მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა სტუდენტებმა აპლიკაცია "ძიალოგი" შექმნეს

5c33b9aad5dc7
სალომე ჭიპაშვილი
08.01.19 13:45
4556
ქართველმა სტუდენტებმა ახალი აპლიკაცია „ძიალოგი“ შექმნეს.

როგორც BM.Ge-სთან საუბარში აპლიკაცია „ძიალოგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განაცხადა, სახელი „ძიალოგი“ აპლიკაციას სიმბოლურად შეურჩიეს.

„აპლიკაცია განსაზღვრავს მომხმარებლის კოორდინატებს ქართული პოლიტიკის საკოორდინატო სიბრტყეზე; აპოვნინებს მას მსგავსი გემოვნების, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე სხვა ადამიანებს და მისცემს საშუალებას, განიხილოს პუნქტები, სადაც მათი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს. საწყის ეტაპზე ჯერ აპლიკაციაში შედიხართ, პასუხობთ კითხვებს და თქვენი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, აპლიკაციის „კომპასით“ განისაზღვრება საით ხართ მიმართული; შემდეგ ქმნით თქვენს პროფილს და თქვენზე ზოგადი ინფორმაცია შეგყავთ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ მომხმარებელი უკავშირდება იგივე გემოვნების მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით“, - აცხადებს BM.Ge-თან ზუკა მაისაშვილი.

მისივე თქმით, აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ აზრები და შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე ან „სულაც იდებატონ“.

აპლიკაცია „ძიალოგის“ პროექტი, დაახლოებით, ერთი თვის წინ Democracy Reporting International Georgia-ის ორგანიზებულ CommunicaThin 2018-ის შეჯიბრისთვის შეიქმნა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ზუკა მაისაშვილის თქმით, მასთან ერთად აპლიკაციაზე კიდევ ხუთმა სტუდენტმა (ანა გურგენიძე, მარიამ ცერცვაძე, გიორგი ლოლაძე, ტატო კოკაია, ლუკა კილაბერიძე) იმუშავა და ისინი ერთად გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც ამ პროექტის კიდევ უფრო დახვეწა მოხდება.

„2019 წლის ზაფხულისთვის აპლიკაცია უკვე აქტიურ რეჟიმში ამოქმედდება“, - ამბობს მაისაშვილი.