06.მაისი.2016 14:42
ეკონომიკა

"მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებული კომპანიები რეგულარულად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან"

"მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებული კომპანიები რეგულარულად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოიკვლია კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროში მოქმედ ზოგიერთ საჯარო უწყებასთან დაკავშირებული ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება, კერძოდ:

საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს საქართველოში ჯაზ ფესტივალების მოწყობა წარმოადგენს, რაც მის წლიურ ბიუჯეტში პირდაპირ არის მითითებული. სამინისტროს მტკიცებით ჯაზ ფესტივალზე დანახარჯები გამართლებულია ფესტივალის პერიოდში ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო, თუმცა ტურისტების რაოდენობის ზრდის ანალიზი სამინისტროში არ მიმდინარეობს. „ეს მონაცემი განსაკუთრებით საინტერესოა, იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა (600 000 ლარი) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ხარჯების (1 808 500 ლარი) მესამედს (33%) შეადგენს; თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის გათვალისწინებული სახსრები კი (400 000 ლარი) საერთაშორისო ფესტივალების და ღონისძიებების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსების (1 670 000 ლარი) მეოთხედია (24%)”, - განმარტავენ არასამთავრობოში.

ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ისინი კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან.

საქართველოს კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსავლებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით იღებენ.

„მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2014 წლის ივლისიდან) დღემდე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.

საერთო ჯამში 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

შპს “ინთერნეიშენალ ივენთსსა” და “ისთერნ პრომოუშენსის” თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში პარალელურად არიან დასაქმებული.

კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობით სავარაუდოდ ხდებოდა მათთან დაკავშირებული კომპანიების კონკურენტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შეშლაც.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი არის იმ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი მამის კომპანია “ისთერნ პრომოუშენსის” დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს;

დავით მენაბდე კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორია და ასევე, 2014 წლის 21 აგვისტოდან 2016 წლის 17 თებერვლამდე სამინისტროს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრიც იყო. იგი ფონდსა და კომისიაში საქმიანობის პერიოდში პარალელურად ასევე ფლობდა “ისთერნ პრომოუშენსის” (45%) და “ინთერნეიშენალ ივენთსის” (47.5%) წილებს და გარკვეული დროით ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორის პოსტიც ეკავა. “ისთერნ პრომოუშენსი” რეგულარულად უკონკურსოდ ფინანსდებოდა სამინისტროდან. ამ გადაწყვეტილებას კი კომისია იღებდა, რომლის წევრიც თავად დავით მენაბდეც იყო.

2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ფარგლებში “ისთერნ პრომოუშენსი” (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა”, - ვკითხულობთ კვლევაში.

ასევე, როგორც არასამთავრობოში განმარტავენ, ჯაზ-ფესტივალების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი დაუსაბუთებლად მაღალია. 2014 წელს “შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის” 1 029 164 ლარის ოდენობის ბიუჯეტის დაახლოებით 62,7% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 33,7 % თავად “ისთერნ პრომოუშენსის” მიერ გაწეული ხარჯები იყო, 3,6% კი კერძო დამფინანსებლებიდან (სპონსორები/მხარდამჭერები) მოზიდული. "2015 წელს “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის” მთლიანი ბიუჯეტი 1 634 539 ლარი იყო, რაც პროექტის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 605 375 ლარით (59%-ით) მეტი დაჯდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წელს ამ ხარჯის 36,9 % გაიღო, თუმცა ვინაიდან უწყებამ უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რთულია დაფინანსების სხვა წყაროებისა და მათი პროცენტული წილის განსაზღვრა.

პროექტ “ჰით ბათუმი 2015-ის” ფარგლებში პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 303 990 ლარი შეადგინა. ხოლო უცხოელი მომღერლების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა 909 811 ლარი მიიღო.

შპს “სითი ფესტივალი”, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, დაარსებიდან ერთ თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკონკურსოდ, 365 000 ლარით დააფინანსა.

კვლევის საფუძველზე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემა ღია და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, კონკურსის გზით უნდა ხდებოდეს. უწყებამ მაქსიმალურად უნდა აიცილოს თავიდან თანხების პირდაპირი წესით განკარგვა, კონტრაქტორების შერჩევა კი ტენდერის გზით უნდა მოახდინოს.

სასურველია გადაიხედოს კულტურის სამინისტორში კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. შესაძლებელია კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩნენ. ამავდროულად აუცილებელია შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კომისიის ფარგლებში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევებს.

კულტურის სამინისტროს მიერ პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის მთლიანი ღირებულება, მასში საბიუჯეტო დაფინანსების წილი და პროექტიდან ბენეფიციარის მიერ მიღებული პოტენციური შემოსავალი.

შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები დაინტერესდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებითა და მიზნობრიობით, ასევე საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტებით", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში". 



15.ნოემბერი.2018 13:30
56

10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54% ტურისტია

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:18
44

“სოკარი” კომპანიის CSR სტრატეგიას წარადგენს

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:12
83

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:11
98

საარსებო მინიმუმი გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 11:39
73

2017 წელს, მშპ-ს რეალური ზრდა 4.8% იყო

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:12
372

"ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობას "გორგიას" დამფუძნებელი დაასრულებს - ფოტო

ვრცლად