11.თებერვალი.2016 11:13
საზოგადოება

"თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა მისასალმებელია, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებები"

"თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა მისასალმებელია, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებები"
მიმდინარე წლის 19 იანვარს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპოტის სისტემისთვის 150 ახალი ავტობუსის შეძენის ქალაქის მთავრობის გეგმის - შესახებ განაცხადა. თბილისის მერია ავტობუსების შესყიდვას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხით გეგმავს. ბანკის ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომლის თანახმად, პროექტის მთლიანი ღირებულება 37 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 27 მილიონ ევროს ბანკი სუვერენული სესხის სახით გამოყოფს, ხოლო 10 მილიონი ევროს ოდენობის კაპიტალური გრანტი საერთაშორისო დონორებისგან იქნება მოძიებული.
 
თბილისში ავტობუსების ტენდერის თემაზე ანგარიშს აქვეყნებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეისათვის მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მისი მოძველებული ავტოპარკია.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება უაღრესად მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისა და ქალაქში ამჟამად არსებული რიგი მძიმე პრობლემის გადაჭრისთვის. კერძოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქის ქუჩების განტვირთვა და ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებლის ზრდით არის შესაძლებელი. თუმცა, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეისათვის მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მისი მოძველებული ავტოპარკია.

ამდენად, მისასალმებელია მერიის გადაწყვეტილება ახალი ავტობუსების შესყიდვის თაობაზე. ამავე დროს, მხოლოდ ახალი ავტობუსების შემოყვანა მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუ იმავდროულად არ გადაიდგა შემდეგი ქმედითი ღონისძიებები, რათა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს:

ხარსხიანი ავტობუსების შეძენა და მათი მუდმივი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა. ბოლო ათწლეულში თბილისის მთავრობამ რამდენჯერმე შეიძინა ახალი ავტობუსები, თუმცა, ეს ავტობუსები თავიდანვე ვერ აკმაყოფილებდა მთელ რიგ მნიშვნელოვან მოთხოვნებს. მაგალითად, ავტობუსები არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებთან და თბილისის კლიმატურ პირობებთან. გარდა ამისა, ახალი ავტობუსების შეძენის შემდეგ, არ წარმოებდა მათი სათანადო ტექნიკური მომსახურება, რაც ავტობუსების სწრაფ დაძველებას იწვევდა.

ქალაქის გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობის დადგენა კერძო ავტოტრანსპორტთან შედარებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გასაზრდელად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ავტოტრანსპორტთან შედარებით უპირატესობით სარგებლობს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე სპეციალური ზოლების გამოყოფით, სადაც მოძრაობა მხოლოდ ავტობუსებისთვის იქნება ნებადართული.

ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობა პირდაპირ არის დაკავშირებული ქალაქში ფეხით გადაადგილების კომფორტულობასთან (რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველი მგზავრობა იწყება და მთავრდება ფეხით გადაადგილებით). დღეს თბილისში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან ქალაქის ბევრ ქუჩაზე ტროტუარები დაზიანებულია ან ბლოკირებულია წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილებით და სამშენებლო ნარჩენებით. გარდა ამისა, ავტობუსების ბევრ გაჩერებასთან შეუძლებელია ქუჩის უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაკვეთა შუქნიშნებისა და/ან ზებრა გადასასვლელების არარსებობის გამო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ქცევის წესების დადგენა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ასევე მათთვის შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფა. თბილისის ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლების ქცევა ხშირად აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი არ გადიან სათანადო მომზადებას და არ ფლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლისთვის აუცილებელ უნარებს, რაც დისკომფორტს უქმნის მგზავრებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, ხშირია მძღოლების მხრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქცევის წესების დარღვევა (მაგალითად, თამბაქოს მოწევა). მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება და დადგინდეს მათთვის სავალდებულო ქცევის წესები. ასევე, საჭიროა შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის, რათა ეს სამსახური მიმზიდველი გახდეს კვალიფიციური პროფესონალისთვის.

საქალაქო ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება თანამედროვე ქალაქგეგმარების პრინციპების შესაბამისად. დღემდე შემუშავებული არ არის ქალაქ თბილისის ერთიანი პოლიტიკა ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში. ასეთი პოლიტიკის გარეშე, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ბოლო ათწლეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი ხშირად ქალაქგეგმარების მოძველებულ საბჭოთა მოდელებს ემყარება, უპირატესობას ინდივიდუალურ ავტოტრანსპორტს ანიჭებს, ნაკლებ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ფეხით მოსიარულეთა უფლებებს და ამდენად, სრულიად შეუსაბამოა მდგრადი ურბანული განვითარების თანამედროვე პრინციპებთან. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია თბილისის მთავრობის ვალდებულება, შეიმუშაოს „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა“ (Sustainable Urban Mobility Plan). აუცილებელია, რომ ეს გეგმა შემუშავდეს ღია პროცესის პირობებში რომელშიც დაინტერესებული ორგანიზაციები და შესაბამისი დარგების სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სასურველ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ კარგად გათვლილი ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება. ვფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხისა და მიმზიდველობის ზრდას და შესაბამისად, ქალაქის მდგრად გრძელვადიან განვითარებას", - განმარტავენ არასამთავრობოში.



21.ნოემბერი.2018 20:20
97

ტესტირებაზე გასული 84 ათასი ავტომობილიდან 32%-მა მინიმალური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 20:00
97

ქართლში ხორბლის უძველესი ჯიშების აღდგენა დაიწყო

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 19:29
36

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს"

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 19:01
39

განათლების სისტემის განვითარებისთვის ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა იწყება

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 19:00
70

ესკო: ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 18:37
178

კომპანია "ნუგბარმა" კონცენტრირებული ყურძნის წვენის წარმოება დაიწყო

ვრცლად