მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ დაელოდებით დიპლომის აღებას, უბრალოდ დაიწყეთ" - პანკისელი დების სოკოს ბიზნესი 500 ლარიანი საწყისი კაპიტალით

566d7f899d426
BM.GE
13.12.15 18:15
25481
მელანო დადალაური, თავის და-ძმებთან ერთად უკვე ორი წელია, სასათბურე პირობებში მოყვანილი სოკოს რეალიზაციითაა დაკავებული. საწარმო თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს. თბილისში უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, და-ძმებმა გადაწყვიტეს მშობლიურ სოფელთან კავშირი არ გაეწყვიტათ, სოკოს რეალიზაციის იდეაც სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად დაიბადა.
 
- ჩვენი საწარმო რომელშიც კალმახა სოკო მოგვყავს სასათბურე პირობებში, ქალაქ თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს. წარმოშობით პანკისიდან ვართ, თუმცა თელავში გავიზარდეთ და როდესაც თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, არ გვინდოდა კავშირი გაგვეწყვიტა მშობლიურ სოფელთან. ამიტომ გაჩნდა იდეა საქმე წამოგვეწყო და არსებული ინფრასტრუქტურა გამოგვეყენებინა.

საქმიანობა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ. ამ ხნის განმავლობაში საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა. სპეციალური განათლება ამ სფეროში მანამდე არ გვქონია. თავდაპირველად, საფუძვლიანად გავეცანით ამ სფეროში არსებულ ლიტერატურას, დავუკავშირდით ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, მოვინახულეთ სასათბურე მეურნეობები, ავიღეთ კონსულტაციები სხვადასხვა კომპეტენტური პირებისაგან და მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ადგილობრივი ბაზარი, თუ რამდენად მოთხოვნადი იყო სოკო და კონკურენციის დონე, დავიწყეთ სოკოს წარმოება.

- საიდან გაჩნდა იდეა და რა იყო თქვენთვის პირველი კაპიტალი?

- იდეა მამაჩემს ეკუთვნის და მისი დიდი წვლილია, რომ ეს საქმე წამოვიწყეთ. მშობლები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. შენობა-ნაგებობა, რომელშიც სოკო მოგვყევს ჩვენვე ავაშენეთ დიდი ხნის წინ, თუმცა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ ხდებოდა. წლების შემდეგ მოხდა მისი ფუნქციის შეცვლა და შესაბამისად მოწყობა, რათა სოკოს წარმოებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეგვექმნა. საბრუნავი მასალა და ხელსაწყოები ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წარმოება 500 ლარით დავიწყეთ.

- "აწარმოე საქართველოში" პროექტში მიიღეთ მონაწილეობა, რა სარგებელი მოგცათ პროგრამამ?

როდესაც ამ პროექტის შესახებ გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა, შანსი გვქონდა წარმოება გაგვეფართოვებინა. გასაუმჯობესებელი იყო გათბობის და გაგრილების სისტემები. სოკო ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ბიზნეს გეგმა ძალიან მოეწონათ და დაგვიფინანსეს. ხელშეკრულების გასაფორმებლად რომ მივედით, ყველამ იცოდა ჩვენი პროექტის შესახებ. გვითხრეს, რომ ძალიან მაღალი ქულა გვქონდა და მონიტორინგის ჯგუფიც აღფრთოვანებული დარჩა პირობებით.

- რატომ აირჩიეთ სოკოს ბიზნესი?

- სოკო ძალიან სასარგებლოა, იგი არეგულირებს შაქრიან დიაბეტს, რადიონუკლიდების დამშლელი და კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტია. აღნიშნული დაავადებები ჩვენი დროის პრობლემაა. გარდა ამისა, მიცელიუმით მოყვანილი სოკო სრულად უვნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, რადგან იგი არ შეიძლება იყოს შხამიანი. კალმახა საკვებად ვარგისი ერთ-ერთი საუკეთესო სოკოთაგანია. შეგვიძლია გამოვიყენთ, როგორც ახალი, ასევე გამხმარი და დამწნილებული.
პროდუქტის გასაღება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება და სხვა ბაზრის ათვისება არ იგეგმება. კახეთის ბაზარი საკმაოდ დიდია და ჯერ მისი ათვისება და დაკმაყოფილება უნდა შევძლოთ.

- თქვენ თავად აწარმოებთ პროდუქციას თუ გყავთ დაქირავებული მუშახელი?

ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ ჩართული წარმოებაში. თუმცა ამ მხრივ ცვლილებები იგეგმება, რადგან ბიზნეს პროექტის დაფინანსების შემდეგ წარმოების საგრძნობლად გაფართოებას ვგეგმავთ.

 - როგორია სამომავლო გეგმები?

- წარმოების გაფართოებას ვგეგმავთ, ამიტომ მარკეტინგული ღონისძიებების გატარება და ახალი გასაღების პუნქტების ათვისება მოგვიწევს (რესტორნები, სასადილოები, სწრაფი კვების ობიექტები). ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა.

მომავალი წლიდან ახალი გეგმებიც გვაქვს. სიამაყით დავაანონსებ, რომ ქ. თელავში სასწავლო ცენტრის გახსნას ვაპირებთ. პირველი ტრენინგი აუცილებლად ახალგაზრდა მეწარმეებისთვის იქნება. ბევრად მეტი სასარგებლო იდეა დაიბადება თუ ისინი თუნდაც ერთ კვირას ერთად ერთ სივრცეში გაატარებენ. ეს ჩემი დიდი ხნის მიზანია და იმედი მაქვს მომავალ წელს არ გადასცდება მისი განხორციელება.

- თქვენი აზრით, რამდენად მარტივია დღეს საქართველოში ახალგაზრდებისთვის წარმოების დაწყება?

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მშპ-ში, წმინდა სავალუტო შემოსავლების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა მისი როლი თანდათანობით იკლებს. სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის 50%. ახალგაზრდების დიდ ნაწილს შეიძლება პროფესიული ცოდნა არ აქვს ამ საკითხში, მაგრამ მათ კარგად იციან რისი შეცვლაა საჭირო და როგორ შეიძლება მოხდეს ამ სექტორის წახალისება. მათ გვერდით სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დააკვალიანებენ და წაახალისებენ მათ წამოწყებებს. რთულია, მაგრამ თუ მოინდომებენ ისინი შეძლებენ თავიაანთი საქმიანობა ბიზნესად აქციონ. „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წაახალისებს ახალგაზრდა მეწარმეებს.

- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვისაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ?

- მათ უბრალოდ საკუთარი შესაძლებლობების უნდა იწრმუნონ. ნუ დაელოდებიან უნივერსიტეტის დამთავრებას, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს, დიპლომის აღებას, სკოლის ასაკშივე შეუძლიათ დაიწყონ საკუთარი საქმის კეთება. დაისახონ მიზანი, გამოიჩინონ მოთმინების უნარი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განახორციელონ მიზნისკენ მიმავალი გეგმები.

ჩემი მოტივაცია ჩემი მაღვიძარა იყო, რომელიც ყოველ დილით არასასურველ დროს მაღვიძებდა, რომ სამსახურში არ დამგვიანებოდა. ვფიქრობდი, როგორ მიმეღწია, რომ თავად ვყოფილიყავი დამსაქმებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი საქმე ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, პირიქით.