მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ზეითუნის ზეთი სექტემბრიდან ექსპორტზე გავა

5b4d8ff8808bd
მაია ბიწაძე
17.07.18 10:40
5906
"ქართული ზეითუნის ზეთი“ სექტემბრიდან ბელარუსში გაიყიდება, - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებებს სუპერმარკეტების უმსხვილეს ჰოლანდიურ ქსელთან ,,ჯუმბოსთანაც“, აწარმოებენ, რომელსაც ასევე სურს ქართული პროდუქციის გაყიდვა.

"ამ კომპანიას ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ჩვენი ზეთი ქსელში შეიტანოს. მათ გვითხრეს, რომ მზად არიან, რასაც ვაწარმოებთ მთლიანად შეისყიდონ, იმდენად მოეწონათ ზეთის ხარისხი, როდესაც შეამოწმეს, მაგრამ ჩვენ მათ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, რადგან უკვე გვაქვს ხელშეკრულებები ქართული სუპერმარკეტების ქსელებთან, როგორიცაა ,,კარფური“, ,,გუდვილი“, "აგროჰაბი“, "ნიკორა". ასეთი მაღალი ხარისხის ზეთი ევროპაში, ლიტრი 20-25 ევრო ღირს, ჩვენ კი მას საქართველოში 6 ევროდ ვყიდით“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

როგორც სვანიძე ამბობს, ,,ქართული ზეთისხილი“ პირველია, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. კომპანია ამჟამად 400 ჰექტარ ზეთისხილის პლანტაციას ფლობს, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გააშენა, კერძოდ: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ტარიბანაში, ბაღდათში და მარნეულში. მოგვიანებით კი ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც ააშენა, რომელიც პროდუქციას 2017 წლიდან უშვებს. საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს - პრემიუმკლასს და გოლდენს. კომპანიამ ქართული ზეითუნის ზეთის წარმოებაში 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

" გასულ წელს 20 ტონა ზეითუნის ზეთი დავამზადეთ, რისთვისაც 40 ტონა ზეთისხილი გადავამუშავეთ. მომავალ წელს 80 ტონის დამზადებას ვგეგმავთ, შემდეგ წელს უკვე 200 ტონა გვექნება, რადგან ჩვენი ზეთისხილის პლანტაციები ყოველწლიურად იზრდება და მეტ მოსავალს გვაძლევს. 2020 წლისთვის უკვე 500 ტონა პროდუქციის გამოშვებას შევძლებთ. ზეთს მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით ვამზადებთ, საწარმო იტალიური და თურქული დანადგარებით არის აღჭურვილი. ჩვენ შევძელით და საქართველო მსოფლიო რუკაზე წარმოვაჩინეთ, როგორც ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქვეყანა“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

როგორც გიორგი სვანიძე ამბობს, მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოს სხვა ზეითუნის ზეთის დამამზადებელი საწარმო არ დასჭირდება, რადგან უკვე არსებულს წელიწადში მილიონი ტონა ზეთისხილის გადამუშავება შეუძლია. კომპანია სეზონზე 500 ადამიანს ასაქმებს.