მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, ჩაიშლება

5baa27455bf63
სალომე მეცხვარიშვილი
25.09.18 16:30
1342
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, ჩაიშლება. აღნიშნულის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საკმაოდ მსხვილ შესყიდვაზე, რომლის ღირებულება, როგორც უწყებაში გვითხრეს, საჯარო არ არის. ტენდერში წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დასრულდა. მასში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, ტენდერში იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რის გამოც, სავარაუდოდ, ის ახლიდან გამოცხადდება.

„ეს არის ძლიან რთული პროექტი, რომელიც შესაბამისად მოიცავდა სათანადო კრიტერიუმებს. იმაზე დაბალი იყო აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მხოლოდ ოთხმა კომპანიამ შემოიტანა წინადადება. ამჟამად შეფასების სტადიაზეა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის მოცემულობა, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში უნდა ყოფილიყო ამ ტენდერთან დაკავშირებით.

დამატებით ვაწარმოებთ შეხვედრებს და კომუნიკაციას, რათა მეტი გამოცდილი კომპანია მოვიცვათ.

ალბათ მოხდება დაზუსტებები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეტ კომპანიას მონაწილეობა მიიღონ ამ ტენდერში. უფრო სავარაუდოა, რომ ხელახლა მოხდება გვირაბის ნაწილის გამოცხადება.

რაც შეეხება მისასვლელ გზას, ტენდერი გრძელდება, მისი პირველი ეტაპი დასრულების ეტაპზეა“,- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო და შესყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა, ''გორან ჯგუფია”. მისი ხელმძღვანელის ჯანიკო ყაფლანიშვილის განცხადებით, გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით მათი შეთავაზება 315 მილიონი ევრო ევრო იყო.

„კონკრეტულმა ტექნიკურმა გადაწყვეტილებებმა გააძვირა ტენდერის ღირებულება. ფასი, რომელიც გათვალისწინებული იყო, სიღრმისეულად არ იყო შესწავლილი.
დონორების გადასაწყვეტია, შეწყდება თუ არა ტენდერი. არის იქ ტექნიკურ ნაწილში ისეთ საკითხი, რამაც გამოიწვია ფასწარმოქმნის ზრდა, რომელიც არ არის შესაბამისობაში გამოყოფილ თანხებთან“,- აცხადებს ჯანიკო ყაფლანიშვილი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზა 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და მგზავრობა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.