მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიდერობა საშიში ბიზნესია" - მაიკლ კოულის მასტერკლასი და რჩევები ქართველ ხელმძღვანელებს

5674266d3d17a
ნინო კვინტრაძე
19.12.15 11:11
2108
მაიკლ კოული თბილისში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მასტერკლასები ლიდერობაზე ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიოში ცნობილი ტრენერისგან მოისმინეს. კოული ლიდერობას და სტრატეგიულ დაგეგმარებას ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა, ამჟამად კი მასტერკლასებს კემრიჯის უნივერსიტეტში ატარებს. ის ასევე წლების განმავლობაში Reuters-ის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი იყო. რა პოტენციალი აქვთ ქართველ ახალგაზრდებს და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის სწორი განვითარება და მართვა, - "ბიზნესკონტაქტი" მაიკლ კოულს ესაუბრა.
 
- ხალხის მობილიზებისთვის საჭიროა, რომ ისინი გიყვარდეთ. მათ კარგი კუთხით მობილიზებას დიდი გამოცდილება, მოთმინება და ცოდნა სჭირდება. ლიდერობისთვის პირველ რიგში საჭიროა რომ კონკრეტულ საგანზე ზრუნავდეთ. მომავალი ლიდერი წარუმატებლობის მიმართ ტოლერანტული და მომთმენი უნდა იყოს. ძნელია ხალხის ყურადღება მიიქციო, მაშინ როდესაც პირველად ხდები ლიდერი. ლიდერობა საშიში ბიზნესია, მისი მცდელობის უმეტესობა კი მარცხით მთავრდება, რადგან ხალხის ქცევის პროგნოზირება რთულია. ლიდერობას სწავლა და გამოცდილება სჭირდება. კარგი ლიდერის გარეშე განვითარება არ ხდება. მშობლებს უჭირთ ბავშვების გაზრდა და წარმოიდგინეთ რა ძნელია მასების მობილიზება.
 
- რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ხელმძღვანელები ან პოლიტიკოსები უშვებენ, როგორც ლიდერები?
 
- შეცდომები საკმაოდ ბევრია. მთავარი კი პრობლემის არსის სწორად გაგება და სწორი დიაგნოზის დასმაა. მთავარია გავიგოთ სად არის პრობლემის საფუძველი და მას ფესვებიდან ვებრძოლოთ. ადამიანები უმეტესად პრობლემის წერტილის მონიშვნას ვახერხებთ, ამას კი ჩვენ მარცხის წერტილის მონიშვნას ვეძახით. თუ პრობლემის დიაგნოზი არასწორია, მისი გადაჭრა შეუძლებელია. თუ ექიმი სწორ დიაგნოზს არ დასვამს, ის ვერც სწორ მედიკამენტს მისცემს პაციენტს. შედეგად დაავადება ან უცვლელი დარჩება ან კიდევ მეტად გაუარესდება.

ხშირად ხელმძღვანელები სიმპტომის დონეზე ჩერდებიან. ისინი სწორედ სიმპტომების აღმოფხვრას ცდილობენ, თანაც მოკლევადიან პერიოდში, იმის მაგივრად რომ ფესვები მოძებნონ. ამას დრო და ენერგია მიაქვს, - თუმცა პრობლემა გადაუჭრელი რჩება, რადგან მისი საფუძველი უცვლელი რჩება. ორგანულ პრობლემას ასპირინით ვერ უმკურნალებთ, ეს მხოლოდ რამდენიმე საათით შეგიჩერებთ ტკივილს. ასპირინიც არაა ცუდი, მაგრამ ის პრობლემის ფესვებს ვერ უშველის.

ადამიანმა საკმარისი სიმამაცე უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ პრობლემა სწორად დაინახოს, ისე როგორიც ის რეალურად არის. ხშირად პრობლემა თავად ჩვენ ვართ, სწორედ ამიტომ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა დავინახოთ, რომ ის ჩვენშია და ჩვენი თავის გამოსწორება უნდა შევძლოთ.

- მაგრამ ხშირად პოლიტიკოსებს საკმარისი დრო არ აქვთ და არჩევენ რომ საკითხი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში გამოასწორონ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხომ არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება...

- ეს ნამდვილად ასეა, დრო ცოტაა და შესაბამისად მოქმედება სწრაფად უნდა მოხდეს. პოლიტიკოსებს შედეგი უნდათ ხვალ, ან დღეს, ან თუნდაც გუშინ! მარტივი არ არის, მაგრამ პრობლემის მოგვარებისთვის დრო უნდა გამოინახოს.