20.აპრილი.2017 18:06
ეკონომიკა

"ხუდონის მსგავსი პროექტის გაჭიანურება საინვესტიციო გარემოს ნაკლოვანების მაჩვენებელია"

"ხუდონის მსგავსი პროექტის გაჭიანურება საინვესტიციო გარემოს ნაკლოვანების მაჩვენებელია"
ხელისუფლებამ "ხუდონჰესის" ინვესტორს "ტრანს ელექტრიკას" პროექტიდან გასვლა შესთავაზა. "ხუდონჰესთან" დაკავშირებით განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. რას ნიშნავს "პროექტის წამოღება“ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო "ხუდონჰესის" პროექტის ინვესტორის გარეშე განხორციელებას აპირებს? - ამ კითხვაზე პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია და "ტრანს ელექტრიკაც" დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი მურმან მარგველაშვილი საუბრობს.

- ბატონო მურმან, უპირველესად, კახა კალაძის განცხადებას როგორ შეაფასებდით?

- მე ამ განცხადებაში არ გამიგია სიტყვები, რომ პროექტი სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ძალიან კარგია, თუმცა უმჯობესია ეს არა სახელმწიფოს მხრიდან იყოს განხორციელებული, არამედ ინვესტორის მიერ. საერთოდ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის კომერციულ სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერიოს. მან ის საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას, რომელიც ინვესტორს იმაში დაარწმუნებს, რომ ბიზნეს რისკები გაიღოს, თანხები ჩადოს და პროექტი განახორციელოს. საკმარის ინფორმაციას არ ვფლობთ იმის შესახებ თუ რატომ არ ხორციელდება აღნიშნული პროექტი ისე, როგორც იგი თავიდან იყო დაგეგმილი. სახელმწიფომ ინვესტორს საკმაოდ დიდი გარანტიები მისცა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება 10.5 ცენტით თითქმის 10 წლის განმავლობაში სრული გამომუშავების შესყიდვას გულისხმობს, რაც ინვესტორისთვის დამარწმუნებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ აქ უფრო კითხვები ჩნდება ინვესტორს პროექტის განხორციელების შესაბამისი საშუალებები არ აქვს, თუ ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება არის, რომ პროექტი მან განახორციელოს. ეს მისასალმებელი არ იქნება, რადგან ბოლო პერიოდში საკმაოდ არასწორი ტენდენციაა, როდესაც გენერაციის სადგურები სახელმწიფოს მიერ შენდება, - ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ის გარემო შექმნას, რომელიც ფულს მოიზიდავს და არა თვითონ დახარჯავს, რომელიც შესაძლოა ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა პროექტებში დაიხარჯოს.

- პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ფიქრობთ, თუ არა, რომ საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა და ზოგადად ასეთი პროექტების გაჭიანურება საინვესტიციო გარემოს უქმნის თუ არა საფრთხეს?

- ასეთი პროექტების გაჭიანურება საინვესტიციო გარემოს ნაკლოვანების მაჩვენებელი უფრო არის, ვიდრე საფრთხის შემქმნელი. აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე გახმაურებული პროექტია, რაც ჩვენ კარგად არ ვიცით ეს არის ამ პროექტის მნიშვნელობა მთელი ენერგეტიკის განვითარების სურათში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიმართულებით პროფესიული პასუხი არ გვაქვს, რომელიც შესაძლებელია ინვესტორსაც და იქ მაცხოვრებელ ადამიანებსაც, ასევე არასამთავრობოებს თუ სამთავრობო სტრუქტურებს დაარწმუნებდა იმაში, რომ ამ მიმართულებით ენერგიული ქმედება განხორციელდეს და დამარწმუნებელი არგუმენტები იყოს ყველასთვის, რომ აღნიშნული პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

- აქვს თუ არა ამ პროექტს ალტერნატივა?

- საკითხის ასე დასმა სწორი არ არის. თუ გამომუშავების მიხედვით შევადარებთ, ერთი "ხუდონჰესის" ალტერნატივა 20-30 ან ცოტა მეტი მცირე სადგური უნდა იყოს. გარემოს ზემოქმედების შეფასების თვალსაზრისით, 30 სადგური მეტ ზემოქმედებას იქონიებს, თუ ერთი ’’ხუდონჰესი“ ეს კიდევ საკითხავია. ამიტომ ყველაფერი უნდა განვითარდეს. თუ ჩვენ რესურსები და მოთხოვნილება გვაქვს და ჩვენი ქვეყნის განვითარება გვინდა, მაშინ დიდიც უნდა განვითარდეს და მცირეც, ოღონდ ეს დამარწმუნებელი პოლიტიკის შესაბამისად, პროფესიული დაგეგმვის საფუძველზე მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებით უნდა მოხდეს.

- რატომ არ ტარდება დამარწმუნებელი პოლიტიკა, ვისი მხრიდან აქვს ამ ნაკლოვანებას ადგილი და ვინ უნდა მოახერხოს მისი აღმოფხვრა?

- ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ერთიანი პროფესიულად მომზადებული სტრატეგია უნდა იყოს ენერგეტიკაში. ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთი მხრივ, პროფესიონალიზმი გვაკლია და მეორე მხრივ - სტრატეგიული ხედვა და არა მხოლოდ ენერგეტიკაში. ამ საქმეს თუ არ მივხედეთ ზოგადად პრობლემები შეგვექმნება ყველა დარგში და მიმართულებაში.
23.ნოემბერი.2017 16:04
10

ტერორიზმის შესაძლო გავლენა ტურიზმის სექტორზე

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 15:03
82

სასამართლოში მისოების სარჩელების განხილვებისთვის ვიწრო სპეციალიზაცია დაემატა

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 15:03
40

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე 125 საქმე განიხილა

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 14:02
86

BGEO: 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 13:01
163

"ბიტკოინის ღირებულება $10 000-ს მიაღწევს"

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 12:12
60

ნავთობის ფასი იზრდება

ვრცლად