მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქიზიყი" - საპონი კახეთიდან, რომელიც დუბაიში გაიყიდება

5c94f7f436fbb
ლიკა გურაბანიძე
23.03.19 11:00
12231
ზეთისხილის მწარმოებელმა კომპანია „ჯეოლაივმა“ საპონი გამოუშვა, პროდუქცია აპრილის ბოლოს დუბაიში ექსპორტზე გაიყიდება.

ქართული ზეთისხილის და ზეთისხილის ზეთის მწარმოებელმა კომპანია „ჯეოლაივმა“ საკვებ პროდუქციასთან ერთად პირადი ჰიგიენის პროდუქციის გამოშვებაც დაიწყო.

როგორც bm.ge-ს „ჯეოლაივის“ დამფუძნებელმა გორგი სვანიძემ განუცხადა, მან მომხმარებელს ზეთისხილისგან, ლავანდისგან და ციტრუსისგან დამზადებული საპონი „ქიზიყი“ შესთავაზა.

საპნის ყიდვა ამჟამად „აგროჰაბში“, „გუდვილში“ და „ნიკორაში“ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე პროდუქციის ღირებულება 1.20-დან 3-ლარამდე მერყეობს.

გიორგი სვანიძის თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე ჯამში 25 ათასი ცალი საპონი გამოვიდა, ხოლო სამ წელში მილიონამდე საპნის წარმოება იგეგმება.

ახალი პროდუქციის გამოშვებაში კომპანიამ ნახევარ მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

ამასთან, სვანიძის თქმით, საპონი ექსპორტზე დუბაის “კარფუში” აპრილის ბოლოს შევა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ზეთისხილის საწარმო „ჯეოლაივმა“ კარფურის ცენტრალური ოფისისგან ლოგოს გამოყენების უფლება 2018 წლის ბოლოს მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც “კარფურის” მაღაზიათა ქსელია წარმოდგენილი, ქართული ზეთისხილი და ზეთისხილის ზეთი შეიტანოს.

ქართული ზეთისხილის ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. პროდუქციის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან - 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7 ლარიდან - 9 ლარამდეა.

კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე აქვს გაშენებული. „ჯეოლაივი“ რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული. ძირითადი პლანტაციები და ქარხანა კახეთშია განთავსებული. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია. ამჟამად ქართული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილი “კარფურში”, “გუდვილში”, “ნიკორაში” და “აგროჰაბში” შედის.