05.მარტი.2016 11:53
კრიპტოვალუტები

"ნუ იქნებით გამოკეტილი კომფორტის ზონაში, სკოლის ნიშნების იმედად", - St. John’s-ის სრული დაფინანსება კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო

"ნუ იქნებით გამოკეტილი კომფორტის ზონაში, სკოლის ნიშნების იმედად", - St. John’s-ის სრული დაფინანსება კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მე12 კლასის მოსწავლე, ელენე ოქროშიაშვილი სრული დაფინანსებით მიიღეს სენტ ჯონის უნივერსიტეტში, ამერიკის შტატ ნიუ მექსიკოში. ელენე მეორე ქართველია ტბელ აბუსერიძის შემდეგ, ვინც კოლეჯის სრული დაფინანსების მოპოვება შეძლო.

- ელენე, რატომ გადაწყვიტე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება?

- სიმართლე რომ გითხრათ, გამიზნული არ მქონია საზღვარგარეთ სწავლა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოძებნილი მქონდა ამერიკასა და ევროპაში. ყველაზე დიდი პლუსი საზღვარგარეთ სწავლისა, ჩემი აზრით, ისაა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების, სრულიად უცხო გარემოში ადაპტირების გამოცდილებას დავაგროვებ, რაც მომავალშიც გამომადგება აუცილებლად.

- რატომ შეარჩიე St. John’s College-ი, რამდენად მარტივი იყო უნივერსიტეტის მოძებნის პროცესი?

- ჩემამდე სენტ-ჯონსი ჩემი ახლო მეგობარი, ტბელ აბუსერიძე ჩაირიცხა სრული დაფინანსებით. მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული მიზიარებდა უნივერსიტეტის ცხრილს ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში. ყველაზე მეტად, რაც ამ უნივერსიტეტში მომწონს ის არის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ფორმალურ მხარეს და მეტად ინტერესდებიან სტუდენტით, როგორც პიროვნებით. აქ ჩარიცხვის მთელი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად საინტერესო და სასურველი ხარ შენ, როგორც ინდივიდი საერთო საუნივერსიტეტო ატმოსფეროსთვის. ცხრილი და უშუალოდ სასწავლო სისტემა კი ძველი ბერძნული სკოლების ანალოგადაც შეიძლება ჩავთვალოთ, სადაც შვიდ ძირითად მეცნიერებას ასწავლიდნენ მოსწავლეებს.

უნივერსიტეტში ჩასარიცხად გავაგზავნე რამდენიმე ესე, რეცენზიები წიგნებზე, ჩემი კლასგარეშე აქტივობები, საფორტეპიანო კონცერტების ჩანაწერები, ჩემი მინიატურები, მოკლედ ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და გავიარე ონლაინ რეჟიმში ინტერვიუ. ასევე აპლიკაციის შესავსებად საჭირო გახდა რამდენიმე რეკომენდაციის გაგზავნაც, რომლებიც ჩემი სკოლის დირექტორმა ბ-ნმა მუსტაფა ოზდეშმა და ქიმიის პედაგოგმა, პროფესორმა თინათინ ბუთხუზმა გაუგზავნეს კოლეჯს. ზოგადად, საბაზისო აპლიკაციით დაწყებული, საგრანტო დოკუმენტაციით დამთავრებული, ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ. საბოლოოდ, 13 თებერვალს მომივიდა პასუხი, რომ მიმიღეს და მოხარულნი იქნებოდნენ, თუ 2016 წლის შემოდგომიდან უკვე უშუალოდ გვექნებოდა ურთიერთობისა და თანამშრომლობის საშუალება.

სხვა უნივერსიტეტებს რაც შეეხება, სხვადასხვა ვარიანტი განვიხილე, ძირითადად ევროპაში. მათგან ერთ-ერთში, Royal Holloway University of London-ში მიმიღეს კიდეც, კლინიკური და კოგნიტური ნეირომეცნიერებებისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა, სამწუხაროდ, დაფინანსების პროგრამა თავად უნივერსიტეტს არ ჰქონდა და ამის გამო ვერ გაგრძელდა ჩვენი თანამშრომლობა.

- კონკრეტულად რა განხრით აგრძელებ სწავლას და რატომ აირჩიე ის?

- St. John’s College-ში Liberal Arts-ის, ანუ თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლას. ზოგადად, ვთვლი, რომ თითქმის შეუძლებელია 17-18 წლის ასაკში ზუსტად განსაზღვრო რისი კეთება გინდა ცხოვრების ბოლომდე და რა არის შენი რეალური ცხოვრებისეული მოწოდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი აბიტურიენტისთვის ძალიან მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობ და ისინიც ჩემსავით განიცდიან ამ გაურკვევლობისა და დაბნეულობის უსიამოვნო შეგრძნებას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, Liberal Arts, ანუ თავისუფალი მეცნიერებები იდეალური საბაკალავრო პროგრამაა. აქ შენ გეძლევა შანსი სიღრმისეულად შეისწავლო რამდენიმე ძირითადი მეცნიერება და სწავლის შემდეგ საფეხურებზე გაიღრმავო ცოდნა კონკრეტული სპეციალობის გარშემო.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი St. John’s College-ში ჩაბარება ამ შედეგისათვის გამიზნული შრომა ან მკაცრად დეტერმინირებული სურვილების რეალობაში მოყვანაა, მე უბრალოდ ვცადე და ეს შედეგი მივიღე. ზოგადად ვთვლი, რომ მთავარი სწორედ ესაა, არ გაჩერდე ყველაზე რთულ მომენტებში და შეეცადო გამონახო გზა მაშინაც კი, როცა გარშემო ყველაფერი ბუნდოვანია. ამის თქმის უფლებას ჩემი პატარა ცხოვრებისეული გამოცდილებები მაძლევენ.

