17.თებერვალი.2016 18:49
ეკონომიკა

"ყაზახეთი არ აპირებს გასვლას ბათუმის პორტისა და ბათუმის ნავთობტერმინალის აქტივიდან"

"ყაზახეთი არ აპირებს გასვლას ბათუმის პორტისა და ბათუმის ნავთობტერმინალის აქტივიდან"
საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა ბაკიტჟან საგინტაევმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართულ მხარესთან ერთად ბევრი საკითხი, მათ შორის ბათუმის პორტის საკითხი განიხილეს.
 
"ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს განიხილება ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ეს არის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ჩვენმა სარკინიგზო უწყებებმა მოილაპარაკეს, რომ დაარსონ კონსორციუმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთის პორტებიდან ტვირთების მოძრაობას ბათუმში, ხოლო ბათუმიდან თურქეთში და შემდეგ ევროპაში. ეს არის ძალიან მომგებიანი სატრანზიტო მარშრუტი ყველასთვის და ჩვენ ყველა ვართ საკმაოდ სერიოზულად დაინტერესებული ამ კონსორციუმის შექმნით", - განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა.

ბაკიტჟან საგინტაევმა დაადასტურა, რომ ყაზახეთი არ აპირებს გასვლას ბათუმის პორტისა და ბათუმის ნავთობტერმინალის აქტივიდან, რამდენადაც ეს საკითხი დაკავშირებულია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან.

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენი აქტივები იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან. თქვენ იცით, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ მიმართებაში სადაო სიტუაციაა, დაახლოებით 6-7 წელია არ ვმართავთ ამ აქტივს, იქ არის სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი, ეს სიტუაცია წლებია გრძელდება და ჩვენ არ გვაქვს წვდომა საკუთარ აქტივებთან, რომელშიც 142 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული. შესაბამისად, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს აქტივი იქნება დაცული, ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ, ბატონმა ვიცე-პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ აქტივს სრულად დაიცავს, რომ მათ სხვა განზრახვა არ აქვთ და ქართულ მხარეს სურს, რომ ყაზახეთი დარჩეს ინვესტორად აღნიშნულ ბიზნესში", - განაცხადა ბაკიტჟან საგინტაევმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ყაზახური მხრიდან მიღებული გარანტიები, რომ არ აპირებენ ბათუმის პორტიდან და ტერმინალიდან გასვლას, იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

"მათ აქვთ დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელება და ტექნოლოგიური გაუმჯობესება როგორც ბათუმის პორტში, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალში. თუმცა, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ყაზახურმა ტვირთებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ეს კორიდორი და რაც შეიძლება მეტი ყაზახური ტვირთი უნდა იყოს მოზიდული აღნიშნულ კორიდორში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, განხილვის თემა ასევე იყო "ყასტრანსგაზ თბილისის" საკითხი.

"ჩემმა კოლეგამ შემოგვთავაზა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი ჩამოვა კომპანიაში გარკვეული ინფორმაციის სანახავად და ამის შემდეგ უკვე ყაზახური მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან პირდაპირ გაჟღერდა, რომ ჩვენთვის სასურველი და აუცილებელია ყაზახური მხარის დაბრუნება მენეჯმენტში, რომ მათ თვითონ გააგრძელონ კომპანიის მართვა. თუმცა აქვე განვმარტეთ, რომ კომპანიას სჭირდება ინვესტიციები და ყაზახურ მხარეს უნდა ჰქონდეს გათავისებული, რომ ამხელა კომპანიას, რომელიც არის ექსკლუზიური მომმარაგებელი ჩვენი დედაქალაქის, აუცილებლად დასჭირდება ინვესტიციების ჩადება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.

ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოში 16 თებერვალს ჩამოვიდა. ბაკიტჟან საგინტაევმა დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი, ბათუმის პორტი და ბათუმის ნავთობტერმინალი მოინახულა და ორმხრივი შეხვედრები გამართეს. ყაზახეთის დელეგაცია თბილისიდან 17 თებერვალს გამეგზავრება.



20.ნოემბერი.2018 17:22
239

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
419

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
931

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
94

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
123

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
79

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად