მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს საქართველოში ბროკოლის წარმოებას - კვლევა

5b810a7dec10b
BM.GE
25.08.18 13:00
3281
PMCG-მ ქვემო ქართლში ბროკოლის წარმოების პოტენციალი შეისწავლა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ნიადაგი და კლიმატი ხელსაყრელია ბროკოლის წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მემცენარეობა ძირითადად კარტოფილით, მარცვლოვნებითა და ბოსტნეულით არის წარმოდგენილი, ამ რეგიონში ასევე იწარმოება ბროკოლი და არის სოფლები, სადაც კომერციული მიზნით ამ პროდუქტის წარმოება წარმოადგენს ფერმერისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვემო ქართლში ბროკოლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის კვლევა. ამ მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში სამაგიდე სამუშაოებთან ერთად ჩატარდა 22 ინდივიდუალური ინტერვიუ და 5 ფოკუს ჯგუფი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების დონე მსოფლიოში ზრდადი ტრენდით ხასიათდება. ასე 2016 წელს მსოფლიოში 25 მლნ ტონაზე მეტი ბროკოლის წარმოება მოხდა. ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს უმსხვილესი მწარმოებლებია ჩინეთი და ინდოეთი. საქართველოში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების დონე საკმაოდ ცვალებადია და ბოლო წლებში ნაკლებია ვიდრე 2011-2012 წელს. დაბალი წარმოების დონის მიუხედავად, ქართული ბროკოლი მცირე რაოდენობით გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი) და როგორც ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, ბროკოლის შემთხვევაში, იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს.

რაც შეეხება ბროკოლის ფასებს, ქვემო ქართლის ბროკოლი შედარებით იაფია, სხვა რეგიონებისა და იმპორტირებულ ბროკოლთან შედარებით, რაც წესით ხელს უნდა უწყობდეს ქვემო ქართლის ბროკოლის კონკურენტუნარიანობას. თუმცა ქვემო ქართლში სტაბილურად წლის განმავლობაში ბროკოლის წარმოება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონკურენტუნარიანობას. საქართველოს ბაზარზე ბროკოლი არის წარმოდგენილი 4 სახის პროდუქტით: ბროკოლის თავები, ბროკოლის პიურე (საბავშვო), ბროკოლის მიკრობოსტნეული და ორგანული ბროკოლის წვენი.

ხარჯებისა და ნამატების თვალსაზრისით, მოგების მარჟა ბროკოლისთვის ადგილობრივად, საქართველოში გაყიდვის შემთხვევაში შეადგენს 76%-ს, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში, არსებული შედარებით დაბალი პროდუქტიულობის გათვალისწინებით მცირდება 40%-მდე. ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბროკოლი არის მაღალი მოგების მარჟის მქონე ბოსტნეული, რომელსაც ამჟამად უფრო მეტად იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს, ვიდრე ექსპორტისა, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: • ბროკოლის იმპორტი გაცილებით აღემატება მის ექსპორტს; • სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი (მოგების მარჟაც) ადგილობრივადაც მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს; • საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფონზე მომავალში მოსალოდნელია, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა და შედეგად გაუმჯობესებულ საკვებ რაციონზე მოთხოვნის გაზრდა (დიეტის დივერსიფიკაცია). ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები კი შემდეგი ფაქტორებითაა გამოწვეული: • ევროპული ქვეყნები არიან მსოფლიოში ბროკოლის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის; • მაღალი მიწოდება ევროკავშირში განაპირობებს შედარებით დაბალ ფასს, რომელსაც ტრანსპორტირებისა და სერტიფიცირების გათვალისწინებით, ვერ უწევს კონკურენციას ქართული ბროკოლის ფასი; • დაბალი პროდუქტიულობა საქართველოში, რაც ზრდის პროდუქციის ერთეულის ტრანსპორტირებისა და სეტიფიცირების დანახარჯებს.