მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთა გაბუნია: "კლუბების დარეგულირება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება"

5b017c7746d0b
თელარა გელანტია
20.05.18 20:00
1036
კლუბის "მტკვარზე" ერთ-ერთი დამფუძნებლის ქეთა გაბუნიას შეფასებით, კლუბების გახსნისთვის ნებართვების საჭიროება ამ ბიზნესს დააზიანებს.

ასე შეაფასა გაბუნიამ BM.ge-თან საუბარში შს მინისტრ გიორგი გახარიას ის განცხადება, რომლის თანახმად, კლუბებში ნარკოტიკის რეალიზაციის პრევენციის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება გახდეს საჭირო.

„ვთვლით, რომ შესაძლოა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები დაგვჭირდეს; ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ღამის კლუბები სანებართვო საქმიანობაა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის ზომებია, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა გარკვეული სახის ღონისძიებები ალბათ გასატარებელი იქნება. ახლა ვსწავლობთ საუკეთესო პრაქტიკას, რა ხდება ევროპაში და გარკვეული წინადადებებით შემოვალთ“, - განაცხადა გახარიამ.

ქეთა გაბუნიას აზრით, თუ მინისტრი კლუბების ლიცენზირებას გულისხმობს, ეს შსს-ს პრეროგატივა არაა.

„თუმცა ზუსტად ლიცენზირებამ გაანადგურა ევროპის ბევრ ქალაქში, ღამის ცხოვრება და ახლა ცდილობენ, ეს მიდგომა შეცვალონ. 2 წლის წინ, ლონდონის კლუბ fabric-ში შევიდა ასე პოლიცია - უხარისხო ნარკოტიკი გავრცელდა და 2 ადამიანი დაიღუპა. დიდი სკანდალი მოჰყვა ამ ამბავს და ლონდონის მერმა ღამის მერი დანიშნა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონოდა და დაზიანებული ღამის ცხოვრება რეაბილიტირებულიყო. თუმცა, ოპერაცია საკმაოდ დელიკატურად ჩატარდა“, - განაცხადა ქეთა გაბუნიამ და დასძინა, რომ რეგულაციების შემოღება ამ ბიზნესს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

„ქვეყანაში, სადაც სამშენებლო სამუშაოებზე იღუპება ამდენი ადამიანი და რეგულაციები არ შემოაქვთ, კლუბების დარეგულირება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“, - აღნიშნა ქეთა გაბუნიამ.