მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღევანდელი დღე არის აბრეშუმის გზის რეალიზაციისა და გამოყენების პრაქტიკული დადასტურება"

566d39e4d29d1
BM.GE
13.12.15 13:23
1256
"დღევანდელი დღე არის აბრეშუმის გზის რეალიზაციისა და გამოყენების პრაქტიკული დადასტურება", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს, ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის მთავრობებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
"მოგეხსენებათ, რომ ეს ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ახლა არის თბილისში და ჩავა თურქეთში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტვირთის მფლობელები არიან ძალიან მსხვილი კომპანიები, ისეთები, როგორიც არის „ვესტელი,“ ასევე „სამსუნგი“ და რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კორიდორს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ ამ პოტენციალის გამოყენება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სტამბოლში 14-15 დღეში ჩავა. როგორც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის შესანიშნავი შედეგი იმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე ესაჭიროება.

ჩინეთიდან საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული დერეფნის გამოყენებით, რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდება.