23.მარტი.2016 16:00
ეკონომიკა

"შევიმუშავებთ ერთიან, საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე"

"შევიმუშავებთ ერთიან, საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე"
საქართველო, როგორც საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი - ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის ძირითადი თემა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე, რომელიც დღეს მინსკში გაიმართა.
 
„საქართველო მეტად სახარბიელო შესაძლებლობებს გვთავაზობს რეგიონში ევროპული ბიზნესის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და იდეების განსახორციელებლად. თქვენს განკარგულებაშია უფასო, ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური ბიზნესგარემო, მარტივი საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სისტემა, არაკორუმპირებული და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობა, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები (FTA და GSP) მრავალ პარტნიორთან, დაბალფასიანი და პროფესიულად მომზადებული მუშახელი, სტაბილური საბანკო სექტორი, ვალუტის გაცვლის შეზღუდვების არარსებობა. საქართველოს უკვე 44 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულებები, გადასახადებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ეროვნული საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს, რაც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის სტიმულირებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
 
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, მუშაობს ახალ კანონზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორი ძირითადი კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ.

"ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან, მოწინავე საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესაბამისად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" შესახებ, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. „პროგრამას 2 მიმართულება აქვს - სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 154 პროექტის ხელშეწყობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 375 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა პრემიერმა.

"ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტია იმ შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენება, რომლებსაც DCFTA უზრუნველყოფს. DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შეუქმნის უფრო ხელსაყრელ პირობებს, წაახალისებს ეკონომიკის მოდერნიზაციას. გარდა ამისა, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მნიშვნელოვანი მიზანია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა 200 მილიონ აშშ დოლარამდე. ანდრეი კობიაკოვმა საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ ტენდენციაზეც ისაუბრა. ბელარუსის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესფორუმში 50-მდე ქართულმა და ბელარუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანიებმა, ფორუმის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროდუქცია საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრებს წარუდგინეს.



14.დეკემბერი.2018 19:53
228

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 19:25
234

"დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს - საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
160

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:00
168

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
150

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
102

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად