდი ფასების და ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის კომპონენტებს.

მომგებიანობის გაუმჯობესების მიზნით, ჯგუფმა 2018 წელს შეამცირა ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მზა ნავთობპროდუქტის (ბენზინი და დიზელი) შესაძენი ფასების გაზრდის გამო, 2018 წლის მომგებიანობა კვლავ არ არის მაღალი.