27.მარტი.2016 15:32
ეკონომიკა

"რისკები, რომლებიც ფინანსური ანგარიშგებიდან გამომდინარეობს, საქართველოში საკმაოდ მცირეა"

"რისკები, რომლებიც ფინანსური ანგარიშგებიდან გამომდინარეობს, საქართველოში საკმაოდ მცირეა"
ინტერვიუ EY Georgia-ს მმართველ პარტნიორთან, რუსლან ხოროშვილთან.
 
- ბატონო რუსლან, როგორია თქვენი პოზიცია ესტონური მოდელის ძალაში შესვლა უნდა გადავადებულიყო თუ არა?

- ვთვლი, რომ ამ რეფორმის გადავადება 1 იანვრამდე სწორი იყო, რადგან მოგების გადასახადის ციკლი ერთწლიანია და ბევრ ტექნიკურ სირთულეებს უქმნიდა კომპანიებს. ბიზნესმა ძირითადად ტექნიკური სირთულეების გამო გადაწყვიტა, რომ უფრო მარტივი იქნებოდა ეს ცვლილება 1 იანვრიდან განეხორციელებინათ.

- სარგებლობს თუ არა ხელისუფლება ბიზნესის ამ რეკომენდაციით, როდესაც ამბობს, რომ ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცაც უნდა გადავადდეს?

- როგორც მე ვხვდები და რამდენადაც პრემიერმინისტრისა და ფინანსთა მინისტრის კომენტარებიდან მოვისმინე, საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ ადმინისტრაციული და სხვა ხარჯებიდან უფრო ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე მოხდეს გადანაწილება. ეს დაპირება ბუნდოვანი იყო, კარგი იქნებოდა ციფრებში დავინახოთ. თუ არის საშუალება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცის, ამაზე ნებისმიერი რეფორმის გარეშეც სახელმწიფო ყოველთვის უნდა მუშაობდეს, რადგან ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები მინიმალური უნდა იყოს და ეს თანხები კაპიტალურ დანახარჯებს და ისეთ საქმიანობას უნდა მოხმარდეს, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

- საჭიროებს თუ არა ფინანსური ანგარიშგების სისტემა რეფორმირებას?

- რეფორმირებაზე საუბარი რთულია, იმიტომ რომ დღეს დღეისობით ეს არა რეგულირებადი სფეროა და შესაბამისად, საუბარია ახალი რეგულაციების შემოღებაზე. მე ამ შემთხვევაში რეფორმირებას არ ვიტყოდი, ეს არის ახალი სისტემის დანერგვა. მსოფლიოში კონსესუსი არის იმასთან დაკავშირებით, რომ აუდიტი რეგულირებადი პროფესია უნდა იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელშიც დღეს საქართველოა. რისკები, რომლებიც ფინანსური ანგარიშგებიდან გამომდინარეობს, დღეს დღეისობით საქართველოში საკმაოდ მცირეა და ჩემი პირადი აზრით, საჭიროა გარკვეული საგზაო რუკის და მოთხოვნების ეტაპობრივი შემოღება ისე, რომ ჩვენ ხვალ დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის სარეგულაციო ინფრასტრუქტურაში აღმოვჩნდეთ.

- რატომ თვლით რომ ეს თავისთავად შეიძლება რისკი გახდეს?

- იმიტომ, რომ ნებისმიერი რეფორმა მოთხოვნით უნდა იწყებოდეს. ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობის საჭიროება მოთხოვნით უნდა იწყებოდეს, ეს ვიღაცას უნდა სჭირდებოდეს და დაკვეთა კომერციული სტრუქტურებიდან უნდა მოდიოდეს და არა რეგულაციის მეშვეობით შეიქმნას ახალი ბაზარი. ვიფიქროთ იმაზე, კომპანიების მიერ გამოცემული ანგარიშგება ვის დასჭირდება და შემდეგ ის ვინ უნდა მოიხმაროს, ვის ექნება საშუალება ამ ინფორმაციას გადახედოს და დასკვნები გამოიტანოს. წარსულში ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც სავალდებულო იყო ანგარიშგების გამოქვეყნება და აუდიტიც, მთლიანად ეკონომიკისთვის ამას ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდა.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ცდილობს დარეგულირებას?

- ამის დიდი რისკი არსებობს. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ბევრად იმაზე მეტი თანხის დახარჯვა ამ რეგულირებაში, ვიდრე დღეს ამ ბაზარს აქვს საშუალება უზრუნველყოს. მე ჯერ არცერთი დაანგარიშება არ მინახავს რა რეალური ეფექტი შეიძლება ამას მოჰყვეს.

კვალიფიციური ბუღალტრებიც დღეს საქართველოში მცირე რაოდენობით არის, რომ არაფერი ვთქვათ უკვე ანგარიშგების რეპორტინგის სპეციალისტებზე.

- სააგენტოს ფორმირების მომხრე თუ ხართ და თუ იარსებებს რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მას, მაგალითად ამ სააგენტომ უნდა შეამოწმოს EY -ს მიერ ჩატარებული აუდიტი?

- ბევრ ქვეყანაში ეს ასეც კეთდება, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ყველგან დიდი და მცირე აუდიტორული კომპანიები სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი სტრუქტურებისაგან თავის შესაბამის კონტროლს ექვემდებარება. მთლიანად აუდიტის ბაზარი დაახლოებით 20 მილიონი ლარია, ჩვენ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეგულირება დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაჯდება. ფაქტია, რომ აუდიტის ბაზარი ვერ უზრუნველყოფს ამ რეგულირების გადასახადის გადახდას. ამავე დროს, კარგი იქნება, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელი იყოს. აქ კი კონფლიქტი ჩნდება, ანუ თუ ის ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, მაშინ ის დამოუკიდებელი ვერ იქნება და საბიუჯეტო სტრუქტურა უნდა იყოს, მერე სხვა პრობლემები იჩენს თავს, ანაზღაურების პრობლემა, რადგან ეს საბიუჯეტო ორგანიზაცია იქნება, იქ არ შეიძლება ისეთი ხელფასი იყოს. რთული იქნება ისეთი ექსპერტების მოყვანა, რომელზეც მსოფლიო ბანკი საუბრობდა.

- რადგან რეფორმის მთავარ დეტალებს ჩვენ არ ვიცნობთ, ამ ეტაპზე, როდესაც ყველაფრის ფორმირება ხდება თქვენი მთავარი რეკომენდაცია რა იქნება?

- საკმაოდ კომპეტენტური სამთავრობო სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს. ისინი გახსნილები არიან დიალოგზე, ჩვენ ამ საკითხზე ერთად ვმუშაობთ და ამიტომ ვთვლი, რომ პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მთავარი რჩევა იქნება საგზაო რუკის მიდგომა მივიღოთ და ახალი მოთხოვნები ეტაპობრივად, რისკებზე დაყრდნობით შემოვიტანოთ, ნელ-ნელა ისე, რომ მივიდეთ დანიშნულ ადგილას.



19.სექტემბერი.2018 18:17
100

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
1049

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:33
31

ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორეული კომპანიების მონაწილეობა განიხილება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:04
90

საპარლამენტო უმცირესობა ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის განახევრებას მოითხოვს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 14:55
109

"ანტიდემპინგურ კანონს თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ქვეყნებიც იყენებენ"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 14:00
128

"ბაუსტარი": სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმები მშენებლობას 10%-ით აძვირებს

ვრცლად