28.იანვარი.2016 16:21
ბიზნესი

""გლობალაგრო"-ს კომპანიებს შორის შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ არსებობს"

""გლობალაგრო"-ს კომპანიებს შორის შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ არსებობს"
სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 მარტის N39 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა - საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგრო“-ს წევრების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
 
მოკვლევის დაწყებას საფუძვლად დაედო ასოციაცია "გლობალაგრო“-ს განცხადების შესაბამისად, სააგენტოში მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, ერთ-ერთ მოსამზადებელ სხდომაზე შპს "აგროსისტემები“-ს წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული გარემოება - რომ ასოციაციის სხდომებზე, წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს "აგროსისტემები“-ს მიმართ ფქვილის სარეალიზაციო ფასების გაზრდის მოთხოვნას, რაც, მისი პოზიციით, წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში კომპანიის ჩართვის მცდელობას.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტოს მიერ დამუშავდა შემდეგი საკითხები:
• ფქვილის იმპორტი საქართველოში;
• ხორბლის იმპორტი და ადგილობრივი წარმოება საქართველოში;
• ფქვილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე;
• ხორბლის იმპორტის ღირებულებისა და ხორბლის ფქვილის საშუალო ფასების შედარებითი ანალიზი და ხორბლის ფქვილის გამოსავლიანობა;
• „გლობალაგრო“-ს წევრი კომპანიების მიერ რეალიზებული ფქვილის ფასების ანალიზი;
• შპს „აგრიკომი“-ს მიერ იმპორტირებული და რეალიზებული ხორბლის მონაცემები და შედარებითი ანალიზი;
• წისქვილკომბინატების და ელევატორების სიმძლავრეები ადგილობრივ ბაზარზე.

„სააგენტომ მოკვლევის მიზნებისათვის შეაფასა „გლობალაგრო“-ს წესდება და კრების ოქმები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან მიმართებით და დაადგინა, რომ უშუალოდ „გლობალაგრო“-ს წესდებიდან და სხდომის ოქმებიდან, ასევე სააგენტოს მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, არ იკვეთება კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებისთვის დამახასიათებელი, გონივრული ეჭვის შემცველი მტკიცებულებები და შესაბამის ბაზარზე „კარტელური“ გარიგების არსებობის ან არარსებობის დასამტკიცებლად საჭიროა ფასწარმოქმნისა და სხვა ფაქტორების დამატებითი ეკონომიკური ანალიზი.

ასოციაციის სხდომის ოქმების და მოკვლევის ჯგუფის მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო მივიდა დასკვნამდე რომ შპს „აგროსისტემები“-ს მიმართ, ასოციაციის წევრების მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი ფასის აწევის მოთხოვნას.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიზნებისათვის, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, შეთანხმების, გადაწყვეტილების მიზანი ან/და შედეგი უნდა იყოს კონკურენციის შეზღუდვა. შესაბამისად, სააგენტო შპს „აგროსისტემები“-ს მიმართ „გლობალაგრო“-ს წევრების მხრიდან განხორციელებული მოთხოვნის ფაქტს ფასების აწევის თაობაზე ცალსახად ვერ მიიჩნევს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად, თუ სახეზე არ იქნება სხვა აუცილებელი და საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებენ, რომ ასოციაციის წევრებს შორის მოქმედებდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება (ე.წ. კარტელური შეთანხმება) და შპს „აგროსისტემები“-სთვის ფასის აწევის მოთხოვნა იყო ამ კომპანიის კარტელურ შეთანხმებაში ჩართვის მცდელობა. მით უფრო იმ პირობებში, რომ ასოციაციის წევრთა უმრავლესობა, მათ შორის, შპს „აგროსისტემები“-ც, ახსნა-განმარტების ოქმებში ხაზს უსვამდა ხორბლის ფქვილის ბაზრის გამჭვირვალეობას - რაც შესაძლებლობას აძლევს სხვა ეკონომიკურ აგენტებს, ჰქონდეთ ინფორმაცია მათი კონკურენტების ფასების შესახებ. შესაბამისად, სააგენტო საკითხის შეფასების უზრუნველსაყოფად და ფასების პარალელიზმის დასადგენად დააკვირდა ასოციაციის წევრი და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების საბაზრო ქცევას.

„გლობალაგრო“-ს წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ფქვილის სარეალიზაციო ფასების შედარებითი ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიების მიერ დაფიქსირებული ფქვილის სარეალიზაციო ფასები უმეტეს შემთხვევაში განსხვავებულია და ქმნის საკმაოდ ფართო დიაპაზონს.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ არსებული სხვაობა ფასებს შორის აიხსნება თავისუფალი კონკურენციის არსებობის პირობებში მოთხოვნა-მიწოდების ძალების ზეგავლენით, რაც თავის მხრივ არ ადასტურებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტს. სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ფასების ფართო დიაპაზონი და ფასების პარალელიზმის არარსებობა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ შესაბამის ბაზარზე ფასების სტრუქტურა ყალიბდებოდა ფასებზე მოქმედი საბაზრო ძალების გავლენით და არა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის გზით.

ზოგადად, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ფქვილის ბაზრის გახსნილობა, სასაქონლო ბაზარზე ახალი, ძლიერი კომპანიების შემოსვლა, სარეალიზაციო ფასების კუთხით აქტიური მეტოქეობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხორბლის ფქვილის ბაზარზე კონკურენციას აქვს ადგილი და არ არსებობს მტკიცებულებები „გლობალაგრო“-ს წევრ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად.

შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „აგროსისტემები“-ს მიმართ ასოციაციის წევრთა მხრიდან განხორციელებული მოთხოვნა - ამ უკანასკნელს აეწია ფასი - არ წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში შპს „აგროსისტემები“-ს ჩართვის მცდელობას და ასოციაციის წევრები მოქმედებდნენ მათი საბაზრო პოზიციის გაუმჯობესების მიზნით. მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „აგროსისტემები“-ს წარმომადგენლის პოზიციით, მსგავსი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ აღარ განმეორებული და კომპანიას არ გააჩნია პრეტენზიები „გლობალაგრო“-ს წევრების მიმართ.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტოს პოზიციით, ასოციაციის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და ყოველთვის მისცემს კონკურენციის დაცვის ორგანოებს დაეჭვების საფუძველს, რადგან ინფორმაციის გახსნილობის ფარგლები არის ის საზომი, რომელიც მეწარმეს კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შემდგომი საბაზრო ქცევის პროგნოზირების საშუალებას აძლევს და რაც ზრდის „კარტელური შეთანხმების“ ფორმირების რისკს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ შეიმუშავა რეკომენდაცია ასოციაცია „გლობალაგრო“-ს მიმართ.

ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შემდგომი გაჯანსაღების მიზნით, გაცემულ იქნა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართაც”, - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.



21.სექტემბერი.2018 10:00
86

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
50

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
91

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
241

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
624

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
330

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად