04.მაისი.2016 22:03
საზოგადოება

"ორბელიანი საქართველო" - კრეატიული იდეების გენერატორი და "სოციალური მაცივარის" ავტორი

"ორბელიანი  საქართველო" - კრეატიული იდეების გენერატორი და "სოციალური მაცივარის" ავტორი
რა გინდათ შეცვალოთ საზოგადოებისთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რა წვლილს შეიტანს თქვენი იდეა/როგორ მიაღწევთ ამ ცვლილებას და ვის მოუტანს სარგებელს? რამდენად მდგრადია მოსალოდნელი შედეგი და რა ბედი ელის მოთხოვნილ ნივთებს? - თუ თქვენ კრეატიული იდეა გაქვთ, ამ სამ კითხვაზე პასუხების გაცემით, მის განხორციელებასთან ყველაზე ახლოს ხართ. იდეების კონკურსს, რომელებსაც საზოგადოებისთვის დადებითი ცვლილებების მოტანა შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო" აცხადებს.
 
დაახლოებით 1 წლის წინ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შექმნა და ასე რევოლუციური პროექტის განხორციელება დაიწყო.

"ჩვენ შევქმენით ონლაინ-პლატფორმა, რომლის მისამართია app.orbeliani.net. ამ პლატფორმის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი იდეა, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად საზოგადოების სარგებელზე ორიენტირებული. ამ მიმართულებას დავარქვით "სოციალური ცვლილებების ინიციატივა", არ დავაკონკრეტეთ სფეროები, რომ უფრო მეტი შემოქმედებითი და დივერსიფიცირებული იდეები მივიღოთ. გავიგოთ რისი შეცვლა სურთ ადამიანებს საკუთარ თემში, საკუთარ სამეზობლოში, თუ ქვეყანაში" - გვიყვება "ორბელიანი საქართველოს" დირექტორი ქეთი ხაჩიძე.

თუ იდეა საზოგადოებისთვის მართლაც დადებითი ცვლილებების მომტანია, "ორბელიანი საქართველო" ავტორს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებს გადასცემს ან სერვისის ხარჯს აუნაზღურებს. იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. ორგანიზაცია არ ანაზღაურებს პროექტის ავტორის ან ჩართული პირების მიერ გაწეული სამუშაოს ხარჯებს.

სწორედ ამ ონლაინ-პლატფორმის მეშვეობით გამოჩნდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყველასთვის კარგად ნაცნობი "სოციალური მაცივარი". ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პანკისელი ქალებისთვის მნიშვნელოვანი სამკერვალოც "ორბელიანი საქართველოს“ "სოციალური ცვლილებების ინიციატივის" შედეგია.

"პროექტის ფარგლებში სამკერვალო გაიხსნა ერთ-ერთი პანკისელი ქალბატონის სახლში, რომელიც ემსახურება ძალიან კონსერვატიული, მუსლიმი ოჯახიდან წამოსულ ქალებს, რომელთაც საშუალება არ აქვთ, რომ დუისის სათემო ცენტრში გახსნილ კერვის კურსებზე იარონ, საზოგადოებრივი ნორმებისა და შეზღუდვების გამო. იდეის ავტორს საშუალება მივეცით, რომ კერვა ასწავლოს ახალგაზრდა ქალებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი თემისთვის მიღებული ტანისამოსის შეკერვა, რაც სხვაგან ძალიან ძვირია და რა თქმა უნდა, გაუჩნდეთ დასაქმების პერსპექტივა. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის ეს სივრცე", - ამბობს "ორბელიანი საქართველოს" ხელმძღვანელი.

ამავე პროექტის მეშვეობით ქვემო ალვანში ახლა თუშური სიმღერები, ისტორიები, ფოტოები არქივდება და ციფრულ სახეს იღებს. იდეის ავტორს ორგანიზაციამ ფოტოკამერა და საარქივო მასალების შესანახი ტექნიკა გადასცა.

ქეთი ხაჩიძე განმარტავს, რომ მათი პლატფორმა ზრდის ხელმისაწვდომობას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფონდებზე, ფულად რესურსებზე და ამცირებს ბიუროკრატიას.

"დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მიღებისას, ერთ-ერთი სირთულე არის სწორედ ბიუროკრატია - ანგარიშების წერა, რაც მოითხოვს სპეციალურ უნარებს და დროს. ხშირად ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელსაც შეიძლება ძალიან კარგი იდეა ჰქონდეს, არც იცის, ერთის მხრივ როგორ მოიპოვოს დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსება და მეორე მხრივ როგორ დაწეროს ის ანგარიში, რაც მოერგება ამ ორგანიზაციების მოთხოვნებს. ჩვენ გვინდა რომ სიახლე შემოვიტანოთ ამ სივრცეში, რომ დონორი ორგანიზაციების ფულადი სახსრები უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, ხოლო ანგარიშგების სისტემა იყოს მარტივი და მოსახერხებელი, რასაც პლატფორმა უზრუნველყოფს. იდეის ავტორი განხორციელებული ინიციატივის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ონლაინ პლატფორმაზე აქვეყნდებს. ნებისმერ ადამიანს შეუძლია თვალი ადევნოს და აზრი გამოხატოს, რაც გამოცდილების გაზიარებისთვის საერთო სივრცეს ქმნის", – ამისთვის დაინტერესებულმა პირებმა სწორედ ორგანიზაციის ვებ-გვერდს უნდა მიაკითხოს.

"ორბელიანი საქართველოს" პარტნიორი ამ მნიშვნელოვან პროექტში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოა (SIDA). ქეთი ხაჩიძე ამბობს რომ SIDA-სთან თანამშრომლობის დაწყება ადვილი არ იყო, რადგან მათთვისაც ახალი იყო დაეფინანსებინა ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია.

""სიდა" აღმოჩნდა ღია ინოვაციური იდეის მიმართ. ძალიან დიდი ინტერესით გვადევნებს თვალს და მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი პლატფორმის გამოყენება მოხდეს მათი სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, სხვა ქვეყნებში“ - ამბობს "ორბელიანი საქართველოს" ხელმძღვანელი, რომელიც გვიხსნის რომ ამ სოციალური პროექტის განხორციელება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ერთ-ერთი საზოგადოებაში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული ნდობის დაბალი ხარისხია. „გვინდოდა ეს დამოკიდებულება შეგვეცვალა. ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ არჩეული თემები, რომელიც არ ეხმიანება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი პლატფორმა გარკვეულწილად პასუხობს ამ პრობლემას. მეორე იყო ის, რომ გვინდა გავიგოთ, რისი შეცვლა სურს ხალხს და მივცეთ მათ ამის შესაძლებლობა, პრაქტიკული, რეალურ საჭიროებებზე მორგებული იდეების განხორციელეების საშუალება. მესამე - უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს ეს სფერო. გვსურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც უფრო ანგარიშვალდებულები გახდნენ საზოგადოების წინაშე. ორგანიზაციის ყველა ფინანსური ანგარიში საჯაროა და ისევე როგორც, თითოეულ იდეისთვის დახარჯული თანხის რაოდენობა" – სწორედ ამ ძირითადმა მიზეზებმა მიიყვანა

"ორბელიანი საქართველო“ "სოციალური ცვლილებების ინიციატივამდე", რომელიც ახლა თავის მხრიც საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს ელოდება.

"ორბელიანი საქართველო" მხოლოდ საქართველოში დარჩენას არ აპირებს. მის გეგმებში საერთაშორისო ბრენდად ჩამოყალიბება შედის.
ავტორი: სოფო ბერიძე



19.ნოემბერი.2018 18:20
196

არასამთავრობოები: ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა უპრეცენდენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 15:40
236

რა ითვლება საქართველოში ხმების მოსყიდვად? - საარჩევნო კოდექსი

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 13:51
74

"ბანკები არაპროფილური ბიზნესების მიტაცებას აგრძელებენ"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 12:47
50

პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართულ მედიცინაში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 11:54
539

აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმრო აშენდება - ფოტო

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 10:24
112

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარს ყველაზე ხშირად ეუბნებიან

ვრცლად