- რა იყო შენი პირველი რეაქცია, როდესაც დაფინანსების შესახებ გაიგე?

- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველ რიგში იმაზე დავფიქრდი, როგორ ვეტყოდი ამ ყველაფერს ნაცნობებს, ნათესავებს, მეგობრებს, რომლესაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩემი ამ ნაბიჯის შესახებ და ცოტა ავნერვიულდი კიდეც. პასუხს 15 თებერვალს ველოდებოდი და სრულიად შემთხვევით შევედი მეილის შესამოწმებლად ორი დღით ადრე, სადაც მოსალოცი შინაარსის ორი წერილი დამხვდა. ერთი უნივერსიტეტის რექტორისგან, მეორე უშუალოდ ჩემი მრჩეველისგან, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობდა. ნამდვილად მოულოდნელი იყო და რამდენიმე დღე ვერც ვაცნობიერებდი, ახლა უფრო ვაანალიზებ, რომ აგვისტოში ნიუ მექსიკოში მივდივარ, მთელი ოთხი წლით სასწავლებლად და ფაქტობრივად ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადავდივარ.

- როგორც ვიცი, უნივერსიტეტის კამპუსში იმუშავებ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთო?

დიახ, ვინაიდან, წელს ე. მიქელაძის სახელების მეორე ცენტრალურ სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო პროგრამას ვამთავრებ, კამპუსის მუსიკალურ ცენტრში, ლექტორის ასისტენტად ვიმუშავებ. ცხრილში თავისთავად გვაქვს მუსიკა, როგორც საგანი, თუმცა ამ ლექციებში ძირითადად მუსიკის თეორიული დამუშავება შედის. ჩემი მოვალეობა კი სხვადასხვა დაინტერესებული სტუდენტის პრაქტიკული მომზადება იქნება.

- რას ურჩევდი შენს თანატოლებს, ვისაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურთ?

- პირველ რიგში, მთავარია კარგად დაფიქრდნენ, თუ რისი კეთება უნდათ ცხოვრების ბოლომდე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რისი კეთება იქნება მათთვის საინტერესო გრძელვადიან პერსპექტივაში. ნუ აირჩევენ უნივერსიტეტს ან ფაკულტეტს მხოლოდ იმიტომ, რომ სავალდებულოა სადმე ჩაბარება. სჯობს თუნდაც ერთი წელი „დაკარგონ“ და კარგად მოიფიქრონ, ცივი გონებით გაანალიზონ ყველაფერი.

საზღვარგარეთ სწავლას რაც შეეხება, ევროპული და განსაკუთრებით ამერიკული საგანმანათლებლო სისტემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია რას წარმოადგენ სკოლის გარეთ. ვურჩევ, ბევრ სხვადასხვა სფეროში დააგროვონ გამოცდილება. მიზნად დაისახონ ისეთი საკითხების შესწავლა, რაც საერთოდ არ იციან და არც უფიქრიათ აქამდე მათ შესწავლაზე. ნუ იქნებიან გამოკეტილები კომფორტის ზონაში სკოლის ნიშნების იმედად, ნიშანი და მედალი არ განსაზღვრავს ცოდნას და ეს მოსაზრება აშკარად დომინირებს ამერიკულ და ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში.

- რას ისურვებდი, რომ უფრო მეტად განვითარდეს საქართველოში?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა დასახვეწი საგანმანათლებლო სისტემა. ერთიანი ეროვნული გამოცდების კონცეფცია, ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც ახალგაზრდებში მრავალმხრივი განათლების მიღების სურვილს აქრობს. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან მხოლოდ საატესტატო ან ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე და ყურადღებას არ აქცევენ ისეთ საგნებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად არ შედის ამ საგამოცდო პროგრამებში. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სახელმწიფოში გვყავს ბევრი დიპლომიანი მოქალაქე, თუმცა საერთო საგანმანათლებლო დონე, სამწუხაროდ, მაინც დაბალია.

რაც შეეხება სფეროებს, რომელთა განვითარებასაც ვისურვებდი საქართველოში, ესენი უდავოდ მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებია. ქართული მეცნიერება და ხელოვნება ძირიათადად ენთუზიაზმის საფუძველზე მომუშავე ადამიანთა მცირე ჯგუფის იმედადაა დარჩენილი და საჭიროა, მათთვის მოტივაციის ამაღლება და წახალისება. ასევე, კარგი იქნება, თუ ამ დარგების პოპულარიზაციას თავად სახელმწიფო შეუწყობს ხელს სკოლებში მათი აქტიური მხარდაჭერითა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირთა პატრონაჟით.



18.მაისი.2018 16:46
41

ეროვნულ ბანკში კრიპტოვალუტების საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
17.მაისი.2018 18:18
130

აზერბაიჯანს კრიპტოვალუტების ოპერაციების დაბეგვრა სურს

ვრცლად
16.მაისი.2018 12:10
324

"საქართველოს უნივერსიტეტმა" ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწავლება დაიწყო

ვრცლად
10.მაისი.2018 13:10
210

"საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე ბლოკჩეინ კომპანიებს"

ვრცლად
10.მაისი.2018 12:18
637

"საქართველომ უნდა იამაყოს, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა"

ვრცლად
10.მაისი.2018 10:00
246

Oracle ახალ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ნერგავს

ვრცლად