მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომავალ წელს შემოვლითი რკინიგზის და რიკოთის უღელტეხილის პროექტები ვერ განხორციელდება"

566ec2d87fb05
BM.GE
14.12.15 17:16
1844
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებულია. რა მოლოდინები უნდა გვქონდეს დოკუმენტის საფუძველზე და საიდან მოიძია ფინანსთა სამინისტრომ თანხები მომავალ წელს პენსიების და მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი’’ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საუბრობს.
 
- თქვენი ოპონენტები, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რისკის შემცველია იმ ტენდენციის გაგრძელება, როდესაც სოციალური ხარჯების დაფარვა ინფრაქტრუქტურული პროექტების ხარჯზე ხდება. ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში თქვენ აღნიშნეთ, რომ პენსიების ზრდის მოთხოვნა ბიუჯეტში არ იყო სწორი, რადგან ქვეყნისთვის მთავარი ამოსავალი ამ წელს ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო. ამ მოკლე პერიოდში რა შეიცვალა?

- ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ეკონომიკური წინსვლა იყოს და ეკონომიკურ წინსვლასთან თანხვედრაში უნდა იყოს სოციალური ხარჯები. მე განვაცხადე, რომ იმ ბიუჯეტში რესურსი არ იყო იმისათვის, რომ სოციალური ხარჯების დამატებითი ზრდა მომხდარიყო, თუმცა საბოლოოდ ბიუჯეტი ჩვენ წარვადგინეთ განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების პირობებში. ვნახეთ, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე, თავდაპირველი წარდგენისას. ამან გამოიწვია, როგორც მიმდინარე წელს დამატებითი შემოსავლები, ასევე მომდევნო წელს. პენსიების ზრდა, სხვა ხარჯებთან ერთად მოხდა არა რომელიმე პროექტის შემცირების, ან ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირების ხარჯზე, არამედ ეკონომიკური ზრდის შედეგად დამატებითი შემოსავლების ხარჯზე.

- გვახსოვს საბიუჯეტო ოფისის რამდენიმე განცხადება, როდესაც ისინი მუდმივად საუბრობდნენ რომ ეკონომიკური და საგადასახადო ზრდის შემოსავლების პროგნოზები პესიმისტურად იყო დაგეგმილი. ეს საბოლოო ჯამში სიმართლე აღმოჩნდა?

-ამ საკითხში ვერ დაგეთანხმებით. გამომდინარე იქიდან, რომ საბიუჯეტო ოფისი მაშინ აქცენტს მოგების გადასახადზე აკეთებდა, ეს მოცულობა დიდად არ შეცვლილა, რაც იყო პირველად წარდგენაში. ჩვენ შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე მივიღეთ, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი უფრო მეტი მოცულობით. აგრეთვე აქციზსთან დაკავშირებით იყო საგადასახადო - საკანონმდებლო ცვლილებები და აქედან მოხდა თანხების მობილიზება. ვფიქრობთ, რომ 2016 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3 პროცენტზე მაღალი იქნება. თუმცა, ბიუჯეტი მაქსიმალურად კონსერვატიულად უნდა დაიგეგმოს და სწორედ ამიტომ ვიყენებთ ასეთ მაჩვენებელს.

- კონკრეტულად რომელი მაკროეკონომიკური პარამეტრები იგულისხმეთ რომელიც გაუმჯობესდა ამ პერიოდში და რა იყო მის ძირითადი მიზეზი?

- ეს არის ეკონომიკური ზრდა. ერთადერთი პარამეტრი, რომელიც ახდენს დამატებით შემოსავლებს. ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის ის, რომ ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტი 2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში გვქონდა დაგეგმილი და უკვე ათი თვის წინასწარი მონაცემებით 2,8 პროცენტია.

- გაუმჯობესების მიზეზი რა იყო?

- ჩვენ თავიდანვე, როდესაც გადაანგარიშება მოვახდინეთ 2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, მაშინვე იყო ბიუჯეტის განხილვისას განცხადება, რომ უკვე 2,5 პროცენტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვანებელი და რისკები რომ არ წარმოაიშვას ამის გამო დაიგეგმა 2 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი.

- ლარის კურის გაუფასურება იყო ერთ-ერთი დამხმარე ფაქტორი ამ პროცესში?

- ლარის კურსი და დოლარის გამყარება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ვერ გააუმჯობესებდა.

- ოპოზიციის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები სამი ძირითადი მიმართულებაა. ეს არის უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა. ამ შემთხვევაში თქვენი და ოპოზიციის პრიორიტეტები ერთმანეთს თუ ემთხვევა?

- ბიუჯეტის პრიორიტეტები ზოგადად დაფუძნებულია იმ სამთავრობო დოკუმენტზე, რომელიც პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული და რომლის მიხედვითაც მთავრობას ნდობა გამოეცხადა. ეს პრიორიტეტები არის ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური განვითარება, სოციალური დანახარჯები, სოფლის მეურნეობა და განათლება. როგორც 2013–2015 წლებში, 2016 წლის ბიუჯეტიც სწორედ ამ პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, თუმცა ეს პრიორიტეტები და მათი შესრულება, რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებასაც მოიაზრებს.

- რადგან სოფლის მეურნეობა ახსენეთ, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა უნდა დასრულებულიყო, დასრულდა და ახლა რაღაც ახალი ფორმით აღდგა. ეს რომ წინასაარჩევნო პერიოდი არ ყოფილიყო, თქვენ მხარს დაუჭერდით ამ პროგრამის გაგრძელებას და დამატებით სუბსიდიებს სოფლის მეურნეობის სექტორში?

- საარჩევნო წელი არ ყოფილა 2015 წელი, თუმცა ეს პროგრამა არსებობდა და ეს პროგრამა არის არა იმიტომ, რომ საარჩევნო პერიოდს მოერგოს, არამედ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულებს დაუჭიროს მხარი. იგი არანაირად არ უკავშირდება არჩევნებს.

იყო მოსაზრება, რომ ამ პროგრამის რესურსი რაც იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაში გადანაწილებულიყო სხვა პროგრამებზე. ჩვენ ბიუჯეტის პირველად ვარიანტში რამდენიმე ახალი პროგრამა გვქონდა წარმოდგენილი და სწორედ ამ მიმართულებით იყო თანხები გადანაწილებული, თუმცა ვინაიდან ბიუჯეტს მიეცა საშუალება დამატებით გამოყოფილიყო სოფლის მეურნეობის კუთხით დაახლოებით 40 მილიონი ლარი, თანხების გადანაწილება მოხდა და მიმდინარე წელს ისევ მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული პროგრამის გაგრძელება.

- შეგვიძლია ვთქვათ, თუ არა, რომ ამ ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი სოციალურად ორიენტირებულობა არის?

- პრიორიტეტი არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა, ან სოციალური დანახარჯები. პრიორიტეტები არის ის ოთხი თემა, რაც ჩამოვთვალე - სოფლის მეურნეობა, განათლება, სოციალური დანახარჯები და ინფრასტრუქტურა. ვცდილობთ, მაქსიმალურად თანაბრად მოხდეს ამ მიმართულებებით თანხების გადანაწილება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ კუთხით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსები გვაქვს, რომელთა ათვისებაც შესაძლებელია. ეს არის სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულებები და შეგვიძლია კონკრეტული პროექტების მიხედვით თანხები ავითვისოთ. 2016 წელს კონკრეტულად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ის თანხა, რომლის ათვისებაც არის წლის მანძილზე შესაძლებელი. უბრალოდ თანხა რომ ჩავდოთ და მერე ათვისების შესაძლებლობა არ იყოს, ეს გაუმართლებელია.

- 2016 წელს ბიუჯეტით ნაკლები ვალი და ნაკლები კრედიტის აღებაა გათვალისწინებული, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც 2015 წელს ვერ განხორციელდა რა ბედი ელით?

- ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია გრძელდება. მათ შორის ის პროექტები, რომელთა ფარგლებშიც თანხების ათვისება ბოლომდე ვერ მოხდა, ის პროექტები, რა თქმა უნდა, გრძელდება და დღეს საშუალება გვაქვს, რომ 2 მილიარზე მეტი მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები დავაფინანსოთ. თუმცა, ამის ერთ წელიწადში განხორციელების რეალური შესაძლებლობა არ არის, ფიზიკურად სამუშაოებს ვერ შეასრულებს საქართველოში მოქმედი კომპანიები, სწორედ ამიტომაც ის თანხაა გათვალისწინებული 2016 წლი ბიუჯეტში, რისი ათვისების შესაძლებლობაც რეალურია.

- თუ ხვდება 2016 წლის ბიუჯეტში ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ინფრასქტრუქტურის მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ დაანონსა. ეს იყო: თბილისის შემოვლითი გზა და რიკოთის უღელტეხილზე ალტერნატიული გზის გაყვანა. 2016 წლის ბიუჯეტი უპასუხებს ამ გამოწვევებს?

- 2016 წელს ეს პროექტები ვერ განხორციელდება, გამომდიონარე იქიდან, რომ ამ პროექტების განხორციელებას ჯერ საკმაოდ ხანგრძლივი ტექნიკური და გეოლოგიური კვლევები სჭირდება და დაახლოებით ყველაზე კარგ შემთხვევაში მინიმუმ 7–8 თვეა ამისთვის საჭირო. მომდევნო წელს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, ხოლო ფიზიკური სამუშაოების მოსწრება 2016 წელს გამორიცხულია.

- მთის განვითარების საბჭო პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. საუბარი შეღავათებზე მიმდინარეობს. დაგეგმილია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხელფასების გაზრდა, ეს რესურსები არსებობს და გათვლილია 2016 წლის ბიუჯეტში?

- რა თქმა უნდა, მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონი მიმდინარე წკლის საგაზაფხულო სესიების დროს იქნა მიღებული, ამიტომ ჩვენ ვიცოდით ამ კანონის ამოქმედება რა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და შესაბამის სამინისტროებში ის თანხები, რაც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს 2016 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

- რა არის ამ თანხების მოცულობა?

- სოციალური შეღავათები და დახმარებები სხვადასხვა მიმართულებებით არის გათვალისწინებული. მათ შორის განათლების, საპენსიო დანამატების მიმართულებებით, ასევე ექიმების, ექთნების, ახალშობილებზე დახმარება და ა.შ. ჯამში 2016 წლის ბიუჯეტში ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.